- რა ხდება "ბაიერნში"? რატომ გამოიყურება ჩემპიონი ასე არადამაჯერებლად ზამთრის პაუზის შემდეგ?
- ერთი ცუდი თამაში წელიწადში ნებისმიერმა გუნდმა შეიძლება ითამაშოს, მადრიდის "რეალმაც" და "ჩელსიმაც". "შალკესთან" ფრედ დასრულებულ მატჩში ბავარიელები 70 წუთის განმავლობაში ათი კაცით თამაშობდნენ, მაგრამ მაინც დომინირებდნენ მოედანზე. ერთადერთი ჩავარდნა იყო "ვოლფსბურგთან" - 1:4. მაგრამ "შალკესთან" შეხვედრაში "ბაიერნმა" უკვე აჩვენა ის დონე, რაც პირველ წრეში ჰქონდა.
- ერთ-ერთ ინტერვიუში თქვენ
- ერთი ყაიდის მოთამაშეები არიან: ერთი პოზიცია აქვთ, ერთნაირი მარშრუტები მოედანზე. ისინი ბურთს ითხოვენ მცველებისგან და ამისთვის უკან იხევენ. ვფიქრობ, აქ არ არის საჭირო ორი ფეხბურთელი... მიმაჩნია, რომ ჩემპიონთა ლიგის პრინციპულ შეხვედრებში პეპ გვარდიოლა ამ ორიდან ერთ-ერთს სასტარტო შემადგენლობაში არ დააყენებს.
- თვალშისაცემია, რომ ტრავმირებული ფილიპ ლამის გარეშე "ბაიერნს" უჭირს...
- დიახ, ლამს, ტიაგო ალკანტარასა და ხავი მარტინესს შეუძლიათ შვაინშტაიგერის ან ჩაბი ალონსოს გვერდით მოქმედება. ისინი მნიშვნელოვანი მოთამაშეები არიან და დარწმუნებული ვარ, როცა დაბრუნდებიან, გვარდიოლა შეცვლის თავის შემადგენლობას.
- რა შეუძლია დღევანდელ "ბაიერნს" ჩემპიონთა ლიგაზე?
- ფინალში გასვლა. ხოლო თუ იქ გახვალ, ტიტულიც აღებაც შესაძლებელია. "ბაიერნი" და მადრიდის "რეალი", ჩემი აზრით, მთავარი პრეტენდენტები არიან ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვებაზე. შესაძლოა, კიდევ "ჩელსი", "ბარსელონა", პსჟ...
- მაგრამ "ბაიერნს" დღევანდელი მდგომარეობით გაუჭირდება დონეცკის "შახტარის" წინააღმდეგ. ეთანხმებით ასეთ პროგნოზს?
- უკვე გითხარით: მხოლოდ ერთ მატჩში - "ვოლფსბურგთან" - "ბაიერნი" ცუდად გამოიყურებოდა. "შალკესთან" უკვე ყველაფერი გაცილებით უკეთ იყო. არ მინდა ქედმაღლობაში ჩამომართვათ, მაგრამ "ბაიერნი" "შახტართან" შედარებით სხვა დონის გუნდია.
- რა სჭირს დორტმუნდის "ბორუსიას"?
- მიმაჩნია, რომ პირველ წრეში ამ გუნდთან დაკავშირებით სიტუაცია სწორად არ შეაფასეს. მუდმივად გაისმოდა: შემდეგ თამაშში ყველაფერი წესრიგში იქნება, შემდეგ ისევ მომდევნო თამაშს ახსენებდნენ და ასე გაგრძელდა ბოლომდე.
"ბორუსიას" დღევანდელმა ფეხბურთელებმა არ იციან - რა არის ბუნდესლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის ბრძოლა, რადგან ბოლო წლებში ჩემპიონობისთვის იბრძოდნენ. გარდა ამისა, წარმატებით გამოდიოდნენ ჩემპიონთა ლიგაზე. დღეს, ბუნებრივია, სხვა ფეხბურთელები თამაშობენ. და საერთოდ, ძალიან რთულია თამაშის სისტემის გადაწყობა.
- წავა მარკო როისი "ბორუსიადან"?
- ჩემთვის უცნობია მისი კონტრაქტის დეტალები, მაგრამ თავდაპირველად, ნებისმიერ შემთხვევაში, მან საკუთარი თამაში უნდა იპოვოს. პრინციპში, ისეთი მაღალი დონის ფეხბურთელი, როგორიც როისია, ბევრი დიდი გუნდისთვის არის საინტერესო.
- შეიძლება მოხდეს კატასტროფა და "ბორუსია" გავარდეს მეორე ბუნდესლიგაში?
- რა თქმა უნდა, ფეხბურთის ისტორიას ამაზე დიდი სენსაციებიც უნახავს. მაგრამ მაინც მიმაჩნია, რომ "დორტმუნდის" დონე ძალიან მაღალია და გუნდი შეინარჩუნებს ადგილს ბუნდესლიგაში. სხვა კლუბებთან შედარებით, რომლებიც "ბორუსიას" მეზობლად არიან, ამ გუნდს გაცილებით მაღალი კლასის ფეხბურთელები ჰყავს. დარწმუნებული ვარ, გუნდი შეინარჩუნებს ადგილს უმაღლეს დივიზიონში, მაგრამ ამისთვის რაღაც შესაცვლელია თამაშში. ვუსურვებ "ბორუსიას" ამ ამოცანის გადაწყვეტას, რადგან ეს კლუბი სჭირდება ბუნდესლიგას.
- უნდა წავიდეს თუ არა იურგენ კლოპი?
- ეს უნდა გადაწყვიტოს კლუბის ხელმძღვანელობამ და არა ჟურნალისტებმა ან გულშემატკივრებმა. კლოპმა უდიდესი სამუშაო შეასრულა და სანამ ხელმძღვანელობას მიაჩნია, რომ ამ სპეციალისტს გუნდთან ერთად წარმატების მიღწევა შეუძლია, ის სწორი მწვრთნელია "ბორუსიასთვის".
- აქვს თუ არა "დორტმუნდს" ჩემპიონთა ლიგაზე "იუვენტუსის" გავლის შანსი?
- აქამდე ამ ტურნირზე "ბორუსია" ძალიან დამაჯერებლად გამოიყურებოდა და დამსახურებულად გავიდა ჯგუფიდან. ბუნებრივია, მას აქვს "იუვენტუსის" დამარცხების შანსი. მაგრამ თუ ორივე გუნდის დღევანდელ ფორმას შევამოწმებთ, ფავორიტი - ტურინული კლუბია.
- დღეს გერმანიის ჩემპიონატში მეორე გუნდი - "ვოლფსბურგია". მომწიფდა ეს კლუბი საერთაშორისო არენაზე დიდი წარმატებებისთვის?
- თუ გუნდში ვხედავთ ისეთი მაღალი დონის მოთამაშეებს, როგორებიც არიან ნალდო, ლუიშ გუსტავო, შიურლე და დე ბრუინი, შეიძლება თამამად ვთქვათ: "ვოლფსბურგი" მზად არის ჩემპიონთა ლიგისთვის და შეუძლია იქ კარგად წარმოაჩინოს თავი.
- ანდრე შიურლეში "ვოლფსბურგმა" 32 მილიონი ევრო გადაიხადა. ეს ფეხბურთელი ღირს ამხელა თანხა? შეუძლია მას რეალურად გააძლიეროს გუნდი?
- ის მსოფლიოს ჩემპიონია. ბევრი დიდი მატჩი ჩაატარა - ეროვნულ ჩემპიონატებსა თუ საერთაშორისო არენაზე. 32 მილიონი აღიქმება, როგორც დიდი თანხა, მაგრამ მე ვხედავ, რა თანხები იხარჯება სხვა ჩემპიონატებში საშუალო დონის ფეხბურთელებზე და იმ აზრამდე მივდივარ, რომ შიურლეს სატრანსფერო თანხა დიდი სულაც არ არის.
- სამწუხაროდ, გარდაიცვალა უდო ლატეკი. მისი ხელმძღვანელობით თქვენ "ბაიერნში" თამაშობდით...
- ფეხბურთმა არა მხოლოდ ლეგენდარული მწვრთნელი, არამედ შესანიშნავი ადამიანი დაკარგა. მთელი საფეხბურთო გერმანია გლოვობს...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"