ხუთი რამ, რამაც შეიძლება ბორუსია გააჩეროს

AutoSharing Option

დორტმუნდის „ბორუსიას“ ქომაგებს არ ახსოვთ, როდის იყო მათი საყვარელი კლუბი ბუნდესლიგის პირველ წრეში ისეთი ეფექტური და შედეგიანი, როგორიც მიმდინარე სეზონის პირველ ნახევარში. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ იურგენ კლოპის გუნდმა 17 ტური იდეალურად ჩაატარა. BVB-მ უახლოეს მდევრებს, „მაინცსა“ და „ლევერკუზენს“ 10 ქულით გაასწრო, მოქმედ ჩემპიონ „ბაიერნს“ კი სულაც 14 ქულით აჯობა. საკმარისია, დორტმუნდელებმა მეორე წრეც ასეთივე აღმაფრენით ჩაატარონ, რომ „ბორუსიას“ გაჩემპიონებას ხელს ვერავინ და ვერაფერი შეუშლის. თუმცა არსებობს რამდენიმე საფრთხე, რამაც შეიძლება „დორტმუნდის“ სენსაციური მარში „ვერცხლის სინისკენ“ შეაჩეროს.

რისკფაქტორი საკმაოდ

მაღალია და მოდით, ხუთივე პუნქტი ერთად განვიხილოთ.

 

 

პირველი საფრთხე: თვითკმაყოფილება

მიუხედავად იმისა, რომ სეზონის პირველ ნახევარში დორტმუნდელებს მოგებების სენსაციური სერია ჰქონდათ და ბუნდესლიგის პირველი წრეების ისტორიაში აბსოლუტურ რეკორდთანაც ძალიან ახლოს იყვნენ, კლოპის შეგირდებს თვითკმაყოფილება ერთხელაც არ დასტყობიათ. გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ნური შაჰინი კი ამბობს, წარმატებები თავში არც მეორე წრეში აგვივარდებაო, მაგრამ თურქი ნახევარმცველის დაპირება ჯერ მხოლოდ დაპირებაა და მეტი არაფერი.

 

თანაც, შაჰინს მხოლოდ თავის თავზე შეუძლია საუბარი და თავს ვერ დადებს, რომ სხვა ფეხბურთელებიც ძველებური შემართებით ითამაშებენ.


„ბორუსიას“ ხელმძღვანელები ახლაც გაიძახიან, გერმანიის ჩემპიონობაზე საუბარი ჯერ ნაადრევიაო. მენეჯერმა ჰანს-იოახიმ ვატცკემ ამას წინათაც თქვა, „ვერცხლის სინზე“ ლაპარაკის მორალური უფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში გვექნება, თუ სეზონის დამთავრებამდე ოთხი ტურით ადრე პირველ ადგილზე ვიქნებით და მეორეადგილოსანთან მინიმუმ შვიდქულიანი უპირატესობა გვექნებაო. ვატცკეს თქმით, „ბორუსია“ წარმატებებს მას მერე აღწევს, რაც კონკრეტულ მიზნებს აღარ ისახავს.

 

მაგრამ დააკვირდით, უკვე გამოჩნდა პირველი ფეხბურთელი, ვინც აბსოლუტურად საპირისპირო რამ თქვა და ასე ვთქვათ, ვატცკეს დასცინა. ეს მოთამაშე, არც მეტი, არც ნაკლები, გუნდის კაპიტანი სებასტიან კელია, რომელმაც „ველტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა: „ყველაფერი კარგად მესმის და ვხვდები, რომ ფრთხილად უნდა ვიყოთ, მაგრამ ჩვენი მხირდან ძალიან კომიკური იქნება მუდმივად იმის განმეორება, რომ თავს ჩემპიონობის კანდიდატად არ მივიჩნევთ და „ვერცხლის სინისთვის“ არ ვიბრძვით.“


დორტმუნდელთა მხრიდან მართლაც სასაცილო იქნება იმის მტკიცება, რომ ჩემპიონობაზე პრეტენზია არ აქვთ, მაგრამ ფეხბურთელებს „თავში ავარდნის“ ჯერჯერობით არაფერი ეტყობათ - როგორც ჩანს, კლოპი კარგი ფსიქოლოგია. 14 იანვრიდან ჩვენთვის ყველაფერი ისევ ნულიდან იწყებაო, ამბობს „ბორუსიას“ ეგვიპტელი თავდამსხმელი მოჰამედ ზიდანი.

 


მეორე საფრთხე: რთული პროგრამა პირველ ტურებში

ლოგიკურად, მეორე წრის პირველ 4-5 ტურში უნდა გაირკვეს, საით მიდის „დორტმუნდის“ გზა და რამდენად მომზადებულია კლოპის გუნდი სეზონის მეორე ნახევრისთვის. „ბორუსიას“ პირველი თამაში უშუალო კონკურენტ „ლევერკუზენთან“ ელის, თანაც, სტუმრად. „ფარმაცევტებთან“ სტუმრობის შემდეგ, „შავ-ყვითლები“ „შტუტგარტს“ უმასპინძლებენ, მერე კი „ვოლფსბურგში“ ჩავლენ. მართალია, პირველ წრეში შვაბებმაც და „მგლებმაც“ ძალიან ცუდად იასპარეზეს, მაგრამ ამბიციები არც ერთს არ აკლია. 21-ე ტურში კი, „ბორუსიას“ „შალკესთან“ რურის დიდ დერბიში სამკვდრო-სასიცოცხლო ომი ელის. საინტერესოა, როგორ ჩაატარებს შემოდგომის ჩემპიონი ზედიზედ ოთხ ურთულეს შეხვედრას და როგორ აისახება ეს მატჩები „ბორუსიას“ ფეხბურთელების ფიზიკურ კონდიციებზე. ამ შემთხვევაში კლოპის გუნდისთვის პოზიტიურია ის, რომ BVB ევროპის ლიგიდან გავარდა და შეუძლია, მთელი კონცენტრაცია ბუნდესლიგას დაუთმოს.

 


მესამე საფრთხე: მოწინააღმდეგეების მონდომება

პირველი წრის დასრულების შემდეგ, გერმანიაში ყველა კლუბის ფეხბურთელი, მწვრთნელი თუ შეფი „დორტმუნდს“ ემუქრება. სხვა კლუბების კაპიტნებიდან „ბორუსიას“ ყველაზე მეტად „ბაიერნის“ გუნდის თავი მარკ ვან ბომელი ემუქრება.

 

რეკორდმაისტერის ჰოლანდიელმა კაპიტანმა თქვა, შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ „დორტმუნდს“ არა 14, არამედ უკვე 11 ქულით ჩამოვრჩებითო - ვან ბომელი უკვე დარწმუნებულია იმაში, რომ „ბაიერნი“ მეორე წრეში „ბორუსიას“ აუცილებლად მოუგებს.


ფაქტი ერთია: სეზონის პირველი ნახევრის შესანიშნავად ჩატარების შემდეგ, მიზანში ყველას კლოპის გუნდი ჰყავს ამოღებული და უკვე ცხადია, რომ BVB-ს წინააღმდეგ ნებისმიერი გუნდი უდიდესი მონდომებით ითამაშებს. თუმცა, როგორც ზემოთაც ვთქვით, კლოპი კარგი ფსიქოლოგია და ამბობს, ჩვენ ოდნავადაც არ გვაინტერესებს, რამდენი ქულით ვართ წინ და მხოლოდ კონკრეტულ მატჩებზე ვფიქრობთ ხოლმეო.


„თითქმის დარწმუნებული ვარ იმაში, რომ დორტმუნდელები მოპოვებულ უპირატესობას ხელიდან არ გაუშვებენ. ამ გუნდში ყველამ იცის თავისი საქმე და მჯერა, რომ „ბორუსია“ გერმანიის ჩემპიონი გახდება,“ - ეს BVB-ს ყოფილი მწვრთნელის, თომას დოლის სიტყვებია.

 


მეოთხე საფრთხე: ფეხბურთელებს მთხოვნელების რიგი დაუდგათ

„ბორუსია“ უდიდესი ისტორიის მქონე გუნდია, მაგრამ აგერ უკვე 8 წელია, სერიოზული წარმატებისთვის აღარ მიუღწევია, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ევროპის ნებისმიერი ტოპ-კლუბისთვის „დორტმუნდის“ ნებისმიერი ფეხბურთელის ტრანსფერზე დათანხმება საკმაოდ იოლია. „ბორუსიას“ კი მართლაც ბევრი უნიჭიერესი მოთამაშე ჰყავს. გრანდებმა არა მარტო ფეხბურთელებს, არამედ მწვრთნელსაც დაადგეს თვალი, მაგრამ იურგენის წასვლა თითქმის გამორიცხულია, რადგან მან ცოტა ხნის წინ ახალი კონტრაქტი გააფორმა, რომელსაც ვადა 2014 წლამდე აქვს.


მენეჯერი ვატცკე ძალიან თავდაჯერებულია და კატეგორიულად ამბობს, არც ერთ წამყვან ფეხბურთელს არ დავთმობთო.

 

ჯერჯერობით ფეხბურთელებიც მშვიდად არიან, რადგან „ბორუსიაში“ ამ ეტაპზე ყველაფერი ხიბლავთ, მაგრამ ერთი მაგალითის მოყვანაც საკმარისია, რომ მივხდეთ, საფრთხე რეალურია: გავრცელა ინფორმაცია, რომ შინჯი კავათი „რეალის“ მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო დაინტერესდა. როგორ ფიქრობთ, მადრიდელებმა ახალგაზრდა იაპონელი გამთამაშებლის ყიდვა სერიოზულად რომ მოინდომონ, კაგავას დათანხმება გაუჭირდებათ? თანაც, ასეთი სპეკულაციები „ბორუსიას“ ფეხბურთელებს წნეხის ქვეშ აქცევს და ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, რამდენი უნიჭიერესი ფეხბურთელი თამაშობს BVB-ში კაგავას გარდა? ლუკას ბარიოსი, მარიო გიოტცე, ნური შაჰინი, სვენ ბენდერი, მარსელ შმელცერი, მატს ჰუმელსი - ისინი ხომ ნებისმიერ სუპერ-გრანდს დაამშვენებდნენ?

 


მეხუთე საფრთხე: ტრავმები და აზიის თასი

კლოპი საფეხბურთო ღმერთს დიდ მადლობას უნდა სწირავდეს იმის გამო, რომ პირველ წრეში არც ერთი წამყვანი ფეხბურთელი არ დაუშავდა – თუ არ ჩავთვლით პატრიკ ოვომოიელასა და სებასტიან კელის ტრავმებს (პირველი ლუკაშ პიჟჩეკმა შეცვალა იდეალურად, მეორე კი - სვენ ბენდერმა). კლოპი იმედოვნებს, რომ „ბორუსიასთვის“ მეორე წრეც უტრავმოდ ჩაივლის.


ტრავმა არ მიუღია, მაგრამ მეორე წრის საწყის ტურებში გუნდს აუცილებლად დააკლდება კაგავა, რომელიც გუნდის ერთ-ერთი უმთავრესი მამოძრავებელი ძალაა და რომელმაც იაპონიის ნაკრებთან ერთად აზიის თასზე უნდა ითამაშოს.

 

კაგავა კლოპის განკარგულებაში სავარაუდოდ „შალკესთან“ მატჩამდე ვერ დაბრუნდება. ასე რომ, დორტმუნდელები 4 თებერვლამდე ერთ-ერთი ყველაზე კრეატიული ფეხბურთელის (8 გოლი, 1 პასი) გარეშე უნდა გავიდნენ ფონს.

 

 

.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული