მიხაელ ბალაკი ნებდება?

AutoSharing Option

2010 მიხაელ ბალაკის კარიერაში ყველაზე საშინელი წელი იყო. გერმანიის ნაკრების კაპიტანმა ორი ურთულესი ტრავმა გადაიტანა და ფეხბურთი ფაქტობრივად მთელი წლის განმავლობაში არ უთამაშია. რაც ყველაზე მთავარია, მან ვერც მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზა და კინაღამ ბუნდესგუნდის კაპიტნის სამკლავურიც დაკარგა. გასული წლის მიწურულს მიხაელი მუდმივად იმეორებდა, აუცილებლად დავბრუნდები და კაპიტნობასაც არავის დავუთმობო - როგორც იცით, მას ამ „თანამდებობაში“ „ბაიერნის“ მარცხენა მცველი ფილიპ ლამი ეცილება, რომელმაც სამხრეთ აფრიკაში ბუნდესგუნდს სწორედ იმიტომ უკაპიტნა, რომ მიხაელი დაშავებული იყო.

დაიწყო 2011 წელი და მიხაელი ჯერაც არ არის

სრულად გამოჯანმრთელებული. მართალია, მსუბუქად ვარჯიშს შეუდგა, მაგრამ ექიმები „მწვანეს ჯერ არ უნთებენ“ და დიდი შანსია, რომ პარასკევს, ბუნდესლიგის მეორე წრის გახსნით მატჩში (დორტმუნდის „ბორუსიასთან“) ვერ ითამაშოს. ამასობაში, ბალაკმა ჩვენი გერმანელი კოლეგებისთვის მიცემულ უახლეს ინტერვიუში აღიარა, რომ გერმანიის ნაკრებში დაბრუნებასთან დაკავშირებით აღარ არის ისე ოპტიმისტურად განწყობილი, როგორც გასული წლის მიწურულს იყო. მიხაელი ამბობს, განვითარებულ მოვლენებს რეალურად ვაფასებ და ვხვდები, რომ შესაძლოა, ვეღარასდროს ვიყო ისეთ ფორმაში, რომ გერმანიის ნაკრების ძირითად შემადგენლობაში თამაში დავიმსახუროო.

„ჯერ „ლევერკუზენშიც“ არ მითამაშია და ბუნდესგუნდში დაბრუნებაზე ოცნებაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. თუკი ფორმას მალე აღვიდგენ, მერე საკუთარ თავს და შესაძლებლობებს კარგად უნდა დავაკვირდე. ვნახოთ, რამდენად შევძლებ იმდენად კარგ ფორმაში ყოფნას, რომ გერმანიის ნაკრებში თამაში დავიმსახურო. მოტივაცია უდიდესია, ბუნდესგუნდში დაბრუნება ძალიან მინდა, მაგრამ ჯერ უმაღლეს დონეზე უნდა ვითამაშო და მხოლოდ ამის შემდეგ მექნება იმის უფლება, რომ ბუნდესგუნდში დავბრუნდე,“ - აცხადებს 34 წლის ბალაკი „ველტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ბალაკისთვის ჯერჯერობით ევროპის 2012 წლის ჩემპიონატიც უტოპიაა. „ევროპის ჩემპიონატზე ფიქრის უფლება ჯერ არ მაქვს. პირდაპირ გეტყვით, არ ვიცი, რა იქნება 2012-ში. მოკლედ, ჯერ ფეხბურთის თამაში უნდა განვაახლო და „ლევერკუზენში“ სრულყოფილად დავბრუნდე. თუ ამას შევძლებ, მერე გერმანიის ნაკრებზე და ევროპის ჩემპიონატზეც ვიფიქრებ,“ - ამბობს მიხაელი, რომელსაც გერმანიის ნაკრებში 98 მატჩი აქვს ჩატარებული.

„ველტთან“ ინტერვიუში ბალაკმა ისიც თქვა, რომ რამდენიმე დღის წინ ფილიპ ლამთან ძალიან გულახდილი საუბარი ჰქონდა, მაგრამ დეტალებზე სახალხოდ ლაპარაკს არ აპირებს - რაც ფილიპმა და მე ერთმანეთს ვუთხარით, ეს მხოლოდ ჩვენი საქმეაო...

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული