მეორე წრის პირველი ტურის ცენტრალური მატჩი გუშინ, ლევერკუზენში გაიმართა - „ბაიერმა“ „შემოდგომის ჩემპიონ“ „დორტმუნდს“ უმასპინძლა. თუმცა დღეს და ხვალაც საკმაოდ საინტერესო შეხვედრები გაიმართება, რომელთაგან რამდენიმე აშკარად გამორჩეული პაექრობაა. მაგალითად, დღეს „მანჩესტერ სიტიში“ გადასული ედინ ჯეკოს გარეშე დარჩენილი „ვოლფსბურგი“ მიუნხენის „ბაიერნს“ უმასპინძლებს.
კრაფტის „ნათლობა“ მგლებთან
მიუნხენელები მეორე წრის დაწყებას მოუთმენლად ელოდებოდნენ. „ბაიერნის“ მიზანი „დორტმუნდის“ წნეხის ქვეშ მოქცევაა და მიუხედავად იმისა, რომ რეკორდმაისტერს „ბორუსიამდე“ 14 ქულა აკლია, ბავარიელებს შემართება არ აკლიათ. ლუის ვან გაალის გუნდმა მიზნის მისაღწევად პირველი ნაბიჯი „ვოლფსბურგის“ დამარცხებით უნდა
რობენის, რიბერის და ლუის გუსტავოს გარდა, ყურადღების ცენტრში იქნება „ბაიერნის“ ახალგაზრდა მეკარე თომას კრაფტიც, რომელიც ვან გაალმა იანვრის დასაწყისში რეკორდმაისტერის პირველ მეკარედ გამოაცხადა (ჰანს-იორგ ბუტი სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლებს).
„ვოლფსბურგისთვის“ კი დღეიდან სრულიად ახალი ერა იწყება - ერა ედინ ჯეკოს გარეშე. ბოსნიელმა თავდამსხმელმა „ვოლფსბურგში“ გატარებული სამწლინახევრის განმავლობაში 66 გოლის გატანა შეძლო და გერმანიის ექს-ჩემპიონის მთავარი გოლეადორი გახლდათ, რამდენიმე დღის წინ კი ქვემოსაქსონიური კლუბი დატოვა და „მანჩესტერ სიტის“ მიაშურა. ეს იმას ნიშნავს, რომ „ვოლფსბურგის“ მწვრთნელმა სტივ მაკლარენმა ბრაზილიელ თავდამსხმელ გრაფიტეს ახალი პარტნიორი უნდა უპოვნოს. რაკი „მგლებს“ ჯერ არავინ შეუძენიათ (და ალბათ არც შეიძენენ), უმთავრესი კანდიდატი მანჯუკიჩია. ამასთან, „ვოლფსბურგს“ ახალი კაპიტანიც სჭირდება.
"გლადბახი" და "შტუტგარტი" გადარჩენისთვის ბრძოლას იწყებენ
დღესვე, საქმეში ის გუნდებიც ჩაერთვებიან, რომლებმაც პირველი წრე ყველაზე ცუდად ჩაატარეს. აუტსაიდერ „გლადბახს“ „ნიურნბერგთან“ უმნიშვნელოვანესი მატჩი ელის. სწორედ ამ შეხვედრამ უნდა გამოაჩინოს, რამდენად შეუძლია მიონხენგლადბახურ კლუბს ვითარების გამოსწორება. გუნდში სამი ახალწვეულია - შტრანცლი, ჰანკე და ნორდტვეიტი, რაც მიონხენგლადბახელ ფანობას ოპტიმისტურად განწყობის საშუალებას აძლევს. თუმცა აქვე ისიც უნდა ვთქვათ, რომ „ბორუსიას“ დაცვის ბურჯი ბრუვერსი დაუშავდა, რაც მწვრთნელ მიხაელ ფრონტცეკისთვის სერიოზული პრობლემაა. მაგრამ საკადრო პრობლემები „ნიურნბერგსაც“ აქვს, თანაც, უფრო სერიოზული - მარტო ნილსონისა და გიუნდოგანის ტრავმები რად ღირს. აღსანიშნავია, რომ ფრანკებს იანვრის სატრანსფერო პერიოდში არავინ შეუძენიათ.
„გლადბახის“ დარად, მომავალს ოპტიმისტურად უყურებენ „შტუტგარტშიც“ - გუნდში, რომელმაც პირველი წრე მისთვის უჩვეულო, ბოლოსწინა ადგილზე დაასრულა. მართალია, შვაბებმა მწვრთნელი ჯერ კიდევ მეორე წრის დასრულებამდე გამოცვალეს და გუნდი ბრუნო ლაბადიას ჩააბარეს, მაგრამ ამ სპეციალისტმა დეკემბერში „შტუტგარტის“ თამაშში რაიმე კორექტივების შეტანა ვეღარ მოასწრო. შვაბთა მეტოქე დღეს პირველი წრის უმთავრესი აღმოჩენა „მაინცია“ - გუნდი, რომელმაც პირველი ყველასათვის მოულოდნელად მეორე ადგილზე დაასრულა. საინტერესოა, როგორ დაიწყებენ „კარნავალელები“ სეზონის მეორე ნახევარს. შეგახსენებთ, რომ თომას ტუხელის სამწყსოს სეზონის სტარტზე რვა თამაშიდან რვა მოგება ჰქონდა.
რა დღეშია "ვერდერი"? "ჰოფე" ბას გარეშე
სეზონის პირველი ნახევარი „ვერდერმაც“ ამაზრზენად ჩაატარა და პოზიტიური ასპექტები ვერც მოსამზადებელ შეკრებაზე გამოამჟღავნა. „მუსიკოსები“ ტესტ-მატჩებში ჯერ „დუისბურგთან“ დამარცხდნენ (1:4), მერე კი თურქულ კლუბ „ესქიშეჰირთან“ (1:3). ასე რომ, „ვერდერის“ ფანებს ოპტიმისტურად განწყობის უფლება არ აქვთ. ამ ყველაფერს ისიც ემატება, რომ „ვერდერმა“ თავისი ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი, პორტუგალიის ნაკრების გოლეადორი უგო ალმეიდა „ბეშიქთაშს“ მიჰყიდა. ერთი სიტყვით, ბრემენელთა დამრიგებელ თომას შააფს ძალიან ბევრი საზრუნავი აქვს.
„ვერდერის“ დღევანდელ მეტოქე „ჰოფენჰაიმს“ კი, როგორც იცით, ახალი მწვრთნელი ჰყავს: რალფ რანგნიკი, რომელიც „სოფლელებს“ წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა, იანვრის დასაწყისში თანამდებობიდან გადადგა (იმის გამო, რომ გუნდის მფლობელმა დიტმარ ჰოპმა „ბაიერნს“ უპრობლემოდ მიჰყიდა ლუის გუსტავო). „პროფესორი რალფი“ მარკო პეცაიუოლიმ შეცვალა, რომელიც მანამდე რანგნიკის ასისტენტი იყო და რომელსაც დღეს ბუნდესლიგაში მთავარი მწვრთნელის რანგში დებიუტი ექნება. „ჰოფეში“ ვერ ვიხილავთ თავდამსხმელ დემბა ბასაც, რომელიც არსად წასულა და არც ტრავმირებულია - უბრალოდ, ცუდად მოქცევის გამო (ამ თემაზე ადრეც ვწერდით), განაცხადიდან ამოშალეს და სავარაუდოდ, აღარც დააბრუნებენ.
„ზანკტ პაულიმ“ პირველი წრე მე-15 ადგილზე დაასრულა, რაც ნამდვილად არ არის სახარბიელო შედეგი, მაგრამ „პაულისთვის“ აბსოლუტურად მისაღები და ლოგიკურია. სწორედ ამიტომ, „მილერნტორზე“ განგაშის ზარებისთვის არ შემოუკრავთ და გადარჩენისთვის ბრძოლას დღეიდან მშვიდად გააგრძელებენ. დღეს „ზანკტ პაულის“ მეტოქე „ფრაიბურგია“ - გუნდი, რომელმაც პირველ წრეში სენსაციური შედეგი აჩვენა და მე-6 ადგილზეა. არადა, სეზონის წინ „ფრაიბურგიც“ „ზტ. პაულის“ რანგში გადიოდა. „ფრაის“ წარმატებები გოლეადორ პაპის დემბა სისეს დამსახურებაა, რომელიც ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილზეა და დღეს „მილერნტორზეც“ შეეცდება თავისი ბომბარდირული ნიჭის გამომჟღავნებას. აღსანიშნავია, რომ „ფრაიბურგს“ „ზანკტ პაულისთან“ გასვლითი მატჩი აქამდე არასდროს მოუგია და „მილერნტორზე“ გამართულ ოთხ მატჩში ბრაისგაუელებს მხოლოდ ერთი გოლი აქვთ გატანილი.
"ჰამბურგი" ვან ნისტელროის იმედად
დღეს საღამოს, ბუნდესლიგა კიდევ ერთ, ამ ტურში უკვე მესამე ისეთ მატჩს გვთავაზობს, „ავ თვალს რომ არ დაენახვება“: „შალკე“ „ჰამბურგს“ უმასპინძლებს. გეხსომებათ, „შალკემ“ სეზონი ძალიან ცუდად დაიწყო, მაგრამ დეკემბერში გარკვეულწილად გამოისწორა მდგომარეობა და საბოლოოდ, პირველი წრე მე-10 ადგილზე დაასრულა. თანაც, გელზენკირხენელები ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალშიც გავიდნენ და არც გერმანიის თასიდან გავარდნილან. ამრიგად, ფელიქს მაგათს სეზონის გადარჩენა ნამდვილად შეუძლია და ამბობს, ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მინიმუმ საუკეთესო ხუთეულში მოვხვდეთო.
აქვე, აუცილებლად უნდა გავავლოთ პარალელი იმ სეზონთან, როცა გერმანიის ჩემპიონი „ვოლფსბურგი“ გახდა (2009 წელს) - მაშინ ფელიქსი სწორედ „ვოლფსბურგს“ ავარჯიშებდა და მის მიერ გაწვრთნილმა „მგლებმა“ პირველი წრე მე-11 ადგილზე დაასრულეს, მერე კი იმდენი ქნეს, რომ გერმანიის ჩემპიონები გახდნენ.
„ჰამბურგში“ კი რთული ვითარებაა - ჩრდილოგერმანულ კლუბში დღესდღეობით ყველას აკრიტიკებენ. HSV-ს ერთადერთი იმედი დღეისათვის გამოჯანმრთელებული რუუდ ვან ნისტელროია, რომელმაც ჩრდილოელებს პირველ წრეში „შალკესთან“ მატჩი მოაგებინა.
სკიბეს 4 კაცი აკლია
ხვალ, ტრადიციისამებრ ორი თამაშია დაგეგმილი. ნაშუადღევს, პირველი წრის ბოლო ტურში „დორტმუნდის“ დამამარცხებელი ფრანკფურტის „აინტრახტი“ მეოთხეადგილოსან „ჰანოვერს“ დაუხვდება. ფრანკფურტელთა თავკაც მიხაელ სკიბეს საკადრო პრობლემები აქვს და განსაკუთრებით დაცვაში უჭირს, სადაც ტრავმების გამო ვასოსკი, ფრანცი, რუსი და კრისი აკლია.
შეგახსენებთ, რომ ოთხივე ცენტრალური მცველია. სწორედ ამიტომ უხმო სკიბემ მოყვარულთა გუნდიდან ახალგაზრდა და შედარებით გამოუცდელ კლერკს. „ჰანოვერს“ კი ასეთი პრობლემები არ აქვს. რაც მთავარია, სრულ მზადყოფნაშია „წითლების“ გოლეადორი დიდიე ია კონანი, რომელმაც 12 დეკემბერს მენისკის ოპერაცია გაიკეთა.
მე-18 ტური ხვალ საღამოს, „კაიზერსლაუტერნისა“ და „კიოლნის“ ჯახით დაიხურება. აღსანიშნავია, რომ „წითელ ეშმაკებს“ „თხებთან“ 23-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვთ. „ლაუტერნში“ დეკემბრის მერე ფაქტობრივად არაფერი შეცვლილა, „კიოლნს“ კი ახალი კაპიტანი (ლუკას პოდოლსკი) და ახალი სპორტული დირექტორი (ფოლკერ ფინკე) ჰყავს.
დღეს
ვერდერი-ჰოფენჰაიმი 18:30
დისკვალიფიკაცია: სალიჰოვიჩი (ჰოფენჰაიმი)
ტრავმა: ბიონიში, ნალდო, დ. შმიდტი, ვესლი - ობასი
შტუტგარტი-მაინცი 18:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ბულარუზი, აუდელი - სვენსონი, შლიშკოვიჩი
ვოლფსბურგი-ბაიერნი 18:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ბრააფჰაიდი, კროოსი, ოლიჩი (ბაიერნი)
ნიურნბერგი-ბორუსია (მ) 18:30
დისკვალიფიკაცია: ბობადილია (ბორუსია)
ტრავმა: ნილსონი, ფრანტცი, გიუნდოგანი, ბუნიაკუ - ბრუვერსი, დანტე, მატმური
ზტ. პაული-ფრაიბურგი 18:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: მორენა - პუპლინი, კრმასი, ტოპრაკი, იეგერი, ვილიამსი, ბეხმანი, რაიზინგერი
შალკე-ჰამბურგი 21:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: დიკმაიერი, მატიისენი, კასტელენი, გერერო, პეტრიჩი (ყველა ჰამბურგი)
ხვალ
აინტრახტი-ჰანოვერი 18:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: კრისი, ფრანცი, პეტკოვიჩი, რუსი, ვასოსკი, ბაირამოვიჩი - მილერი, ანდრეასენი, კარლიტოსი
კაიზერსლაუტერნი-კიოლნი 20:30
დისკვალიფიკაცია: ბუგერა, ტიფერტი (კაიზერსლაუტერნი)
ტრავმა: შიმუნეკი - ბრეჩკო, იანულისი, მაკინო, მაკენა, მოჰამადი, ჟაჟალო, იონიტა
თ მ ფ წ ბ ქ
1. ბორუსია (დ) 17 14 1 2 39-10 43
2. მაინცი 17 11 0 6 30-19 33
3. ლევერკუზენი 17 9 6 2 35-25 33
4. ჰანოვერი 17 10 1 6 25-27 31
5. ბაიერნი 17 8 5 4 31-20 29
6. ფრაიბურგი 17 9 1 7 25-25 28
7. აინტრახტი 17 8 2 7 24-21 26
8. ჰოფენჰაიმი 17 6 7 4 32-22 25
9. ჰამბურგი 17 7 3 7 27-28 24
10. შალკე 17 6 4 7 25-24 22
11. ნიურნბერგი 17 6 4 7 22-28 22
12. კაიზერსლაუტერნი 17 6 3 8 27-27 21
13. ვოლფსბურგი 17 4 7 6 24-25 19
14. ვერდერი 17 5 4 8 23-35 19
15. ზტ. პაული 17 5 2 10 16-30 17
16. კიოლნი 17 4 3 10 18-33 15
17. შტუტგარტი 17 3 3 11 32-35 12
18. ბორუსია (მ) 17 2 4 11 26-47 10
.