ორი მანუელის შავი უქმეები და კევინი მარტო კართან

AutoSharing Option

რუუდ ვან ნისტელროის მადრიდის „რეალში“ დაბრუნება უნდოდა და ამ პერსპექტივით აჟიტირებულმა „ჰამბურგს“ „შალკესთან“ მოაგებინა; „ჰოფენჰაიმის“ თავდამსხმელი დემბა ბა ყველას ნერვებს უშლის; დორტმუნდში კევინ გროსკროიტცი გააღმერთეს. თქვენ წინაშეა ბუნდესლიგის მე-18 ტურის გამოხმაურება Tops&Flops-ის სახით.


გასულ უიქენდზე, ბუნდესლიგაში ოთხი თერთმეტმეტრიანი დაინიშნა. პენალტის ნიშნულთან ოთხი ფეხბურთელი მივიდა და ოთხივემ „გამაზა“. ბაიერნელმა ფილიპ ლამმა ბურთი ძელს გაარტყა, ვოლფსბურგელ გრაფიტეს, ფრაიბურგელ პაპის დემბა სისეს და ნიურნბერგელ ხავიე პინოლას კი პენალტები მეკარეებმა აუღეს. ვისაც ბუნდესლიგა უყვარს, უყვარს სტატისტიკაც: ამ სეზონში ბუნდესლიგის ფეხბურთელებმა უკვე 18 თერთმეტმეტრიანის გაცუდება

„მოახერხეს“, რაც ექვსით მეტია მთელი შარშანდელი სეზონის მაჩვენებელზე. მიმდინარე სეზონში ბუნდესლიგაში პენალტების მხოლოდ 64 პროცენტი იქცევა ხოლმე გოლად. ზოგადი საშუალო მაჩვენებელი კი მინიმუმ 75 პროცენტია ხოლმე...

 

ჩვენმა გერმანელმა კოლეგებმა გერმანულ კლუბებს მოედნის საფარები დაუწუნეს. არადა, პირველი ბუნდესლიგის თითოეული სტადიონის მოედნის საფარი გაცილებით უკეთეს მდგომარეობაშია, ვიდრე მაგალითად იტალიის სერია A-ს ნებისმიერი კლუბის ნებისმიერი მოედნის საფარი. მაგრამ გერმანელები ხომ მაქსიმალისტები არიან...

 

ამას გარდა, ბუნდესლიგის მე-18 ტურში იყო ორი ძალიან სასაცილო მოვლენა. კაიზერსლაუტერნში „წითელი ეშმაკების“ მცველმა როდნიმ ბურთი თავისი გუნდის მეკარე ტობიას ზიპელს კარგად ვერ დაუმიზნა და ავტოგოლისგან საკუთარი კარის ძელმა იხსნა. „ვოლფსბურგის“ მეკარე დიეგო ბენალიომ კი ბურთი ბაიერნელ თომას მიულერს მოარტყა, რომლისგან ასხლეტილი ბურთი „მგლების“ შვეიცარიელი მეკარის კარში შევარდა.

 

 

როგორ აიჭრა ნოიერი

ხელ და ფეხგაშლილი მანუელ ნოიერი საჯარიმოში უხერხულად მიფრინავს, ოთხივე კიდური ბურთისკენ აქვს მიმართული და ყველა ხვდება, რომ ბურთს ყველაფრით აცდება - „შალკესა“ და „ჰაბურგის“ მატჩში გერმანიის ნაკრების მეკარეს ასეთი რამ ბევრჯერ დაემართა, მაგრამ ჩრდილოელებმა ნოიერის აბსურდული შეცდომებიდან მხოლოდ ერთი გამოიყენეს: გი დემელმა მარჯვნიდან საჯარიმოში ჩააწოდა, მანუელი კარიდან გამოვიდა და გუმანმა უმტყუნა. მეორე ძელთან კი ბურთს ვან ნისტელროი დახვდა, რომელმაც ბურთს შუბლი დაუხვედრა და ნოიერის კარის ბადეში შეასრიალა. ამით ნამდვილად არ გვსურს იმის თქმა, რომ „შალკემ“ ნოიერის გამო წააგო, მაგრამ ფაქტია, იმ დღეს „მარცხენა ფეხზე რომ არ ამდგარიყო“, გელზენკირხენული კლუბის უკანა ხაზი გაცილებით სტაბილური იქნებოდა და სავარაუდოდ, არც დამარცხდებოდა.

 

კიდევ ერთი მანუელის „საქმენი საგმირონი“

ყველაფრის ერთი ფეხბურთელისთვის გადაბრალება ნამდვილად უსამართლობაა, რადგან გუნდში 11 ფეხბურთელია და თუ საჭირო გახდა, ცენტრალურ მცველს, რომელსაც შავი დღე გაუთენდა, ყველა უნდა მიეხმაროს. ეს ნამდვილად ასეა, მაგრამ ვიყოთ გულახდილები: ყველაფერი ის, რაც „ლევერკუზენის“ მცველმა მანუელ ფრიდრიხმა პარასკევს დორტმუნდის „ბორუსიასთან“ მატჩის დროს გააკეთა, არაამქვეყნიურად სამარცხვინო ქმედებები იყო.


ჯერ იყო და ბურთს ქვემოდან აცდა, მერე საკუთარი კარიდან 25 მეტრის დისტანციაზე მყოფს ბურთი ფეხიდან გაექცა, ბოლოს კი ბურთს ფეხიც ააცილა. ყველაზე საინტერესო და მანუელისთვის სავალალო კი ისაა, რომ სამივე ეს მომენტი „ლევერკუზენის“ კარში გატანილი გოლებით დამთავრდა. დღის მთავარი „ფლოპის“ სტატუსიც სწორედ „მანუელ მეორისაა“.

 

ბუნდესლიგას დემბა ბა ყელში ამოუვიდა

„ჰოფენჰაიმის“ თავდამსხმელი დემბა ბა, რომელსაც „სოფლელების“ პირველ გუნდთან ერთად აღარ ავარჯიშებენ, ამ უქმეებზე „სტოკ სიტიში“ უნდა გადასულიყო. ტრანსფერი თითქმის გადაწყვეტილი იყო, მაგრამ ინგლისში ჩასულმა ბამ სამედიცინო შემოწმება ვერ გაიარა. „ჰოფენჰაიმის“ მენეჯერი ერნსტ ტანერი გაოგნებულია, ბამ პირველ წრეში თითქმის ყველა მატჩში მიიღო მონაწილეობა და შეუძლებელია, ფიზიკურად იმდენად ცუდ ფორმაში იყოს, რომ „სტოკ სიტის“ დაეწუნებინაო. ტანერის აზრით, ამ ფანდით ინგლისელებს ბას ფასის დაკლება უნდათ - „ჰოფენჰაიმი“ შვიდ მილიონ ევროს ითხოვს, ინგლისელებმა კი იციან, რომ გერმანულ კლუბს დემბას თავიდან მოშორება მყარად აქვს გადაწყვეტილი. სენეგალელი გერმანიაში უკვე ყველას ყელში ამოუვიდა. ბრემენის „ვერდერი“ ამ ფეხბურთელთან და საერთოდ ამ ამბავთან არაფერ შუაშია, მაგრამ ბაზე კომენტარის გასაკეთებლად რატომღაც „ვერდერის“ ბოსმა კლაუს ალოფსმაც მოიცალა და თქვა, დემბა ბას ყიდვა რომ გვირჩიონ და საფეხბურთო ღმერთმა პირადად მომცეს იმის გარანტია, რომ ეს ადამიანი ჩვენთვის ამ სეზონში 30 გოლს გაიტანს, მაინც არ ვიყიდიო...

 

შვაინის საბედისწერო შეცდომა

ბასტიან შვაინშტაიგერმა „ვოლფსბურგთან“ მატჩის შემდეგ ყველაზე უკეთ იცოდა, რომ „ბაიერნმა“ ორი ქულა მისი შეცდომის გამო დაკარგა და ძალიან რცხვენოდა. შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს, რომ საყრდენი ნახევარმცველის პოზიციიდან გამთამაშებლის ადგილზე გადაწეული შვაინი ის შვაინი არ არის, რომელსაც ყველა ვიცნობთ. ბასტიანს ფლეიმეიქერობა რომ შეუძლია, ამაში ეჭვი არავის ეპარება, უბრალოდ, ზედმეტად დიდი ხანია, ამ პოზიციაზე არ უთამაშია და „ვოლფსბურგთან“ ძალიან გაუჭირდა. თანაც, სწორედ მის საბედისწერო შეცდომას მოჰყვა გოლი, რომლითაც „მგლებმა“ მიუნხენელებს ქულა გამოგლიჯეს. ამიტომაცაა უმჯობესი, რომ ლუის ვან გაალმა შვაინი ექვსიანის პოზიციაზე დააბრუნოს, მაგრამ გამთამაშებლის ადგილზე სხვა ალტერნატივა არ გააჩნია - ტონი კროოსი ლაზარეთიდან მხოლოდ თებერვლის შუა რიცხვებში დაბრუნდება. არსებობს ფლეიმეიქერად თომას მიულერის გამწესების ვარიანტიც, მაგრამ ამისათვის საჭიროა, რომ ფრანკ რიბერი და არიენ რობენი იყვნენ სრულ მზადყოფნაში. რობენი კი გამოჯანმრთელდა, მაგრამ ახლა რიბერიმ მიიღო ტრავმა. კიდევ კარგი, რომ ფრანგი დრიბლიორი სერიოზულად არ დაშავებულა და ვარჯიშს ხუთ დღეში განაახლებს.

 

რუუდ, გაგიჟდი?

რუუდ ვან ნისტელროიმ „ჰამბურგის“ შეფები და ფანები შოკში ჩააგდო, როცა „შალკესთან“ მატჩის წინ თქვა, „რეალში“ დაბრუნება მინდაო. ჰო, მარტო მისი სურვილი არაფერს ნიშნავს, ჰამბურგში კი უფრო იმის გამო ანერვიულდნენ, რომ რუუდს „რეალის“ თავკაცი ჟოზე მოურინიოც გამოეხმაურა - ვან ნისტელროი გონსალო იგუაინის ტრავმით გამოწვეულ სიცარიელეს იდეალურად შეგვივსებსო. ტრანსფერი მაინც არ შედგება, რადგან HშV-ს შეფებმა რუუდსა და ჟოზესაც მტკიცე უარი შეუთვალეს, ამ შემთხვევაში კი მთავარი ისაა, რომ ვან ნისტელროიმ დაამტკიცა: გოლების გატანა მას ძველებურად შეუძლია.

 

ეშმაკები ღორის გრიპის წინააღმდეგ

ამ უქმეებზე „კიოლნის“ ოთხ ფეხბურთელს ღორის გრიპი დაუფიქსირეს - იუსუფ მოჰამადი, მიშო ბრეჩკო, მატო ჟაჟალო და კევინ მაკენა ლოგინად ჩავარდნენ. მიუხედავად ამისა, კაიზერსლაუტერნელებს ვირუსის გადადების არ შეშინებიათ - „ეშმაკები“ სავარაუდოდ დავირუსებულ „თხებთან“ არცერთ ორთაბრძოლას არ გაურბოდნენ, სრდიან ლაკიჩმა კი „კიოლნის“ მარცხენა მცველ კრისტიან აიხნერს სულაც სახე ძალიან ახლოს მიუტანა, მერე კი გაულაწუნა, რის გამოც მოედნიდან გააძევეს. ათკაციანმა „ლაუტერნმა“ მაინც იომა და ფრეს მიაღწია.

 

კრაფტის დიდებული დებიუტი

„ბაიერნმა“ ვერ მოიგო, მაგრამ რომ არ წააგო, მისი ახალი პირველი ნომრის, თომას კრაფტის დამსახურებაა, რომელმაც ყველაფერი მოიგერია, რაც მოსაგერიებელი იყო, მათ შორის, ერთი თერთმეტმეტრიანიც, როცა გრაფიტეს არცთუ ურიგო დარტყმის მერე ბურთი ძელისკენ გაგზავნა. გარდა ამისა, კრაფტმა დიეგოსა და მარიო მანჯუკიჩის „მწარე“ დარტყმებიც მოიგერია. კინაღამ დაგვავიწყდა: კრაფტმა „თითქმის საგოლე პასიც“ გააკეთა - მართალია, მიულერს ბურთი ბენალიოსგან მოხვდა, მაგრამ ეს მომენტი სწორედ „ბაიერნის“ ახალგაზრდა მეკარის გრძელი პასის შემდეგ შეიქმნა. არცაა გასაკვირი, მატჩის შემდეგ კრაფტს ყველა რომ აქებდა.

 

სისეს მარტო პენალტები არ უყვარს

გაგიგონიათ, ფეხბურთელი პენალტს ვერ იტანდეს და მაინც ყველა ტაშს უკრავდეს? რა თქმა უნდა, ოღონდ თუ ის ფეხბურთელი პენალტის გაფუჭების პარალელურად ორ გოლს გაიტანს. სწორედ ასეთი რამ გააკეთა პაპის დემბა სისემ „ზანკტ პაულისთან“ მატჩში (2:2) და 15 გოლით ჯერჯერობით ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირია.

 

სლომკას მინიმალიზმი

ასეთ შედეგზე ბევრი ოცნებობს: ბურთის ფლობა მხოლოდ 39 პროცენტი, იგივე მაჩვენებელი ორთაბრძოლებში, ჩაწოდებები 15:34 და მიუხედავად ამისა, თამაშს იგებ, თანაც, ანგარიშით 3:0. ეს ყველაფერი „ჰანოვერმა“ ფრანკფურტში გააკეთა. მირკო სლომკას ბიჭები მეორე ადგილზე აღზევდნენ. შეგახსენებთ, სლომკამ „წითლები“ შარშან იმ დროს ჩაიბარა, როცა „ჰანოვერი“ გასავარდნ ზონაში ყვინთაობდა. გახსოვთ, ერთ დროს სლომკას Mრ. Nობოდყ-ს ეძახდნენ...


გადასარევი ტრილოგიის კომპოზიტორი

მორჩა, „ლევერკუზენთან“ მატჩის შემდეგ კევინ გროსკროიტცმა საბოლოოდ და უკვე სამუდამოდ მოიგო დორტმუნდელი ქომაგების გულები. თუკი, პირველი გოლის დროს მხოლოდ ბურთისთვის ფეხის წარტყმა სჭირდებოდა, მეორე გოლის მომენტში დაამტკიცა, რომ ძალიან მაღალი კლასის ფეხბურთელია.

 


XVIII ტურის სიმბოლური ნაკრები (კიკერი, 3-2-2-3)
კრისტოფერ ჰაიმეროთი (ბორუსია მ) - საშა რიტერი (ვოლფსბურგი), პერ მერტეზაკერი (ვერდერი), არნე ფრიდრიხი (ვოლფსბურგი) - სერჟიო პინტუ (ჰანოვერი), ტორსტენ ფრინგსი (ვერდერი) - მარიო გიოტცე (ბორუსია დ), კევინ გროსკროიტცი (ბორუსია დ) - შტეფან კისლინგი (ლევრკუზენი), პაპის დემბა სისე (ფრაიბურგი), რუუდ ვან ნისტელროი (ჰამბურგი)

 

რუუდ ვან ნისტელროი პირველი ტურების კაცია - „ჰამბურგის“ გოლეადორი ამ სეზონში სულ ორჯერ მოხვდა სიმბოლურ ნაკრებში და ორივეჯერ წრის პირველ ტურში. ჰაიმეროთი, ფრიდრიხი, რიტერი, პინტუ, ფრინგსი და კისლინგი „კიკერის“ ტურის სიმბოლური ნაკრების დებიუტანტები არიან.

 

ტურის გმირი
კევინ გროსკროიტცი, ბორუსია (დ)

დორტმუნდელთა 22 წლის შემტევი ნახევარმცველი „ლევერკუზენთან“ უმნიშვნელოვანესი გამარჯვების უმთავრესი შემოქმედი იყო (დუბლი და საგოლე პასი). „კიკერმა“ გროსკროიტცი მიმდინარე სეზონში ტურის საუკეთესო ფეხბურთელად პირველად აღიარა.

 

საუკეთესო ფეხბურთელები
18 ტურის შემდეგ, „კიკერის“ შეფასებების მიხედვით

 

ფეხბურთელი კლუბი საშუალო შეფასება
1. ნური შაჰინი ბორუსია (დ) 2.50
2. შინჯი კაგავა ბორუსია (დ) 2.62
3. მანუელ ნოიერი შალკე 2.64
4. დანიელ ჰაასი ჰოფენჰაიმი 2.67
5. ოლივერ ბაუმანი ფრაიბურგი 2.68
6. მატს ჰუმელსი ბორუსია (დ) 2.69
7. ტომ შტარკე ჰოფენჰაიმი 2.72
8. პაპის დემბა სისე ფრაიბურგი 2.74
9. რომან ვაიდენფელერი ბორუსია (დ) 2.75
10. სვენ ბენდერი ბორუსია (დ) 2.77


გოლს პლუს პასის რეიტინგი

ფეხბურთელი კლუბი გოლი პასი ქულა
1. პაპის დემბა სისე ფრაიბურგი 15 1 16
2. თეოფანის გეკასი აინტრახტი 14 2 16
3. მარიო გომესი ბაიერნი 12 2 14
4. არტურო ვიდალი ლევერკუზენი 8 6 14
5. დიდიე ია კონანი ჰანოვერი 10 4 14
6. სრდიან ლაკიჩი კაიზერსლაუტ. 11 1 12
7. იულიან შიბერი ნიურნბერგი 4 8 12
8. ანდრე შიურლე მაინცი 9 3 12
9. ლუკას ბარიოსი ბორუსია (დ) 8 3 11
10. ივო ილიჩევიჩი კაიზერსლაუტ. 5 6 11

 

 

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული