მსოფლიოს ჩემპიონატი დამთავრდა და თემა ჩაწყობილ თამაშებზე კვლავ აქტუალურია. მუნდლის დროს მკითხველები „ფეხბურთის ბინძურ მხარეზე“ სტატიებით დავასვენეთ, რათა უდიდესი საფეხბურთო ზეიმის დროს მხოლოდ საზეიმო განწყობა ყოფილიყო. ახლა კი კვლავ უნდა დავუბრუნდეთ სკანდალს, რომლის ფესვები ამ ერთი თვის განმავლობაში კიდევ უფრო გაღრმავდა. დღეისათვის არსებობს 250 ეჭვმიტანილი 15 ქვეყნიდან. სკანდალის ახალი განშტოებებისა და ბინძური სისტემის შესახებ გუშინ გერმანული გაზეთი „ზუდდოიჩე ცაითუნგი“ წერდა.
ჯერჯერობით, ბევრი რამ ისევ მხოლოდ ეჭვის დონეზეა, მაგრამ საქმე, რომლის გამოძიება იანვრიდან ქალაქ ბოხუმის პროკურატურამ დაიწყო, უფრო და უფრო ღრმავდება. დააკავეს
დღესდღეობით ბოხუმის პროკურატურას 250 ეჭვმიტანილი ჰყავს, ბოხუმელები 15-ივე ქვეყნის პროკურატურებთან თანამშრომლობენ და ინფორმაციებს აგროვებენ. აქამდე ეჭვ-ქვეშ 270 მატჩი იყო, მაგრამ როგორც ჩვენი გერმანელი კოლეგები წერენ, კითხვის ნიშნიანი მატჩების რაოდენობა გაიზარდა. შესაბამისად, გაიზარდა იმ თანხის რაოდენობაც, რაც თამაშების მანიპულატორებმა იშოვეს – ახლა უკვე 12 მილიონ ევროზეა საუბარი.
გაირკვა ისიც, რომ მსაჯები, მწვრთნელები და ფეხბურთელები, რომლებიც მანიპულატორებს ეხმარებოდნენ, საერთო ჯამში 1.5 მილიონად მოისყიდეს. ბოხუმის პროკურატურამ სამშაბათს პრესას ახალი ცნობები გააცნო: გერმანიაში წინასწარ პატიმრობაში 8 ეჭვმიტანილი იმყოფება, თურქეთში 35, ხორვატიაში კი 22. უახლოეს მომავალში გერმანიაში დაჭერილებს ბრალდებებს ოფიციალურადაც წაუყენებენ. დაკვეთების შემსრულებლებს, ანუ, მსაჯებს, მწვრთნელებსა და ფეხბურთელებს უმძიმესი სანქციები ემუქრებათ. პროკურატურას მათი ვინაობის გამხელა ჯერ არ სურს, რადგან მთავარი დამნაშავეები, მანიპულატორები, ჯერ კიდევ იძებნებიან. შემსრულებლების მაქსიმალური სასჯელი ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა იქნებაო, ამბობენ ბოხუმის პროკურატურაში. შედარებისთვის გეტყვით, რომ თავის დროზე, გერმანელ არბიტრ რობერტ ჰოიცერს ორი წლითა და 11 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მიუხედავად იმისა, რომ ჩაწყობილ თამაშებზე ასეთ მასშტაბური გამოძიება აქამდე არასდროს ჩატარებულა და ამდენი ეჭვმიტანილი არასდროს არსებულა, საზოგადოების ინტერესმა ამ თემისადმი საგრძნობლად იკლო. ამის მიზეზად, შეიძლება, ის ფაქტი დასახელდეს, რომ პროკურატურა კონკრეტულ გვარებს არ ასახელებს და მხოლოდ ზოგადი ინფორმაციის მიწოდებით შემოიფარგლება. ესეც რომ არ იყოს, მაგალითად, გერმანიაში, გამომძიებლებს არანაირი ეჭვი არ აქვთ პირველ ბუნდესლიგაზე. იქ საქმე მხოლოდ მეორე, მესამე ბუნდესლიგებსა და რეგიონალლიგებს ეხება. მეორე და მესამე ბუნდესლიგებიდან 32 თამაშია ეჭვ-ქვეშ, რეგიონალლიგიბიდან და ობერლიგებიდან კი 53 მატჩი. ხოლო იმისათვის, რომ ინტერესი დიდი იყოს, ან პირველი ბუნდესლიგაა საჭირო, ანაც კონკრეტული გვარების დასახელება, მაგრამ რომც დაასახელონ, ეჭვმიტანილთა უმეტესობის ვინაობა საზოგადოებას არაფერს ეტყვის.
მოკლედ, სკანდალში უფრო ქვედა ლიგები, ნაკლებად ცნობილი კლუბები და თითქმის უცნობი მწვრთნელები, მსაჯები თუ ფეხბურთელები არიან გახვეულები. ამაში გასაკვირი არაფერია: მაფიოზი მანიპულატორები ხომ სწორედ ისეთ ლიგებს, ისეთ მატჩებსა და ისეთ ფეხბურთელებს თუ მსაჯებს ეტანებიან, რომლებიც ასპარეზზე არასდროს ან ძალიან იშვიათად ჩანან. ესეც იმიტომ ხდება, რომ დამნაშავეს მაქსიმალურად გარანტირებული ჰქონდეს ის, რომ მის საქმიანობას ყურადღებას არავინ მიაქცევს. მათ ურჩევნიათ, თამაშები ქვედა ლიგებში ჩააწყონ, მიტ უმეტეს, რომ ნაკლებად ცნობილ კლუბებზე ტოტალიზატორებში გაცილებით დიდი კოეფიციენტებია და თანაც, უცნობი კლუბების მატჩებით ფაქტობრივად არავინ ინტერესდება. პირველ ბუნდესლიგაში მანიპულირება კი დამნაშავეებისთვის გაცილებით სახიფათო და ამავე დროს, ნაკლებად მომგებიანი იქნებოდა.
ბინძური სისტემა
პროკურატურაში პირდაპირ აცხადებენ, რომ საქმე აქვთ ძალიან სისტემურად და ერთმანეთთან შეთანხმებულად მომუშავე არაერთYკლანზე. ბოხუმის პროკურატურაში გამაოგნებელ და სულისშემძვრელ ფაქტებზე საუბრობენ. ამბობენ, ისეთ დეტალებს ვაგნებთ ხოლმე, რომ თმები ყალყზე გვიდგებაო. საუბარია იმაზე, რომ მანიპულატორები ხანდახან მთელ გუნდს ყიდულობენ, თანაც ბავშვთა (13-16 წლიანების) გუნდებს და მათ თვით ბავშვებიც კი თანხმდებიან ფულის აღებასა და თამაშის ძალით წაგებაზე!
დაკავებულთა უმრავლესობა, რომლებმაც დანაშაული აღიარეს, აცხადებენ, რომ საბოლოო ჯამში ისინი მაინც წაგებულები დარჩნენ, მაგრამ პროკურატურას საპირისპირო შედეგები აქვს. მანიპულატორები ტოტალიზატორებში სუფთადაც თამაშობენ, მაგრამ ბოხუმური პროკურატურის განცხადებით, ერთმა დაჯგუფებამ ერთ დღეს, სუფთა თამაშით 147 000 ევრო წააგო, მანიპულაციების მეშვეობით კი, მეორე დღეს 1.1 მილიონი (!) მოიგო.
მატჩების რაოდენობა მატულობს
ბოხუმის მთავარი პროკურორი ნორბერტ ზალამონი გახარებულია იმის გამო, რომ სხვა ქვეყნების პროკურატურებიდან მას ძალიან ეხმარებიან. პირდაპირ ამბობს, ვფიქრობდი, რომ ისეთი ქვეყნებიდან, როგორიც ხორვატია ან თურქეთია, მხარდაჭერა არ გვექნებოდა, რადგან როგორც წესი, ასეთ ქვეყნებში პოლიციაც მანიპულატორებთანაა შეკრულიო. მისი თქმით, ინფორმაციების გაცვლის პროცესი თითქმის ყველა ქვეყანასთან შესანიშნავად მიმდინარეობს.
გამოძიება გერმანიის გარდა 11 ქვეყანაში მიმდინარეობს და ზალამონის განცხადებით, უახლოეს მომავალში ბოხუმის პროკურატურა დახმარებას კიდევ 4 ქვეყნიდან ელოდება. გერმანელი სამართალდამცავები ყველაზე აქტიურად და ნაყოფიერად თურქ კოლეგებთან თანამშრომლობენ და ნოემბრის შემდეგ, თურქეთის სხვადასხვა ლიგებში სავარაუდოდ მანიპულირებული მატჩების რაოდენობა 29-დან 74-მდე გაიზარდა. გააქტიურებულია შვეიცარიაც. ზოიერთი ქვეყანა კი საკმაოდ პასიურობს, მაგრამ იქაც მიდის გამოძიება. ბოსნია (8 შემთხვევა) და სლოვენია (7) ერთადერთი ქვეყნებია, სადაც იანვრის შემდეგ ეჭვ-ქვეშ დამდგარი მატჩების რაოდენობა არ გაზრდილა, მაგრამ ეს იმაზე კი არ მეტყველებს, რომ ამ ქვეყნებში თამაშების ჩაწყობა არ ხდება, არამედ იმაზე, რომ სამართალდამცავები არ აქტიურობენ.
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გერმანიისგან განსხვავებით ასეთ ქვეყნებში ძალიან უყვართ, როცა საქმეს მალევე მიეწერება სიტყვა „დახურულია“...