ვან გაალ, მათამაშე!

AutoSharing Option

გერმანიის ნაკრებისა და „ბაიერნის“ თავდამსხმელ მიროსლავ კლოზეს გასაოცარი სტატისტიკა აქვს: ბუნდესლიგაში 279 მატჩი და 113 გოლი, გერმანიის ნაკრებში კი 58 გოლი, რითაც ის ბუნდესგუნდის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირებს შორის მეორე ადგილზეა და მხოლოდ გერდ მიულერს ჩამორჩება. მიროს მსოფლიოს ჩემპიონატებზე 14 გოლი აქვს გატანილი, რითაც მუნდიალის ყველა დროის საუკეთესო გოლეადორს, რონალდოს მხოლოდ ერთი გოლით ჩამორჩება.

მიუხედავად ასეთი შედეგებისა, კლოზე მიუნხენის „ბაიერნში“ სათადარიგოთა სკამს ხეხავს. არადა, 32 წლისაა და ჯერ არ გადასულა იმ ასაკში, რომ გვეთქვა, მუხლი აღარ უჭრისო. ამ ყველაფერიდან გამომდინარე,

გასაკვირი არ უნდა იყოს ის, რომ კლოზემ ხმა აიმაღლა, სასტარტო შემადგენლობაში დაბრუნება კატეგორიულად მოითხოვა და რეკორდმაისტერის მთავარი მწვრთნელი ლუის ვან გაალი წნეხის ქვეშ მოაქცია.

„ფიზიკურად ძალიან კარგ ფორმაში ვარ, არც მონდომება მაკლია და ვარჯიშებზეც ყველაზე უკეთ გამოვიყურები. შესაბამისად, მაქვს იმის პრეტენზია, რომ „ბაიერნის“ ძირითად შემადგენლობაში ვთამაშობდე. ჩემი ადგილი სკამზე არ არის!“ - უთხრა კლოზემ გუშინ „ბილდს“.


მოკლედ, დიდხანს ითმინა, თუ ცოტა ხანს, მირომ მაგიდაზე მუშტი დაარტყა და შესაბამისად, მარიო გომესს შეუტია, რომელსაც ვან გაალი სასტარტოში ათამაშებს ხოლმე. არადა, 25 წლის გომესი მიმდინარე სეზონში მიუნხენური კლუბისთვის საუკეთესო ბომბარდირია 12 გოლით. თუმცა სტატისტიკას თუ ჩავუღრმავდებით, აღმოვაჩენთ, რომ „ბაიერნის“ ფეხბურთელებს საგოლე მომენტების გამოუყენებლობის ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებელი აქვთ ბუნდესლიგაში (62).

თუმცა მთავარს დავუბრუნდეთ: კლოზე მიუნხენური ყოფით უკმაყოფილოა. ისიც გასათვალისწინებელია, რომ მუნდიალის შემდეგ (კლოზემ სამხრეთ აფრიკაში 4 გოლი გაიტანა) ორი საკმაოდ მძიმე ტრავმა გადაიტანა. შესაბამისად, მისი შედეგები ამ სეზონში ასე გამოიყურება: 7 მატჩი, არც ერთი გოლი. ბუნდესლიგაში მირომ ბოლოს 19 დეკემბერს, „შტუტგარტთან“ მატჩში ითამაშა (5:3 „ბაიერნის“ სასარგებლოდ), წინა კვირას კი, „ვოლფსბურგთან“ შეხვედრაში (1:1) 90 წუთი სათადარიგოთა სკამზე გაატარა.


„მწვრთნელს უნდა დავუმტკიცო, რომ თამაშის ღირსი ვარ. ვან გაალს ვაჩვენებ, რომ სკამზე ჯდომის ღირსი არ ვარ!“ - ამბობს კლოზე რეკორდმაისტერის მწვრთნელის მისამართით.

არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ კლოზეს „ბაერნთან“ კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს უმთავრდება და კლუბის ხელმძვანელებთან ახალი ხელშეკრულების შესახებ ჯერ არ უსაუბრია. ერთი რამ უკვე გადაწყვეტილია: მირო მიუნხენს იანვარში არ დატოვებს. „ზაფხულამდე ნაღდად არსად მივდივარ, რადგან ვიცი, რომ „ბაიერნისთვის“ გოლების გატანა ჯერ კიდევ შემიძლია“, - ამბობს მირო.


ვნახოთ, ათამაშებს თუ არა ვან გაალი კლოზეს დღეს თავის მშობლიურ კლუბ „კაიზერსლაუტერნთან“.

 

 

 

.

მკითხველის კომენტარები / 1 /
კლოზე გომესს ყველაფრით ჯობს და ვა გაალს თუ თუ ამ წელს საპრიზო ადგილი მაინც უნდა (ჩემპიონობაზე ოცნებას უნდა დაემშვიდობოს!), კლოზე აუცილებლად უნდა ათამაშოს. მარიო გომესს ერთ გოლზე მინიმუმ სამი გაფჭებული შანსი მოდის, კლოზეს კი ასეთი რამ პრაქტიკულად არ ემართება. მიუხედავად ასაკისა (თუმცა, 32 წელი არ არის კრიტიკული ასაკი კლზეს დონის სპორტსმენისათვის) კლოზეს დონეზე გომესი ვერასოდეს ითამაშებს, მან თავის პიკს "შტუტგარტში|" მიაღწია. "ბაიერნში" თავი ვერაფრით გამოიჩინა. ის 13 გოლი მხოლოდ სუსტ მეტოქეებთან აქვს გატანილი.
ჯუჯა გურამა
20:50 27-01-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული