ბუნდესლიგა. VI ტური: არაამქვეყნიური [VIDEO]

AutoSharing Option
გუშინ, მთელი გერმანული პრესა განიხილავდა ბუნდესლიგის მეექვსე ტურის ცენტრალურ მატჩს "ბაიერნსა" და "ვოლფსბურგს" შორის. უფრო ზუსტად თუ ვიტყვით, ჟურნალისტები აღფრთოვანებას გამოხატავდნენ მიუნხენელთა პოლონელი ფორვარდით რობერტ ლევანდოვსკით, რომელიც შეცვლაზე შევიდა მოედანზე და ცხრა წუთში გაიფორმა პენტა თრიკი.

რობერტ ლევანდოვსკის არასოდეს აკლდა სითამამე და "თავხედობა". ეს ჯერ კიდევ "ლეხში" თამაშისას გამოჩნდა, ბუნდესლიგაში გადასვლის შემდეგ კი ძალიან ეფექტურ და სასარგებლო ფორვარდად ჩამოყალიბდა. "დორტმუნდში" თამაშისას, ის ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, ჩემპიონთა ლიგაზე პოკერი გაიფორმა "რეალთან" მატჩში... მაგრამ სამშაბათს, "ალიანც-არენაზე" პოლონელმა საკუთარ თავსაც კი აჯობა.

არადა, მეექვსე ტურის ცენტრალური მატჩი "ვოლფსბურგის" წინააღმდეგ, "ბაიერნისთვის" ძალიან ცუდად დაიწყო. ჩემპიონები თითქმის ვერ ქმნიდნენ მომენტებს დიეგო ბენალიოს კართან (გვახსენდება მხოლოდ დუგლას კოშტას ვარდნაში დარტყმა, რომელიც შვეიცარიელმა მეკარემ მოიგერია).

"მგლებმა" კი ერთ-ერთი შეტევის შემდეგ ანგარიში გახსნეს. დანეილ კალიჯურიმ, რომელიც 150-ე შეხვედრას ატარებდა ბუნდესლიგაში, საკუთარ თავს იუბილეზე საჩუქარი უძღვნა - საჯარიმოს მარჯვენა კუთხიდან უძლიერესად დაარტყა. ამის შემდეგ, "ბაიერნის" მეკარემ მანუელ ნოიერმა კინაღამ მეორე გოლი მოუტანა თავის გუნდს - კვლავ გაუმართლებლად გამოვიდა კარიდან და გილავოგიმ ცენტრიდან დარტყმით ძელს გაარტყმა ბურთი.

ხოსეპ გვარდიოლა მიხვდა, რომ თამაში მისი სცენარით არ მიდიოდა და შესვენებაზე ლევანდოვსკი შეუშვა მოედანზე. და პოლონელმა ფენომენალური კონცერტი ჩაატარა! მას ცხრა წუთი ეყო იმისთვის, რომ ხუთჯერ აეღო "მგლების" კარი. ამის აღწერას აზრი არ აქვს, ეს უნდა ნახოთ. სიტყვების მოძებნა გვარდიოლამაც ვერ შეძლო, რომელმაც მეხუთე გოლის შემდეგ, გაოგნებისგან თავზე შემოირტყა ხელები.

შეიძლება "ვოლფსბურგის" დაცვის ცენტრის გაკრიტიკება - ნალდომ და დანტემ სუსტად ითამაშეს ლევანდოვსკის წინააღმდეგ. მაგრამ, უმჯობესია, თავად ფორვარდი შევაქოთ, რომელსაც, განსაკუთრებით ლამაზი მეხუთე გოლი გამოუვიდა - მარჯვენა ფლანგიდან ჩაწოდების შემდეგ, პოლონელმა "გვერდითი მაკრატელა" შეასრულა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

* * *
ახლა კი ვნახოთ რას წერდნენ გერმანულ პრესაში 27 წლის პოლონელის გმირობაზე.
ავტორიტეტულმა გამოცემა Kicker-მა ლევანდოვსკის არაამქვეყნიური უწოდა და გვერდით ამოუყენა კიდევ ერთ "უცხოპლანეტელ" ლიონელ მესის. Kicker-ს აზრით, გვარდიოლას ლევანდოვსკი მეორე ტაიმში რომ არ გამოეყვანა, მიუნხენელები გამარჯვებას ვერ ეღირსებოდნენ.

რობერტის ქება გააგრძელა Bild-მა. მან აქცენტი გააკეთა იმაზე, რომ ფორვარდი მოედანზე მხოლოდ მეორე ტაიმის დასაწყისში გამოჩნდა და ლევანდოვსკის "ყველა დროის საუკეთესო ჯოკერი" უწოდა. სავარაუდოდ, ამგვარ შეფასებას დაეთანხმებოდა გვარდიოლაც, რომელმაც მატჩის შემდეგ, ახსნა ვერ მოუძებნა 51-დან 60 წუთამდე მომხდარს.

გერმანიის უმსხვილესი გაზეთი Suddeutsche Zeitung-მა მატჩის გმირს ადამიანი-ტორნადო უწოდა. ამასთან, სამხრეთგერმანულ გამოცემას არ დავიწყებია გვარდიოლას ბოსტანში ქვის სროლა. ესპანელი სპეციალისტი გააკრიტიკეს იმის გამო, რომ მან ვერ შეძლო მეტოქის კონტრშეტევების აღკვეთა, რასაც "ვოლფსბურგის" მხრიდან ანგარიშის გახსნა მოჰყვა.

"გამაოგნებელი! დაუჯერებელი! და ძალიან სამწუხარო!" - ასე აღწერს Wolfsburger Allgemeine Zeitung სამშაბათს საღამოს მომხდარ ამბებს. "მგლების" "მშობლიური" გაზეთის აზრით, დიტერ ჰეკინგის მთელი გუნდი უბრალოდ ერთი ადამიანის შოუს აკვირდებოდა.

თავად ლევანდოვსკიმ მატჩის შემდეგ მცირე ინტერვიუ მისცა ბუნდელიგის ოფიციალურ ვებგვერდს. როგორც გაირკვა, პოლონელი ბოლომდე ვერ მიხვდა, რა მოხდა მეორე ტაიმის დასაწყისში:

"ეს არანორმალური წუთები იყო. რა თქმა უნდა, კმაყოფილი ვარ. ძალიან რთულია რაღაც თქვა მატჩის შემდეგ. უბრალოდ, გიჟური საღამო იყო!"

5-გოლიანის 5 რეკორდი
ცხრა წუთში პენტა თრიკის შესრულებით, რობერტ ლევანდოვსკიმ ბუნდესლიგის რამდენიმე რეკორდი დაამხო.

ყველაზე სწრაფი პენტა თრიკი ბუნდესლიგის ისტორიაში ერთი მოთამაშისგან მატჩში ხუთი გოლი - იშვიათი მოვლენაა ბუნდესლიგის მატჩებში. ბოლოს, ასეთი რამ შორეულ 1991 წელს, "დუისბურგის" ფეხბურთელმა მიხაელ ტიონისმა შეძლო "კარლსრუესთან" მატჩში. ასე რომ, XXI საუკუნეში ეს პირველი შემთხვევა იყო. მაგრამ მთავარი, რაც გამოარჩევს ამ პენტა თრიკს, მისი სისწრაფეა. ლევანდოვსკის ხუთი გოლისთვის მხოლოდ 537 წამი დასჭირდა.

სხვათა შორის, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა პოლონელმა მოკლე დროში გოლების ფოიერვერკი მოაწყო. ამა წლის ივნისში, ლევანდოვსკიმ პოლონეთის ნაკრების მაისურით, ოთხ წუთში სამი გოლი გაუტანა საქართველოს ნაკრებს.

აქ ბონუსად ფორვარდს კიდევ ორი რეკორდი ეკუთვნის - ყველაზე სწრაფი ჰეთ თრიკი და ყველაზე სწრაფი პოკერი ბუნდესლიგის ისტორიაში.

პირველი მოთამაშე ბუნდესლიგის ისტორიაში, რომელმაც ხუთი გოლი შეცვლაზე შესვლის შემდეგ გაიტანა

ხოსეპ გვარდიოლა იძულებული იყო, ლევანდოვსკი სათადარიგოთა სკამზე დაეტოვებინა - ჩემპიონთა ლიგაზე "ოლიმპიაკოსთან" მიღებული ტრავმის შემდეგ, პოლონელი ბოლომდე კარგად ვერ გრძნობდა თავს. სწორედ ამ დაზიანების გამო, ფორვარდმა გამოტოვა "დარმშტადტთან" მატჩი და მწყობრში "ვოლფსბურგისთვის" ჩადგა. შესვენებაზე გვარდიოლა მიხვდა, რომ "ბაიერნის" შეტევა ვერ ბრწყინავდა და რობერტი მოედანზე შეუშვა...

ყველაზე გამტანი ბომბარდირი ბუნდესლიგაში 42 წლის განმავლობაში
"ვოლფსბურგის" კარში ხუთი გოლის წყალობით, ლევანდოვსკი ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა - ექვსი ტურის შემდეგ, პოლონელი ფორვარდის აქტივში რვა გოლია. ამასთან, პოლონელს "დარმშტადტთან" მატჩის გამოტოვება მოუწია. გერმანიის ჩემპიონატის ისტორიაში არსებობს მხოლოდ ოთხი ფეხბურთელი, რომლებმაც ამ ზღვარს მეექვსე ტურისთვის მიაღწიეს. ბოლო იყო იუპ ჰაინკესი - 1973 წელს, ცხრა გოლი გაიტანა ექვს სასტარტო მატჩში.

ლეგენდების გვერდით
ბუნდესლიგის მატჩში ხუთი გოლი - ურთულესი მისიაა. ლევანდოვსკი პირველი მოთამაშეა XXI საუკუნეში, ვინც ეს შეძლო. და მე-14 ფეხბურთელი გერმანიის ჩემპიონატების ისტორიაში, რომელმაც პენტა თრიკი გაიფორმა. ბუნდესლიგაში 17-ჯერ გაუტანია ერთ მოთამაშეს ხუთი გოლი (ოთხჯერ ეს გააკეთა გერდ მიულერმა).

გაიტანა უფრო მეტი, ვიდრე სან მარინოს ნაკრებმა ისტორიაში
სან მარინოში იციან საკუთარი თავის დაცინვა. ამ ქვეყნის ნაკრები დიდი ხანია, მიიჩნევა ერთ-ერთ ყველაზე სუსტ გუნდად კონტინენტზე. და სან მარინოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ "ტვიტერზე", ლევანდოვსკის გმირობის შთაბეჭდილების ქვეშ, ასეთი რამ დაიწერა:

"ლევანდოვსკიმ ცხრა წუთში უფრო მეტი გაიტანა, ვიდრე ჩვენმა ნაკრებმა მთელი ისტორიის განმავლობაში". სხვათა შორის, სან მარინო ყოველთვის ასე მოკრძალებულად არ აფასებს თავის შესაძლებლობებს. ამა წლის სექტემბერში, იმავე "ტვიტერში" იცინოდნენ, რომ ნაკრებმა ერთი თვის განმავლობაში უფრო მეტი გაიტანა, ვიდრე თვით კრიშტიანო რონალდომ.

თუმცა სანმარინოელთა გამოთვლები ბოლომდე ზუსტი არ არის. თავისი თითქმის 30-წლიანი ისტორიის განმავლობაში, სან მარინოს ნაკრებმა 21 გოლი გაიტანა. გაცილებით მეტი, ვიდრე რობერტ ლევანდოვსკიმ 9 წუთის განმავლობაში.

23 სექტემბერი
შალკე-აინტრახტი 2:0
გოლები: 1:0 მატიპი (76), 2:0 ლ. სანე (90+1)
შალკე: ფერმანი, რიტერი, ჯ. მატიპი, ნოიშტედტერი, კოლაშინაცი, ჰიოგერი (70. ლ. სანე), გაისი, გორეტცკა, მაიერი (83. ჰიოვედესი), ჩუპო-მოტინგი (76. დი სანტო), ჰუნტელაარი.
აინტრახტი: ჰრადეცკი, იგნიოვსკი, სამბრანო (52. აბრაჰამი), რუსი, ოშჩიპკა, რაინარტცი, ჰასებე, შტენდერა, მაიერი, სეფეროვიჩი (26. აიგნერი), კასტაინოსი (78. ვალდშმიდტი).
გაფრთხილება: ჰიოგერი, კოლაშინაცი - რუსი, აბრაჰამი
კუთხური: 5-7 ჯარიმა: 9-17 თამაშგარე: 3-1 კარში დარტყმა: 13(7)-15(5) ბურთის ფლობა: 51%-49%
მაყურებელი: 60 104

ლევერკუზენი-მაინცი 1:0
გოლი: 1:0 ერნანდესი (69)
ლევერკუზენი: ლენო, დონატი, ტაჰი, რამალიო, ვენდელი, ლ. ბენდერი (90. პაპადოპულოსი), კამპლი, კრამერი, ბელარაბი (80. მეჰმედი), ჩალჰანოგლუ, ერნანდესი (70. კისლინგი).
მაინცი: კარიუსი, ბროსინსკი, ბუნგერტი, ბელი, ბენგტსონი, ბაუმგარტლინგერი, მორიტცი (58. ლატცა), კლემენსი, დე ბლასისი (72. ხაირო), მალი, მუტო (81. კორდობა).
გაფრთხილება: დონატი, ლ. ბენდერი, რამალიო
კუთხური: 11-3 ჯარიმა: 15-10 თამაშგარე: 4-0 კარში დარტყმა: 18(5)-3(2) ბურთის ფლობა: 61%-39%
მაყურებელი: 22 000

გლადბახი-აუგსბურგი 4:2
გოლები: 1:0 ჯონსონი (5), 2:0 ჯაკა (17), 3:0 შტინდლი (19), 4:0 დაუდი (21), 4:1 ვერჰაეგი (52-პენ), 4:2 ვერჰაეგი (75-პენ)
გლადბახი: ზომერი, კორბი, ა. კრისტენსენი, ალვარო დომინგესი, ვენდტი, დაუდი, ჯაკა (77. ნორდტვეიტი), ჰერმანი (56. ჰანი), ჯონსონი (59. ტრაორე), შტინდლი, რაფაელი.
აუგსბურგი: ჰიტცი, ვერჰაეგი, ჰონგი, კლავანი, სტაფილიდისი (46. ფოილნერი), ბაიერი, კოო, კორი (80. მიოლდერსი), ესვაინი (71. მაქსი), ჟი, მატავჟი.
გაფრთხილება: ჯაკა, შტინდლი - ვერჰაეგი, ჰონგი, სტაფილიდისი, ბაიერი, ჟი
კუთხური: 6-2 ჯარიმა: 20-21 თამაშგარე: 3-1 კარში დარტყმა: 23(15)-13(8) ბურთის ფლობა: 49%-51%
მაყურებელი: 41 511

ჰანოვერი-შტუტგარტი 1:3
გოლები: 1:0 ქარამანი (14), 1:1 გენტნერი (16), 1:2 ტიმო ვერნერი (18), 1:3 მაქსიმი (90)
ჰანოვერი: ცილერი, ჰ. საკაი, მარსელო, კ. შულცი, ალბორნოსი, ს. სანე, ზორგი (46. ერდინჩი), ქარამანი (67. კლაუსი), ანდრეასენი (72. სენტ-მაქსიმენი), კიიოტაკე, ა. ზობიხი.
შტუტგარტი: ტიტონი, კლაინი, სუნიჩი, ბაუმგარტლი, ინსუა, გენტნერი (80. რუპი), სერეი დიე, დიდავი (60. მაქსიმი), კოსტიჩი, ტიმო ვერნერი (72. ჰარნიკი), გინჩეკი.
გაფრთხილება: შულცი, ზობიხი, სენტ-მაქსიმენი - სერეი დიე, დიდავი, რუპი
კუთხური: 3-7 ჯარიმა: 15-17 თამაშგარე: 3-5 კარში დარტყმა: 6(2)-13(7) ბურთის ფლობა: 54%-46%
მაყურებელი: 39 000

ჰოფენჰაიმი-დორტმუნდი 1:1
გოლები: 1:0 რუდი (42), 1:1 ობამეიანგი (55)
ჰოფენჰაიმი: ბაუმანი, კადერაბეკი, ბიჩაკჩიჩი, ზიულე, ტოლიანი, რუდი (78. ცუბერი), შვეგლერი, პოლანსკი (64. შტრობლი), შმიდი, ფოლანდი, ე. ვარგასი (89. კურანი).
დორტმუნდი: ბიურკი, გინტერი, პაპასტატოპულოსი, ჰუმელსი, შმელცერი, ვაიგლი, ჰოფმანი (46. მხითარიანი), გონსალო კასტრო (77. რამოსი), კაგავა, როისი (54. გიუნდოგანი), ობამეიანგი.
გაფრთხილება: ბიჩაკჩიჩი, ფოლანდი - გიუნდოგანი
კუთხური: 5-4 ჯარიმა: 15-12 თამაშგარე: 2-3 კარში დარტყმა: 10(5)-13(4) ბურთის ფლობა: 35%-65%
მაყურებელი: 29 000
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ბომბარდირები: 8 - ლევანდოვსკი (ბაიერნი); 7 - ობამეიანგი (დორტმუნდი); 6 - მიულერი (ბაიერნი); 5 - მალი (მაინცი); 4 - კასტაინოსი (აინტრახტი), დოსტი (ვოლფსბურგი), მოდესტე (კიოლნი).
მომდევნო ტური

25 სექტემბერი.
კიოლნი-ინგოლშტადტი;

26 სექტემბერი.
ვოლფსბურგი-ჰანოვერი, შტუტგარტი-გლადბახი, აუგსბურგი-ჰოფენჰაიმი, ვერდერი-ლევერკუზენი, მაინცი-ბაიერნი, ჰამბურგი-შალკე;

27 სექტემბერი.
აინტრახტი-ჰერტა, დორტმუნდი-დარმშტადტი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული