ორი გრანდი და ორი მეორებუნდესლიგელი

AutoSharing Option
გერმანიის თასის მეოთხედფინალურმა დაპირისპირებებმა ნახევარფინალში ორი სახელოვანი კლუბი და ორიც მეორებუნდესლიგელი გაიყვანა. ოთხიდან ორ მატჩში გამარჯვებული შედარებით იოლად გამოვლინდა, ორგან კი მოვლენები უფრო დრამატულად განვითარდა.
სამშაბათს "შალკემ" "ნიურნბერგს" უმასპინძლა და მართალია, ძალიან გაუჭირდა, მაგრამ საწადელს მაინც მიაღწია. გამარჯვების გოლი კი დამატებითი დროის მიწურულს იმ ფეხბურთელმა გაიტანა, რომლისგანაც ამას ნაკლებად ელოდნენ – მოედანზე სამი წუთის შესულმა 17 წლის იულიან დრაქსლერმა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ბუნდესლიგურ შეხვედრაში "ხუმარათა" ძირითადში გამწესებული ყველა დროის უმცროსი მოთამაშე გახდა.

"დუისბურგი" და "კოტბუსი" მეორე ბუნდესლიგაში დღეისთვის შესაბამისად,
მე-3 და მე-5 ადგილზე არიან და თუ წილისყრამ ნახევარფინალში ერთმანეთს შეახვედრა, ევროთასებზე მოხვედრის დიდი იმედიც გაუჩნდებათ.

ანგარიშმა არ უნდა მოგვატყუოს, "ბაიერნმა" "აახენი" თამაშის ბოლოსღა გატეხა. მასპინძლებმა მიუნხენელებს რამდენიმე სახიფათო მომენტი შეუქმნეს და რომ არა ახალბედა კიპერ თომას კრაფტის ბრწყინვალე თამაში, გაიტანდნენ კიდეც. მერე მოედანზე ახლადგამოჯანმრთელებული არიენ რობენი შევიდა და ყველაფერი თავის ადგილზე დააყენა. ერთ რამედ ღირდა მის მიერ თომას მიულერისთვის გაკეთებული უზადო გადაცემის ნახვა, ბოლოს კი თავადაც გაიტანა. რობენსა და დუბლის ავტორ მიულერს არც მარიო გომესი ჩამორჩა.

"დიდებული შეგრძნებაა, როგორც იქნა, ფეხბურთს ვთამაშობ და "ბაიერნს" გამარჯვებაში ვეხმარები. გერმანიის თასის შენარჩუნება ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია, ნახევარფინალში კი მეტოქედ "შალკეს" ვისურვებდი. ჩემს აზრს "ბაიერნის" სხვა ფეხბურთელებიც იზიარებენ", - თქვა ნამატჩევს რობენმა.

შეგახსენებთ, "ბაიერნმა" თასი შარშანაც მოიგო და ნახევარდინალის დამატებით დროში სტუმრად "შალკე" სწორედ რობენის ბრწყინვალე გოლით დაამარცხა. ეს გოლი სეზონში ერთ-ერთი საუკეთესოდ აღიარეს.

გერმანიის თასი
მეოთხედფინალი

შალკე-ნიურნბერგი 3:2 დ.დ. (2:2 ძ.დ.)
გოლები: 0:1 შიბერი (4), 1:1 გავრანოვიჩი (14), 1:2 შიბერი (32), 2:2 რაკიტიჩი (58), 3:2 დრაქსლერი (119)

აახენი-ბაიერნი 0:4
გოლები: 0:1 გომესი (26), 0:2 მიულერი (75), 0:3 მიულერი (80), 0:4 რობენი (88)

კოტბუსი-ჰოფენჰაიმი 1:0
გოლი: 1:0 შაო (84)

დუისბურგი-კაიზერსლაუტერნი 2:0
გოლები: 1:0 ბაიჩი (36), 2:0 შუკალო (58)
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული