FC Hollywood - reloaded

AutoSharing Option
FC Hollywood დაბრუნდაო, წერდნენ ჩვენი გერმანელი კოლეგები გუშინ და ცხადია, მიუნხენის „ბაიერნს“ გულისხმობდნენ, სადაც მიუხედავად ბოლოდროინდელი წარმატებებისა, გასულ უქმეებზე მაინც „დიდი ექშენი“ იყო. კიდევ რა ხდება გერმანულ პრესაში ბუნდესლიგის მე-20 ტურის შემდეგ? ყველა შეთანხმდა, რომ „ვერცხლის სინს“ აუცილებლად დორტმუნდის „ბორუსია“ დაისაკუთრებს, ვიცე-ჩემპიონობის შანსი კი, „ბაიერნთან“ ერთად „ლევერკუზენსაც“ აქვს, რაც მიხაელ ბალაკის დამსახურებაცაა.

 

მთავარი თემა კი ამჯერად „ბაიერნია“: იმისათვის, რომ გერმანიის ჩემპიონატი ბრწყინვალე „დორტმუნდის“ გამო ძალიან მოსაწყენი არ გახდეს, მიუნხენელებმა ახალი სალაპარაკო თემა გააჩინეს. ტურის მიმოხილვაშიც გაუწყეთ, რომ ბრემენში მოგებული მატჩის დროს

(3:1) არიენ რობენი და თომას მიულერი ერთმანეთს წაეკიდნენ (ჰოლივუდი ექშენის გარეშე ხომ წარმოუდგენელია), მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ რეკორდმაისტერმა ბოლო სამ ოფიციალურ შეხვედრაში ბურთების მშვენიერი შეფარდება (12:2) დააფიქსირა, რობენ-მიულერის დაკა-დაკა აშკარად უადგილო იყო.

თქვენ წინაშეა ბუნდესლიგის მე-20 ტურის გამოხმაურება tops&Flops-ის სახით:

 

მაგათი ვეღარ ლაპარაკობს

ვცდილობთ, მაგრამ ვერ ვიხსენებთ შემთხვევას, როცა ფელიქს მაგათს თამაშის შემდეგ არაფერი ჰქონდა სათქმელი. შაბათს, საკუთარ მოედანზე „ჰოფენჰაიმთან“ წაგების (0:1) მერე „შალკეს“ თავკაცმა ხმა ვერ ამოიღო - სათქმელი არაფერი მაქვსო, გაოგნებული და ენაჩავარდნილი იყო „დესპოტი ფელიქსი“. მოგვიანებით, პრესკონფერენციაზე ფელიქსმა მხოლოდ ის თქვა, რომ მისმა შეგირდებმა „ჰოფესთან“ წაგება დაიმსახურეს. მოკლედ, გერმანიის ვიცე-ჩემპიონი საშინელ დღეშია და აღარც არაერთგზის ნაქები მანუელ ნოიერი გამოიყურება კარგად. ყოველ შემთხვევაში, ისააკ ვორსას გოლის დროს გერმანიის ნაკრების კარის დარაჯი აშკარად შეცდა.


ლაკიჩი "ვოლფსბურგის" მაისურით

თავდამსხმელი სრდიან ლაკიჩი ზაფხულში „კაიზერსლაუტერნიდან“ „ვოლფსბურგში“ გადავა. ტრანსფერი წინა კვირაში გადაწყდა, მაგრამ „ლაუტერნის“ ხელმძღვანელებს ამ ინფორმაციის გახმაურება ჯერ არ სურდათ. „ვოლფსბურგის“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე კი გამოქვეყნდა ცნობა ტრანსფერის შესახებ და ფოტო, სადაც ასახულია, თუ როგორ პოზიორობს ლაკიჩი „მგლების“ მაისურით „ვოლფსბურგის“ შეფ დიტერ ჰიონესთან ერთად.

 

„კაიზერსლაუტერნის“ ბოსი შტეფან კუნტცი კი ამის გამო ისე განრისხდა, რომ ამ უქმეებზე მხოლოდ ამაზე საუბრობდა და დიტერ ჰიონესს ლანძღავდა. კუნტცმა ვოლფსბურგელებს არაპროფესიონალები და მლიქვნელები უწოდა და ლაკიჩიც გამოლანძღა, „მაინცთან“ საშინლად ითამაშაო.


"კიოლნი": სრული სვლით მეორე ბუნდესლიგისკენ

„კიოლნმა“ „ზანკტ პაულისთან“ გადარჩენისთვის პირდაპირი დუელი წააგო და თანაც ისე აშკარად, რომ შეგვიძლია, „თხები“ უკვე მეორებუნდესლიგელებად მოვიხსენიოთ. „ზანკტ პაული“ ნამდვილად არ განეკუთვნება თუნდაც საშუალო დონის გუნდების რიცხვს და ამის ფონზე „კიოლნთან“ 3:0-ის დაფიქსირება „თხების“ აშკარა ჩაძირვას ნიშნავს. ანგარიშს თავი რომ დავანებოთ, „პაულიმ“ „კიოლნის“ კარისკენ 30-ჯერ დაარტყა, „კიოლნმა“ „პაულის“ კარისკენ კი - მხოლოდ სამჯერ. შედეგი: „თხები“ მე-16 ადგილზე არიან, გვირაბის ბოლოს კი ის სინათლეც აღარ ჩანს, 10 დღის წინ „ვერდერთან“ მოგებული თამაშის (3:0) შემდეგ რომ გამოჩნდა.

 

მერტეს "ნუ დასცინი სხვასაო" დაემართა

„ვერდერმა“ „ბაიერნთან“ 64 წუთის მანძილზე კარგად ითამაშა. „მუსიკოსები“ რეკორდმაისტერს უგებდნენ, გოლის ავტორი პერ მერტეზაკერი იყო, რომელმაც ზეიმის დროს მიუნხენელ ფანებს ენაც კი გამოუყო. მერე კი არიენ რობენმა ანგარიში გაათანაბრა, რის შემდეგაც ისევ მერტეზაკერმა იხეირა, ოღონდ ამჯერად საკუთარი კარი დალაშქრა და „ბაიერნის“ ფანებმა ისე დასცინეს, „მერტეს“ ცოტა დააკლდა, „ვერდერის“ მწვრთნელ თომას შააფს შეცვლა რომ არ მოსთხოვა. ახლა „ვერდერს“ საშიშ მე-16 ადგილამდე მხოლოდ სამი ქულაღა აშორებს. 31 წელია, „მუსიკოსებს“ 20 ტურის შემდეგ ასეთი საშინელი შედეგი არ ჰქონიათ. სხვათა შორის, 31 წლის წინ „ვერდერი“ მეორე ბუნდესლიგაში გავარდა.


შტუტგარტშიც უიმედობაა

შტუტგარტელებმა მე-19 ტურში დორტმუნდიდან ქულა წაიღეს, რამაც შვაბური კლუბის ფანები ოპტიმისტურად განაწყო. „ფრაიბურგთან“ საშინაო მატჩის წინ, კლუბის მერჩენდაიზ-განყოფილებამ „მერსედეს ბენც არენაზე“ ათასობით კაშნე უფასოდ დაარიგა.

 

კაშნეზე ეწერა: „შტუტგარტი მეორე ბუნდესლიგაში არასდროს გავარდება!“
ნუთუ? ბრუნო ლაბადიას გუნდმა „ფრაიბურგთან“ 0:1 წააგო. ფანები კაშნეებით კარგად კი გათბნენ, მაგრამ თუ შვაბური კლუბი ასე გააგრძელებს, ამ საჩუქრის გაისად გამოყენება ნაღდად შეუძლებელი იქნება.


"მაინცი" დაბრუნდა?

„კაიზერსლაუტერნთან“ დერბის წინ, „მაინცის“ მთავარი მწვრთნელი თომას ტუხელი ამბობდა, საშინელი გოლითაც რომ მოვიგოთ, მაინც ძალიან ბედნიერი ვიქნებიო. კარნავალელებმა მართლაც მოიგეს, ოღონდ ლუის ჰოლტბის გენიალური გოლით.


ბალაკის 90 წუთი

მიხაელ ბალაკმა „ჰანოვერთან“ მატჩში, რომელიც „ლევერკუზენმა“ 2:0 მოიგო, რა თქმა უნდა, საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე ითამაშა. დაცვითი ფუნქციები იდეალურად შეასრულა, აი, შეტევაში კი ცოტათი მოიკოჭლებდა, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს... მთავარი ისაა, რომ ბალამ მოედანზე 90 წუთი გაატარა. მასთან ერთად, „ბაიერმა“ მეორე ადგილზე პოზიციები გაიმყარა, ბალაკი კი ახლა გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელისთვის, იოახიმ ლიოვისთვის უკვე აქტუალური თემაა. თვითონ მიხაელი იმედოვნებს, რომ ჯანმრთელობას დიდხანს შეინარჩუნებს. შეგახსენებთ, ტრავმების გამო მას ფაქტობრივად ერთი წელი გაუცდა.


რუუდი რეალობაში

„ჰამბურგი“ „ნიურნბერგთან“ დამარცხდა, რუუდ ვან ნისტელროიმ კი, გოლს ვინ ჩივის, საშინლად ითამაშა. ჰოლანდიელი თავდამსხმელი ჰამბურგელთაგან ყველაზე იშვიათად ეხებოდა ბურთს და ერთადერთი რეალური საგოლე შანსიც ვერ გამოიყენა (82-ე წუთზე). კი მაგრამ, თოპ კატეგორიაში რაღა ესაქმებაო, იკითხავთ აუცილებლად. ამ შემთხვევაში ვგულისხმობთ არა თვითონ ფეხბურთელს, არამედ იმ ფაქტს, რომ ვან ნისტელროიმ „ნიურნბერგთან“ ვერაფერი გააწყო. იმედია, ამ თამაშის შემდეგ მაინცაა დარწმუნებული იმაში, რომ მადრიდის „რეალში“ დაბრუნებას არ იმსახურებდა.


უიღბლობამ "დორტმუნდს" ვერაფერი დააკლო

ჯერ შინჯი კაგავა დაიმტვრა (სხვათა შორის, ოპერაცია უკვე გაუკეთეს), მერე ლუკას ბარიოსმა გააკრიტიკა მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი და ამ ყველაფერს წინ „შტუტგარტთან“ უიღბლო ფრეც უძღვოდა, მაგრამ შაბათს გამოჩნდა, რომ უიღბლობის რამდენიმე შემოტევამ „ბორუსიას“ ვერაფერი დააკლო - BVB-მ „ვოლფსბურგში“ უპრობლემოდ, 3:0 მოიგო. 50 ქულა (60 შესაძლოდან), თერთმეტქულიანი უპირატესობა მეორეადგილოსან „ლევერკუზენთან“ - „შავ-ყვითლების“ გამჩერებელი არავინ და არაფერია.


რობენისა და მიულერის შეტაკება

„ბაიერნმა“ ბრემენში მოიგო, მაგრამ ეს მეორეხარისხოვანი მოვლენაა. უფრო საინტერესო ისაა, რომ მიუხედავად წარმატებისა, მიუნხენელებმა ერთმანეთში იკინკლავეს, თანაც უკვე ვერბალურად. არიენ რობენისა და თომას მიულერის შეტაკების დეტალებზე გუშინდელ ნომერში ვწერდით, ახლა კი მხოლოდ იმას დავამატებთ, რომ რობენი ახალგაზრდა მიულერისგან მეტ პატივისცემას ითხოვს და სადღაც მართალიცაა. სპორტული თვალსაზრისით კი, ბავარიულ გრანდს ყველაფერი კარგად მისდის. თუმცა იმისათვის, რომ „სპექტაკლი“ უინტერესო არ გახდეს, ლუის ვან გაალი და მისი შეგირდები ყოველ უიქენდზე ჰოლივუდისთვის დამახასიათებელ თვალსასეირო ექშენსაც გვთავაზობენ.

 


XX ტურის სიმბოლური ნაკრები (კიკერი, 4-2-3-1)

რობერტ ცილერი (ჰანოვერი) - ლუკაშ პიჟჩეკი (ბორუსია დ), ისააკ ვორსა (ჰანოვერი), ნევენ სუბოტიჩი (ბორუსია დ), მატს ჰუმელსი (ბორუსია დ) - ტიმი სიმონსი (ნიურნბერგი), ნური შაჰინი (ბორუსია დ) - ჩარლზ ტაკი (ზტ. პაული), არტურო ვიდალი (ლევერკუზენი), მარიო გიოტცე (ბორუსია დ) - ჯერალდ ასამოა (ზტ. პაული)

დორტმუნდის „ბორუსიას“ საყრდენი ნახევარმცველი ნური შაჰინი ტურის სიმბოლურ ნაკრებში მეშვიდედ მოხვდა, რაც საუკეთესო შედეგია. „ლევერკუზენის“ ნახევარმცველი არტურო ვიდალი და „ბორუსიას“ მცველი მატს ჰუმელსი კი „კიკერის“ სიმბოლურში მეხუთედ არიან წარმოდგენილები.


ტურის გმირი
ნური შაჰინი (ბორუსია დ)
შაჰინი ამ სეზონში ტურის სიმბოლურ ნაკრებში შვიდჯერ მოხვდა და „კიკერის“ შეფასებების მიხედვით ბუნდესლიგის საუკეთესო ფეხბურთელია, მაგრამ ხსენებულმა გამოცემამ ტურის საუკეთესოდ პირველად დაასახელა. 22 წლის თურქი ნახევარმცველი ვოლფსბურგში მართლაც თითით საჩვენებელი ფეხბურთელი იყო.


საუკეთესო ფეხბურთელები
20 ტურის შემდეგ, „კიკერის“ შეფასებების მიხედვით

ფეხბურთელი კლუბი საშუალო შეფასება
1. ნური შაჰინი ბორუსია (დ) 2.43
2. მანუელ ნოიერი შალკე 2.58
3. შინჯი კაგავა ბორუსია (დ) 2.62
4. მატს ჰუმელსი ბორუსია (დ) 2.63
5. სვენ ბენდერი ბორუსია (დ) 2.72
6. რომან ვაიდენფელერი ბორუსია (დ) 2.73
7. მარიო გიოტცე ბორუსია (დ) 2.75
8. კრისტიან ვეტკლო მაინცი 2.77
9. მარიო გომესი ბაიერნი 2.77
10. პაპის დემბა სისე ფრაიბურგი 2.78


გოლს პლუს პასის რეიტინგი

ფეხბურთელი კლუბი გოლი პასი ქულა
მარიო გომესი ბაიერნი 15 3 18
არტურო ვიდალი ლევერკუზენი 9 8 17
პაპის დემბა სისე ფრაიბურგი 15 1 16
თეოფანის გეკასი აინტრახტი 14 2 16
დიდიე ია კონანი ჰანოვერი 10 4 14
ლუკას ბარიოსი ბორუსია (დ) 9 4 13
თომას მიულერი ბაიერნი 6 7 13
იულიან შიბერი ნიურნბერგი 5 8 13
სრდიან ლაკიჩი კაიზერსლაუტერნი 11 1 12
ლუკას პოდოლსკი კიოლნი 7 5 12.

 

 

 

 

.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული