მიუხედავად იმისა, რომ „ბაიერნი“ ბუნდესლიგის ლიდერ „დორტმუნდს“ 14 ქულით ჩამორჩება, რეკორდმაისტერის პრეზიდენტ ული ჰიონესს ჩემპიონობაზე ხელი არ ჩაუქნევია და ჯერ კიდევ აქვს იმის იმედი, რომ მიუნხენური კლუბი „ვერცხლის სინის“ შენარჩუნებას შეძლებს.
„დორტმუნდელებს კრიზისი ჯერ არ ჰქონიათ და არა მგონია, რომ მთელი სეზონი რამდენიმეტურიანი ჩავარდნის გარეშე ჩაატარონ, - აცხადებს „ბაიერნის“ 59 წლის პრეზიდენტი და იქვე დასძენს, - ცხადია, ჯერ კიდევ მაქვს იმის იმედი, რომ „ბორუსიას“ კრიზისი ექნება და დარწმუნებული ვარ, რომ ასეთ შემთხვევაში „ბაიერნი“ მზად იქნება, BVB-ს კრიზისით ისარგებლოს.“
თუმცა ჰიონესი
შეგახსენებთ, რომ დღეისათვის „ბაიერნი“ ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა, მეორეადგილოსან „ლევერკუზენს“ კი მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩება. ამასთან, მიუნხენური კლუბი გერმანიის თასის ნახევარფინალსა და ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალშია, სადაც მეტოქედ მილანის „ინტერი“ ელის.
ჰიონესის თქმით, „ბაიერნმა“ ამ სეზონში მინიმუმ ერთი ტიტული მაინც უნდა მოიგოს და ულის ყველაზე რეალურად, რა თქმა უნდა, გერმანიის თასის მოგება მიაჩნია: „მიხარია, რომ თასის ნახევარფინალში „შალკესთან“ თამაში საკუთარ მოედანზე გვიწევს. თუ გელზენკირხენული კლუბის ბარიერი გადავლახეთ, თასს იოლად მოვიგებთ, რადგან ფინალში ან „კოტბუსს“ უნდა შევხვდეთ, ანაც „დუისბურგს“ და არა მგონია, რომ რომელიმე მათგანმა პრობლემა შეგვიქმნას. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას: „ბაიერნში“ ყველას „ინტერზე“ შურისძიება გვინდა.“