მაშ ასე: როგორც მოსალოდნელი იყო, „ვოლფსბურგის“ ხელმძღვანელებმა „ჰანოვერთან“ განცდილი მარცხის (0:1) შემდეგ, აბსოლუტურად ლოგიკური ნაბიჯი გადადგეს და გუნდის მთავარი მწვრთნელი სტივ მაკლარენი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ინგლისელი სპეციალისტი გერმანიაში დიდხანს რომ ვერ „იბალახებდა“, ეს სეზონის დასაწყისშიც გამოჩნდა და ტურიდან ტურამდე მტკიცდებოდა. „ვოლფსბურგს“ საკმაოდ კარგი შემადგენლობა ჰყავს და კლუბის ბოსებს, უფრო სწორად, მფარველ „ფოლკსვაგენის“ კონცერნს ფული არასდროს ენანება ახალ ფეხბურთელებში თუ ძვირადღირებულ შეკრებებში, მაგრამ „მგლებს“ შედეგი არ ჰქონდათ. ყოველ შემთხვევაში, არ ჰქონდათ ისეთი შედეგი, როგორიც გერმანიის ექს-ჩემპიონს შეეფერება.
ამრიგად, „ვოლფსბურგს“ დროებით გერმანიის ნაკრების
პიერმა სტივს უკბინა
მაკლარენი უპირატესობას 4-2-3-1 ტაქტიკურ სქემას ანიჭებდა, რაც არც „ვოლფსბურგის“ გულშემატკივრებს მოსწონდათ, არც მენეჯერ დიტერ ჰიონესს და არც თვითონ ფეხბურთელებს. ჰიონესს ურჩევნია, რომ გუნდმა ორი თავდამსხმელით ითამაშოს და რაკი „მგლებს“ დიეგოს სახით ძალიან ძვირადღირებული გამთამაშებელი ჰყავთ, ფაქტია, რომ სქემა 4-1-2-1-2 უნდა იყოს, ანუ, რომბისებული 4-4-2. დიტერი ბედნიერია იმით, რომ ლიტბარსკი სწორედ ორი ფორვარდით თამაშს ამბჯობინებს. საინტერესოა, ვინ შეცვლის გამთამაშებლის პოზიციაზე დიეგოს „ჰამბურგთან“ შეხვედრაში - გამორიცხული არაა, რომ ამ თამაშში პიერმა გუნდი სულაც კლასიკური 4-4-2-ით ათამაშოს, ანუ, ფლეიმეიქერის გარეშე. თუმცა თავდამსხმელების უკან თამაში ახალწვეულ თუნჯაი სანლის, აშკან დეჟაგას და თომას კალენბერგსაც შეუძლიათ.
ლიტბარსკის პირველივე ვარჯიში უმძიმესი გამოუვიდა და ფეხბურთელებს ის დრო გაახსენდათ, როცა „ვოლფსბურგს“ ფელიქს მაგათი ავარჯიშებდა. პიერის თქმით, გუნდში ბევრი რამ არის შესაცვლელი. ამ სეზონში შეცდომების დაშვების უფლება არ გვაქვსო, ამბობს პიერი და ჯერ კიდევ აქვს იმის იმედი, რომ სატურნირო ცხრილში 21-ე ტურის შემდეგ მე-12 ადგილზე მყოფი „ვოლფსბურგი“ ევროპის ლიგის საგზურის მოპოვებას, ანუ, საუკეთესო ხუთეულში მოხვედრას შეძლებს. პიერი სერიოზულად უნდა ჩაუჯდეს ვიდეო-ანალიზებს - ლიტბარსკი ამბობს, მაკლარენი ამას საერთოდ არ აკეთებდაო. „ხშირი იყო შემთხვევები, როცა ვარჯიში ჯერ კიდევ არ იყო დამთავრებული, როცა ზოგიერთი ფეხბურთელი უკვე მანქანაში იჯდა. ამიერიდან ასეთი რამ გამორიცხულია,“ - მკაცრია ლიტბარსკი. ჰიონესის თქმით კი, მას ახლა სრული ძალაუფლება აქვს და შეუძლია ისე იმოქმედოს, როგორც უნდა. დიტერი იმასაც ამბობს, რომ პიერს სეზონის ბოლომდე მთავარი მწვრთნელის პოსტზე მუშაობა განაღდებული აქვს.
რა იქნება მომდევნო სეზონში? ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, დიტერ ჰიონესმა უკვე დაიწყო მოლაპარაკებები როგორც „ჰოფენჰაიმიდან“ წამოსულ რალფ რანგნიკთან, ისე, ბერლინის „ჰერტას“ ყოფილ თავკაც ლუსიენ ფავრთან. „შპიგელის“ ინფორმაციით, თუ ლიტბარსკიმ იმედები ვერ გაამართლა, ჰიონესის პირველი არჩევანი რანგნიკი იქნება.