ბევრი ელოდა, რომ "დორტმუნდიდან" მიუნხენის "ბაიერნში" გადასული ფეხბურთელი "რეკორდმაისტერის" მთავარ თუ არა, ერთ-ერთ მთავარ ვარსკვლავად იქცეოდა. ეს ასე არ მოხდა. რა გახდა ამის მიზეზი, ამაზე მსჯელობა შეიძლება.
შანსი, რომელიც არ არის
რა თქმა უნდა, "ბაიერნში" მარიო გიოტცე ვერ აჩვენებს იმ თამაშს, რასაც მისგან ველით, იმ შემთხვევებშიც კი, როცა შემადგენლობა არ არის მთლად ოპტიმალური, მარიოს შანსი იშვიათად ეძელევა. პირდაპირ შეიძლება დავწეროთ, რომ გიოტცე პეპის გემოვნებაში ვერ ჯდება. "ბაიერნში" კარლო ანჩელოტი მოდის, მაგრამ მარიო ლოდინს არ აპირებს - ის მიდის.
ამას თავისი ახსნა აქვს. თუ კლუბში ვერ ითამაშე, გერმანიის ნაკრებში ადგილს დაკარგავ. მეორეც - მარიოს მოენატრა დიდი გოლები, დიდი გამარჯვებები. მან ეს სურნელი ადრევე შეიგრძნო. მას უნდა, რომ ამ წარმოდგენების არა მაყურებელი, არამედ უშუალო მონაწილე იყოს.
საშველი პირველი - დაბრუნება დორტმუნდში
"სიგნალ იდუნა პარკზე" მოუთმენლად ელიან მათ ერთ-ერთ მთავარ გმირს. თანამედროვე პრაქტიკაში ძალიან ბევრია ისეთი შემთხვევა, როცა ფეხბურთელი "დორტმუნდიდან" წასულა, სხვაგან არაფერი გამოსვლია და ისევ უკან დაბრუნებულს საკუთარი თავი ხელახლა უპოვია.მაგალითისათვის შორს წასვლა ნამდვილად არ გვჭირდება. ცოტა ხნის წინათ, ნური შაჰინი "რეალსა" და "ლივერპულში" ჩაიკარგა, შინჯი კაგავა კი - "მანჩესტერ იუნაიტედის" ლაბირინთებში. ორივე მათგანმა მართებული გადაწყვეტილება მიიღო და დაბრუნდა.
სავარაუდოდ, კლუბის ხელმძღვანელობა გიოტცეს დასაბრუნებლად თანხას არ დაინანებს. მით უმეტეს, ცოტა ხნის წინათ, ის გაცილებით ძვირად გაიყიდა. "დორტმუნდში" მომავალი სეზონისათვის ისეთი გუნდის აწყობა სურთ, რომელიც ბოლომდე რეალურად იბრძოლებს ჩემპიონის ტიტულისათვის. "ბაიერნთან" კონკურენციას კი გიოტცეს დარი ფეხბურთელები სჭირდება. ისიც ადვილი წარმოსადგენია, როგორი ჟინითა და თავდადებით ითამაშებს მარიო ყოფილი კლუბის წინააღმდეგ.
საშველი მეორე - "ლივერპული"
იურგენ კლოპმა "დორტმუნდში" ეპოქა შექმნა და სხვა კარგ ფეხბურთელებთან ერთად მარიო გიოტცეც აღმოაჩინა. კლოპი ახლა "ლივერპულში" მუშაობს. როგორც იტყვიან, ყველაფერი გასაგებია.მერსისაიდულ გრანდში ყველას დაავიწყდა, როდის იყო ბოლოს გუნდი ინგლისის ჩემპიონი. ამას გახსენება სჭირდება. კლოპი ის მწვრთნელია, ვისაც გუნდის დიდ გამარჯვებებამდე მიყვანა შეუძლია, მაგრამ საამისოდ მას შესაბამისი კვალიფიკაციის ფეხბურთელები სჭირდება.
გიოტცე ზედგამოჭრილი ვარიანტია. კლოპი ზაფხულში გვარიანი ტრანსფერების განხორციელებას აპირებს და კლუბის ხელმძღვანელობაც შეგუებულია, რომ დიდი ფული უნდა დახარჯოს.
ეგაა, "დორტმუნდთან" ჭიდაობა მაინც რთული იქნება. ასეთ შემთხვევაში შეიძლება გადამწყვეტი როლი იმან შეასრულოს, რომ "სიგნალ იდუნა პარკი" მარიოსათვის მშობლიური ასპარეზია.
გერმანიის ნაკრები
რა თქმა უნდა, გიოტცე გერმანიის ნაკრების შემადგენლობაში კარსმომდგარ ევროპის ჩემპიონატზე აუცილებლად ითამაშებს. იოახიმ ლიოვი თავის ბიჭებს ძველ დამსახურებებს არ უკარგავს. აქ კითხვის ნიშანი ორია.პირველი და მთავარი ის არის, რამდენად სასარგებლო იქნება ფორმიდან ამოვარდნილი მარიო გუნდისათვის. მეორე კი მისი პოზიციაა მინდორზე. გააჩნია, როგორ ითამაშებს ბუნდესმანშაფტი.
გიოტცესათვის ნაკრებში იდეალური პოზიცია უკანდახეული ფორვარდია. საკითხავი ისაა, გამოიყენებს კი საერთოდ მწვრთნელი ამ ამპლუის მოთამაშეს? შეიძლება, მარიო ფლანგზეც ვიხილოთ, მაგრამ თუ პოზიციას შეუცვლიან, ის, სავარაუდოდ, ძველებურად ეფექტური ვეღარ იქნება.
საერთოდ, გერმანიის ნაკრებში უდიდესი კონკურენციაა. მსოფლიოში ალბათ არ მოიძებნება გუნდი თუ ნაკრები, სადაც ერთ კონკრეტულ ადგილზე პრეტენზიას ამდენი ფეხბურთელი აცხადებდეს.
ეს მარიო გიოტცემ მშვენივრად იცის. სწორედ ამიტომ უნდა წავიდეს ის "ბაიერნიდან". უნდა წავიდეს, მაგრამ საით? ამ კითხვას პასუხი ზაფხულში გაეცემა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"