„შალკეს“ მთავარი მწვრთნელი და მენეჯერი ფელიქს მაგათი გუნდის „ნატვრის თვალის“, მეკარე მანუელ ნოიერის გაყიდვას კატეგორიული ტონით გამორიცხავს და ირწმუნება, ეს ბიჭი მინიმუმ 2012 წლამდე „შალკეში“ ითამაშებსო. ასეთი განცხადება „დესპოტმა ფელიქსმა“ „შპორტ ბილდისთვის“ მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.
როგორც იცით, გერმანიის ნაკრების კიპერს, რომელიც შესანიშნავ ფორმაშია, მთხოვნელების დიდი რიგი უდგას. ყველაზე მეტად მიუნხენის „ბაიერნი“ აქტიურობდა, მაგრამ რაკი რეკორდმაისტერმა იანვარში მანუელის გადაბირება ვერ შეძლო და ბუნდესმეკარე ვერც ზაფხულისთვის დაიბევა, ლუის ვან გაალმა ახალგაზრდა თომას კრაფტზე გააკეთა აქცენტი და იმედი აქვს, რომ ეს უკანასკნელი იმედებს
მაგათი კი ოპტიმისტურადაა განწყობილი და სჯერა, რომ ნოიერის ახალ კონტრაქტზე დათანხმებას შეძლებს. „თებერვალში ან მარტში მანუელთან მოლაპარაკებებს დავიწყებ და იმედი მაქვს, ისეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, როგორსაც მისგან „შალკეს“ გულშემატკივრები ელიან. ერთი რამის თქმა ახლავე შემიძლია: მანუელ ნოიერი მინიმუმ 2012 წლამდე აუცილებლად „შალკეში“ ითამაშებს,“ - ამბობს მაგათი. ფეხბურთელის აგენტის, თომას კროთის თქმით, მანუელთან დაკავშირებით ახალი არაფერია. კროთი ამბობს, ფაქტი ისაა, რომ ნოიერს „შალკესთან“ კონტრაქტი 2012 წლამდე აკავშირებსო.
გელზენკირხენულ კლუბს 21 ტურის შემდეგ ბუნდესლიგაში 26 ქულა აქვს და ცხრილის ქვედა ნახევარშია. „შალკეს“ გასავარდნ ზონას მხოლოდ 4 ქულა აშორებს. გელზენკირხენში ყველა ხვდება, რომ რომ არა მანუელ ნოიერი, „შალკე“ ახლა გასავარდნ ზონაში იქნებოდა. ამასობაში, „შპორტ ბილდმა“ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ნოიერს არსებულ კონტრაქტში ისეთი პუნქტი უდევს, რომ ნებისმიერი ოფიციალური შემოთავაზება მის ხელფასს ავტომატურად ზრდის. მაგალითად, თუ ჩემპიონთა ლიგის რომელიმე წარმომადგენელი „შალკეს“ ნოიერში 15 მილიონ ევროზე მეტს შესთავაზებს და გელზენკირხენული კლუბი მანუელის გაყიდვაზე უარს იტყვის, ნოიერის ხელფასი ავტომატურად 20 პროცენტით გაიზრდება.
მანუელის ჯამაგირი ამჟამად წელიწადში 2 მილიონ ევროს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ კონტრაქტში ჩადებული ზემოთხსენებული პუნქტი ოფიციალური წინადადების არსებობის შემთხვევაში მეკარის ხელფასს 400 000 ევროთი გაზრდის.