ტიკი-ტაკას კრახი გერმანიაში - პეპი "ბაიერნიდან" დამარცხებული მიდის

AutoSharing Option
მორჩა, ამას წყალი აღარ გაუვა. პეპ გვარდიოლა მიუნხენის "ბაიერნიდან" დამარცხებული მიდის.

"ბაიერნმა" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ სერიაში მოუხარა ქედი "ატლეტიკოს". ზოგიერთი გუნდისათვის ევროპის უმთავრესი საფეხბურთო ტურნირის ნახევარფინალში გასვლა უკვე დიდი მიღწევაა, მაგრამ ამას ვერ ვიტყვით "რეკორდმაისტერზე", რომელიც მუდამ უმაღლესი მიზნებისათვის იბრძვის.

ტიკი-ტაკა
ახლა შეიძლება დაზუსტებით ითქვას, რომ ტიკი-ტაკამ მიუნხენურ გრანდში კრახი განიცადა. შესაძლოა, ბოლო ორი სეზონის კანმავლობაში გერმანული გუნდი ასეთ ფეხბურთს მხოლოდ ზოგიერთ შემთხვევაში თამაშობდა, მაგრამ სადაც ხოსეპ გვარდიოლაა, იქ ყველაზე ხშირად სწორედ ტიკი-ტაკას ახსენებენ.

პეპი ბოლომდე ვერ მოერგო გუნდს. ისეთი შთაბეჭდილება
იქმნებოდა, რომ ის ბოლომდე უცხო სხეულად დარჩა "ბაიერნის" დიდ და შინაურ ოჯახში. შემთხვევითი არ არის, რომ ზოგიერთი მიუნხენელი ფანი პეპს კატალონიელთა აგენტს ეძახდა.

რა თქმა უნდა, ეს იყო სრული უაზრობა, მაგრამ ხაზს უსვამდა გულშემატკივრების დამოკიდებულებას ესპანელი სპეციალისტისადმი.

ახლა ტიკი-ტაკა "მანჩესტერ სიტიში" მიდის. ვნახოთ, რა როგორ იქნება "ეტიჰადზე". იქ შედარებით იოლად უნდა იყოს საქმე, რადგან ტრადიცია ნაკლებია. იქ გვარდიოლას ისე ელიან, როგორც მსხნელს. "ბაიერნში" კი ასე არ იყო. პეპი იქ იუპ ჰაინკესის მაგივრად მივიდა, ვინც გვარდიოლას მისვლამდე ყველა შესაძლო ტიტული მოიგო.

უცნაური სატრანსფერო კამპანია
სხვა სეზონებს თავი დავანებოთ და მიმდინარე სეზონი ავიღოთ. ძალიან უცნაურია, რატომ არ იყიდა თუნდაც ზამთრის სატრანსფერო პერიოდისას გვარდიოლამ თუნდაც ერთი კვალიფიციური ცენტრალური მცველი (ტასკის ასეთად ვერ ჩავთვლით).

ისე მოხდა, რომ ჟერომ ბოატენგის ტრავმის შემდეგ "ბაიერნს" ამპლუით ცენტრალური მცველი თითქმის აღარ დარჩა. ნებისმიერ მწვრთნელს აქვს თავისი ამოჩემება და არც გვარდიოლა არის გამონაკლისი. გვარდიოლა ჯოშუა კიმიჰს გადაეკიდა. არადა, ახალგაზრდა მცველი ჯერაც არ არის იმ დონეზე, რომ პირველხარისხოვან შეხვედრებში წარმატებით ითამაშოს.

ხავი მარტინესი და დავიდ ალაბა კი არავითარ შემთხვევაში არ არიან ცენტრალური მცველები. ამპლუის შეცვლა ნებისმიერი ფეხბურთელის თამაშის ხარისხზე მოქმედებს. რა თქმა უნდა, არც ისინი არიან გამონაკლისები.

ვერ ჩამოყალიბდა...
პეპი ბოლომდე ვერ ჩამოყალიბდა "ბაიერნის" ორ ლიდერთან, არიენ რობენთან და ფრანკ რიბერისთან დაკავშირებით. გვარდიოლას თითქოს, უნდოდა მათი შეცვლა, მაგრამ ბოლოს ისევ მათ დაეყრდნო. თავად ფეხბურთელებს შემადგენლობის განუწყვეტელმა ცვლამ ბზარი გაუჩინა ფსიქოლოგიაში და მათი თამაში ძველებურად კარგი აღარ იყო.

რიბერისა და რობენის შემთხვევაში განსაკუთრებული როლი ტრავმებმაც ითამაშეს. მართალია, მთლად წინა სეზონივით არ იყო, როცა "ბაიერნი" გადამწყვეტ შეხვედრებში განახევრებული გახლდათ, მაგრამ მაინც...

სად არის სიურპრიზი?
მთელი სეზონი ისე მიილია, რომ პეპ გვარდიოლას პრაქტიკულად არანაირი სიურპრიზი არ შეუთავაზებია თავისი გუნდის მეტოქეებისათვის. "ბაიერნი" თითქოს, ადვილად წასაკითხს წიგნს დაემსგავსა.

როგორც ჩანს, პეპს იდეები შემოელია. ყოველ შემთხვევაში ის იდეები, რომელიც მოცემულ მომენტში "ბაიერნისათვის" საჭირო და აუცილებელი იყო. ეს იდეები სადღაც გაქრა. მწვრთნელის სკივრიდან ის ვიღაცამ მოიპარა."ბაიერნი" ყოველ ახალ დღეს ძველებურად იწყებდა.

იღბალი
ნებისმიერ მწვრთნელს ნებისმიერ მომენტში და კლუბში სჭირდება იღბალი. გვარდიოლას მიუნხენში იღბალი გვერდით არ ედგა. ეს გადამწყვეტ საევროთასო მატჩებში, თორემ ამ ფორმაციის "ბაიერნი" ბუნდესლიგას ნებისმიერი მევრთნელის ხელში მოიგებს.

თუნდაც, "ატლეტიკოსთან" ბოლო შეხვედრები ავიღოთ. "ბაიერნს" ოდნავ რომ გამართლებოდა, ის დღეს ფინალში იქნებოდა და შესაბამისად, აღარც ეს წერილი დაიწერებოდა. თუმცა, იღბლის წყალობას არ უნდა დაელოდო, როცა დიეგო სიმეონე და მისი "ატლეტიკო" გეთამაშება.

რა თქმა უნდა, "ბაიერნს" ეყოლება ახალი მწვრთნელი. გუნდს სჭირდება "ახალი სისხლი" და ის ამ ამას მიიღებს. ჩვენ კი უფრო ძალისმიერ და ყოვლისწამლეკავ "ბაიერნს" ვისურვებდით. როგორღაც ისე აეწყო, რომ ამ გუნდს სიმსუბუქე არ უხდება.

ვნახოთ, როგორ წავა "რეკორდმაისტერის" საქმეები. სულ მალე "ალიანც არენაზე" კარლო ანჩელოტი მივა. იტალიელი დიდი დიპლომატია, მაგრამ მას არც რადიკალური გადაწყვეტილებების მიღება ეშლება.

მოკლედ, "ბაიერნის" გულშემატკივრებს წინ დიდი გარდაქმნები და საინტერესო ამბები ელოდებათ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 11 /
ალეკო აზრზე არ ხარ
ზვიადი
13:57 08-05-2016
0
ძლივს წავიკითხე კვალიფიციური შეფასება. გვარდიოლა რომ არანაირად დიდი მწვრთნელი არ არის დამტკიცდა და ალეკომაც სიმართლე დაწერა.
გელა
14:14 08-05-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული