ბუნდესლიგა. XXIII ტურის წინ: "ბაიერნი" შურისძიებისთვის ემზადება

AutoSharing Option

წინა ტურის მიმოხილვაში ვწერდით, რომ გერმანიის ჩემპიონობისთვის ბრძოლა ცოტათი დაიძაბა. საკმარისია, დორტმუნდის „ბორუსიამ“ ბოლო დროს ძალიან კარგ ფორმაში მყოფ „ზანკტ პაულისაც“ ვერ მოუგოს, დაძაბვა მერე იკითხეთ. ფაქტია, მიუნხენის „ბაიერნს“ მაინცში მხოლოდ სამი ქულა დააკმაყოფილებს და თანაც, რეკორდმაისტერს თომას ტუხელის გუნდზე შურისძიება სურს - ხომ გახსოვთ, პირველ წრეში „ალიანს არენაზე“ მოიგო. მხოლოდ მოგებაზე ფიქრობს მეორეადგილოსანი „ლევერკუზენიც“, რომელიც ხვალ „შტუტგარტს“ ხვდება. ხვალვე, აუტსაიდერი „გლადბახი“ ახალ მწვრთნელ ლუსიენ ფავრთან ერთად „ბორუსია პარკზე“ „შალკეს“ ელოდება.


რა ბიჭია წმინდა პავლე?
ერთი კვირის წინ, დორტმუნდელთა დაცვის

ბურჯმა მატს ჰუმელსმა „კაიზერსლაუტერნთან“ 1:1-ის შემდეგ თქვა, ბოლო წამზე გაშვებული გოლი პირდაპირ გულში მომხვდა ისარივითო. ფაქტია, რომ „ფრიც-ვალტერ-სტადიონზე“ ვერმოგებამ დორტმუნდში ბევრი დაამწუხრა და ზოგადად გერმანიაში ბევრს აფიქრებინა, რომ BVB-ს კრიზისი ეწყება. დღეს იურგენ კლოპის ბიჭები „ზანკტ პაულის“ მასპინძლობენ და მეორე ცენტრალური მცველის, ნევენ სუბოტიჩის გარეშე მოუწევთ ფონს გასვლა, რადგან სერბი უკანახაზელი წინა ტურში მოედნიდან გააძევეს და ახლა დისკვალიფიცირებულია. სუბოტიჩს ფელიპე სანტანა შეცვლის.

 

ზემოთაც ვთქვით, რომ „ზანკტ პაული“ ძალიან კარგ ფორმაშია. ჰოლგერ სტანისლავსკის შეგირდებმა ეს შუა კვირაშიც დაადასტურეს, როცა „ჰამბურგს“ გადადებული დერბი მოუგეს (1:0, ჯერალდ ასამოას გოლით). ამ გამარჯვების შემდეგ „პაული“ მეორე წრის სატურნირო ცხრილში სულაც პირველ ადგილზეა, ეს კი „დორტმუნდისთვის“ იმის ნიშანია, რომ „შავ-ყვითლები“ ძალიან ფრთხილად უნდა იყვნენ. „პაულის“ დღეს ტრავმირებული ჯერალდ ასამოა არ ეყოლება.

„ჰანოვერმა“ წინა ტურში ბრემენიდან ქულა წაიღო (1:1), რაც მირკო სლომკას გუნდს აუცილებლად წარმატებაში უნდა ჩავუთვალოთ (მერე რა, რომ „ვერდერი“ საშინელ დღეშია). „წითლებს“ საკადრო პრობლემები შეუმცირდათ: თავდამსხმელები ია კონანი და აბდელაუ სრულიად ჯანმრთელები არიან, წამყვანი ფეხბურთელებიდან კი მხოლოდ პინტუს თამაშია კითხვის ნიშნის ქვეშ. ამ შემთხვევაში ყველაზე მნიშვნელოვანი დიდიე ია კონანის ჯანმრთელობაა, რადგან რამდენჯერაც გუნდს გამოაკლდა, ჰანოვერელებმა იმდენჯერ წააგეს. სლომკას გუნდის მეტოქე დღეს „კაიზერსლაუტერნია“ - გუნდი, რომელმაც ერთი კვირის წინ „დორტმუნდთან“ ფრეს მიაღწია.

 

დიეგო ბრუნდება, კალენბერგი განაცხადს მიღმა
„ვოლფსბურგს“ მწვრთნელის შეცვლამ ჯერჯერობით ვერაფერი უშველა. სტივ მაკლარენის ნაცვლად სეზონის ბოლომდე დანიშნულმა პიერ ლიტბარსკიმ სადებიუტო მატჩი წააგო (0:1 ჰამბურგთან), მეორე შანსი კი „მგლებს“ დღეს ფრაიბურგში მიეცემათ. აღსანიშნავია, რომ დიეგო, რომელიც წინა ტურში ლიტბარსკის მიერ დასჯილი იყო, განაცხადში ბრუნდება.

 

სამაგიეროდ, „ლიტიმ“ ამ კვირაში ნახევარმცველი კალენბერგი და მცველი მადლუნგი დასაჯა. ჩვენი გერმანელი კოლეგები ფიქრობენ, რომ პიერმა ამით ავტოგოლი გაიტანა, რადგან „ვოლფებს“ ცენტრალური მცველი სიმონ კიაერი დისკვალიფიცირებულია და ის წესით სწორედ მადლუნგს უნდა შეეცვალა. რაკი „ვოლფსბურგმა“ იანვარში იტალიელი ანდრეა ბარძალი „იუვენტუსში“ გაყიდა, გუნდში სხვა ცენტრალური მცველი აღარ ირიცხება და საინტერესოა, რას მოიფიქრებს ლიტბარსკი.

 

რაც შეეხება „ფრაიბურგს“: რობინ დუტის ბიჭები წინა ტურში „შალკესთან“ 0:1 დამარცხდნენ, რის შემდეგაც „ფრაიში“ ცოტა უიმედობამ დაისადგურა, მაგრამ სატურნირო ცხრილის მიხედვით (დუტის გუნდი მე-6 ადგილზეა) ბრაისგაუელებს საწუწუნო არაფერი აქვთ. აქვე ისიც ვთქვათ, რომ „ფრაიბურგს“ „ვოლფსბურგთან“ საკუთარ მოედანზე აქამდე არასდროს წაუგია (4/3/0).

„ბაიერნთან“ განცდილი კრახის (0:4) შემდეგ, „ჰოფენჰაიმი“ ცხრილის შუაში მოექცა. ამ ეტაპზე „სოფლელები“ ვერც საუკეთესო ხუთეულში მოხვედრაზე აცხადებენ პრეტენზიას და არც მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითების საფრთხე ემუქრებათ. დღეს კი „ჰოფე“ „კიოლნს“ მასპინძლობს. „თხები“ კი ძალიან კარგ ფორმაში არიან: ჯერ „ბაიერნი“ დაამარცხეს (3:2), ერთი კვირის წინ კი „რაინენერგიშტადიონიდან“ „მაინციც“ კუდამოძუებული გაუშვეს (4:2). ახლა „თხების“ გულშემატკივრებს იმედი აქვთ, რომ მათი საყვარელი გუნდი სტუმრადაც შეძლებს მოგებას. მიმდინარე სეზონში „კიოლნის“ ბალანსი გასვლით მატჩებში ასე გამოიყურება: 1 მოგება, 2 ფრე, 8 წაგება.


კიდევ ჩრდილოეთის დერბი
...ოღონდ, ამჯერად კლასიკური, „ჰამბურგსა“ და „ვერდერს“ შორის. HSV-მ ერთი კვირის წინ ვოლფსბურგში 1:0 მოიგო, შუა კვირაში კი „ზანკტ პაულისთან“ დერბი წააგო. მოკლედ, როგორც ყოველთვის, „ჰამბურგი“ ძალიან არასტაბილურია. „ვერდერი“ კრიტიკულ ზღვარს უახლოვდება - „ჰანოვერთან“ 1:1-ის შემდეგ ბრემენული კლუბი მე-14 ადგილზეა და მე-16 ადგილამდე სულ რაღაც ერთი ქულა აშორებს. „ჰამბურგთან“ კლასიკურ დუელში კი „მუსიკოსებს“ მთავარი თავდამსხმელი კლაუდიო პისარო არ ეყოლებათ.


იძიებს შურს ბაიერნი?
„მაინცმა“ სეზონი იდეალურად დაიწყო, ბუნდესლიგის ცხრილს დიდხანს ლიდერობდა და სუპერრეკორდამდე ძალიან ცოტა დააკლდა. მას მერე ბევრი რამ შეიცვალა, მაინცელები დღეს უკვე მეხუთე ადგილზე არიან და ყველა ხვდება, რომ თომას ტუხელის გუნდი მაღალი მიზნებისთვის ვერ იბრძოლებს. არადა, „მაინცმა“ სტაბილურობა გარკვეულწილად შეინარჩუნა - ბევრი ფიქრობდა, რომ კარნავალელები სეზონის მეორე ნახევარში უარეს დღეში ჩავარდებოდნენ.

 

ასეა თუ ისე, მაინცელები უდიდესი სიამოვნებით იხსენებენ ხოლმე იმ დიად გამარჯვებას, რომელიც მათმა უსაყვარლესმა გუნდმა პირველ წრეში მიუნხენში მოიპოვა: თუ გახსოვთ, ტუხელის გუნდმა „ალიანს არენაზე“ 2:1 მოიგო. ფაქტია ისიც, რომ „ბრუხვეგშტადიონზე“ შესანიშნავი ატმოსფერო იქნება.

მაგრამ როგორც შესავალკშიც ვთქვით, „ბაიერნს“ ამ მატჩში მხოლოდ სამი ქულა დააკმაყოფილებს. თანაც, პირველი წრის მატჩისგან განსხვავებით, მიუნხენურ გრანდს ახლა არიენ რობენიც მწყობრში ჰყავს და ფრანკ რიბერიც. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ მომავალ კვირაში „ბაიერნს“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ჯახი ელის მილანის „ინტერთან“.


"შტუტგარტი" შავ დღეში, ფავრის დებიუტი შალკესთან
„ლევერკუზენი“ და „შტუტგარტი“ ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ მდგომარეობაში არიან. თუკი „ბაიერი“ მეორე ადგილზეა და „დორტმუნდის“ მთავარ კონკურენტობას ცდილობს, „შტუტგარტს“ მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითების საფრთხე ემუქრება და რაც ყველაზე მთავარია, შვაბებისთვის გვირაბის ბოლოს სინათლე ჯერ კიდევ არ ჩანს. თუ „ლევერკუზენი“ ხვალაც ისე კარგად ითამაშებს, როგორც წინა ტურში (3:0 „აინტრახტთან“) და ხუთშაბათს ევროპის ლიგაში (4:0 ხარკოვში, „მეტალისტთან“), ასეთ შემთხვევაში ბრუნო ლაბადიას გუნდს ნაღდად შავი დღე დაადგება. სხვათა შორის, ევროპის ლიგაზე „შტუტგარტიც“ თამაშობდა და ლისაბონში, „ბენფიკასთან“ 1:2 დამარცხდა.

ტურის ბოლო შეხვედრაში კი მიონხენგლადბახის „ბორუსია“ „შალკეს“ უმასპინძლებს. ორშაბათის შემდეგ ბუნდესლიგის აუტსაიდერს ახალი მწვრთნელი ჰყავს: გათავისუფლებული მიხაელ ფრონტცეკის ნაცვლად „გლადბახში“ შვეიცარიელი ლუსიენ ფავრი დაინიშნა, რომელიც შარშან ბერლინის „ჰერტას“ ხელმძღვანელობდა. „შალკეს“ შუა კვირაში ჩემპიონთა ლიგის თამაში ჰქონდა (1:1 ვალენსიასთან).

 

დღეს
ბორუსია (დ)-ზტ. პაული 18:30
დისკვალიფიკაცია: სუბოტიჩი - სამბრანო
ტრავმა: ოვომოიელა, ბლაშჩიკოვსკი, კაგავა - ლეხნერი, მორენა, როთენბახი, ასამოა

 

ჰამბურგი-ვერდერი 18:30
დისკვალიფიკაცია: ვიზე (ვერ)
ტრავმა: დიკმაიერი, კასტელენი - ფანდერი, ბიონიში, ნალდო, დ. იენსენი, პისარო

 

ჰოფენჰაიმი-კიოლნი 18:30
დისკვალიფიკაცია: ბრააფჰაიდი (ჰოფ)
ტრავმა: გულდე, ობასი - მაკენა, შორხი, სანუ

 

ფრაიბურგი-ვოლფსბურგი 18:30
დისკვალიფიკაცია: კიაერი (ვოლ)
ტრავმა: პუპლინი, კრმასი, იეგერი, შუსტერი, ვილიამსი, ბეხმანი - ჩიგერჩი, მანჯუკიჩი

 

ჰანოვერი-კაიზერსლაუტერნი 18:30
დისკვალიფიკაცია: შმიდებახი (ჰან)
ტრავმა: ავევორი, ანდრეასენი - შიმუნეკი, კირხი

 

მაინცი-ბაიერნი 21:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: სვენსონი, შალაი - ოლიჩი

 

 

ხვალ
ლევერკუზენი-შტუტგარტი 18:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: გიფერი, ბარნეტა - ბოკა, აუდელი, გებჰარდტი, გენტნერი, პოგრებნიაკი

 

ბორუსია (მ)-შალკე 20:30
დისკვალიფიკაცია: დე კამარგო (ბორ)
ტრავმა: ჟორე - ჰუგლანდი, პანდერი, პაპადოპულოსი, აველარი, ყენია, მორიტცი, ხარისტეასი



თ მ ფ წ ბ ქ
1. ბორუსია (დ) 22 16 4 2 47-13 52
2. ლევერკუზენი 22 12 6 4 44-30 42
3. ბაიერნი 22 11 6 5 46-26 39
4. ჰანოვერი 22 12 2 8 30-31 38
5. მაინცი 22 12 1 9 34-26 37
6. ფრაიბურგი 22 10 4 8 29-29 34
7. ჰამბურგი 22 10 3 9 30-31 33
8. ჰოფენჰაიმი 22 8 8 6 39-32 32
9. ნიურნბერგი 22 9 5 8 30-31 32
10. შალკე 22 8 5 9 27-26 29
11. ზტ. პაული 22 8 4 10 27-35 28
12. აინტრახტი 22 8 3 11 24-29 27
13. კიოლნი 22 7 4 11 29-41 25
14. ვერდერი 22 6 6 10 28-44 24
15. ვოლფსბურგი 22 5 8 9 26-31 23
16. კაიზერსლაუტ. 22 6 5 11 32-38 23
17. შტუტგარტი 22 5 4 13 38-43 19
18. ბორუსია (მ) 22 4 4 14 32-56 16


ბომბარდირები: 17 - გომესი (ბაიერნი); 15 - სისე (ფრაიბურგი); 14 - გეკასი (აინტრახტი); 11 - ლაკიჩი (კაიზერსლაუტერნი), ია კონანი (ჰანოვერი), 10 - რაული (შალკე), შიურლე (მაინცი).

 

 

 

 

.


მკითხველის კომენტარები / 1 /
გიოტცე ძალიან მაგარი ტალანტია
rubikointer
11:08 19-02-2011
0

სიახლეები პოპულარული