ფრთხილად, ფრანკ! - რუმენიგემ რიბერის საფრთხეებზე მიანიშნა...

AutoSharing Option
"ბაიერნის" მმართველი საბჭოს თავმჯდომარე კარლ-ჰაინც რუმენიგემ ფორმაში შესული ფრანკ რიბერი გააფრთხილა - მეტოქე გუნდის მცველებისგან დიდ აგრესიას უნდა ელოდოო.

მაინც რა არის რუმენიგეს არგუმენტი? ის მიიჩნევს (და ასეც არის), რომ რიბერი თავის საუკეთესო კონდიციებს მიუახლოვდა, რაც თავისთავად ახალ ძალას შემატებს "ბაიერნს" და ეს რომ გაანეიტრალონ, ფრანგი გარემარბი მცველებისგან სასტიკი წნეხის ქვეშ მოექცევა.

მოგეხსენებათ, 33 წლის რიბერიმ გასული სეზონი ტრავმის გამო ჩააგდო. ის ბუნდესლიგის მხოლოდ 15 მატჩში გამოჩნდა ძირითად შემადგენლობაში, დანარჩენი დრო კი მკურნალობასა და ფორმის აღდგენას მოახმარა. ამიტომაც ვერ გაიბრწყინა
ხოსეპ გვარდიოლას გუნდში.

ახლა "ბაიერნში" რეალობა შეცვლილია. გუნდს წვრთნის კარლო ანჩელოტი, რომელმაც რიბერი ბოლო ორ მატჩში სასტარტოში დააყენა - ჯერ "დორტმუნდთან" სუპერთასზე (2:0), ბოლო უქმეებზე კი "კარლ ცაისთან" სათასო მატჩში (5:0).

რიბერიმ კარლეტოს ნდობა დაუფასა - მშვენივრად ითამაშა და რობერტ ლევანდოვსკის ჰეთ-თრიკის შესრულებაშიც დაეხმარა. რუმენიგე კი დასძენს, რომ ფორმაში მყოფი რიბერი "რეკორდმაისტერისთვის" ჯერ კიდევ დიდი კაპიტალია.

გიორგი ნინიძე

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული