"ბაიერნი" ფორმაშია!

AutoSharing Option
მაგრამ მაინც: დაცვას მიხედე, ლუის, დაცვას!
მიუნხენის "ბაიერნი" დროულად მოვიდა აზრზე და თამამად შეიძლება ითქვას, რომ შესანიშნავ ფორმაშია, რაც რეკორდმაისტერისთვის სწორედ ახლაა ძალიან მნიშვნელოვანი - "ბაიერნი" ხვალ მილანის "ინტერს" ეთამაშება, მომავალ შაბათს კი დორტმუნდის "ბორუსიას" უნდა შეხვდეს.
ამასობაში, გამოცოცხლდა მიონხენგლადბახის "ბორუსიაც", რომელიც აქამდე მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითებისთვის ყველას განწირულად გვეჩვენებოდა. "გლადბახმა" ახალ მწვრთნელ ლუსიენ ფავრთან ერთად "შალკე" დაამარცხა, რითაც სიცოცხლის ნიშანწყალი გამოავლინა. რაც შეეხება "შალკეს": უმჯობესია, ამ გუნდმა ჩემპიონთა ლიგაში წარმატებას აღარ მიაღწიოს ხოლმე, თუ უნდა, რომ მომავალ სეზონს მეორე ბუნდესლიგაში
არ შეხვდეს.
თქვენ წინაშეა ბუნდესლიგის 23-ე ტურის გამოხმაურება Tops & Flops-ის სახით.


დაწყევლილი "შალკე"
"შალკემ" ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველ მატჩში, "ვალენსიასთან" ძალიან კარგად ითამაშა და "მესტალიაზე" სასურველ ფრესაც (1:1) მიაღწია. წესით, ამ წარმატებას გელზენკირხენულ გუნდზე ბუნდესლიგისთვისაც კარგად უნდა ემოქმედა, მაგრამ არა: კვირას სულ სხვა, ძველი და ისევ ის უნიათო "შალკე" ვიხილეთ. ფელიქს მაგათის გუნდი აუტსაიდერ "გლადბახთან" 1:2 დამარცხდა.

მიმდინარე სეზონში "შალკეს" ერთი უჩვეულო ჩვეულება აქვს: რამდენჯერაც კარგად ითამაშებს ჩემპიონთა ლიგაში, იმდენად ცუდად თამაშობს მერე ბუნდესლიგაში. სასწაული რომ მოხდეს და "შალკემ" ჩემპიონთა ლიგა მოიგოს, ევროპის ელიტარული საკლუბო ლიგის პირველი გამარჯვებული იქნება, რომელიც ეროვნულ ჩემპიონატში მეორე ლიგაში იასპარეზებს.


პაულის ანტირეკორდი
"ზანკტ პაულის" ფეხბურთელები "ჰამბურგთან" მოგებული დერბის შემდეგ მეცხრე ცაზე იყვნენ და სხვას ვის უნდა დაებრუნებინა კიცელები მიწაზე, თუ არა დორტმუნდის "ბორუსიას". "ვესტფალენშტადიონზე" "ზანკტ პაულის" წაგება, რა თქმა უნდა, არავის გაჰკვირვებია, მაგრამ ჰოლგერ სტანისლავსკის ფეხბურთელებმა 90 წუთის განმავლობაში დორტმუნდის კარისკენ სულ სამჯერ დაარტყეს, რაც, დაგვეთანხმებით, ძალიან ცოტაა.
მეტსაც გეტყვით: მიმდინარე სეზონში ასე ცოტა დარტყმა ერთ თამაშში არც ერთ სხვა კლუბს არ ჰქონია.


აინტრახტი აჭრილია
"აინტრახტში" მონასტერი აირია. "ნიურნბერგთან" 0:3-ის შემდეგ, ფრანკფურტელთა მთავარ მწვრთნელ მიხაელ სკიბეს მოწინააღმდეგეები მოუმრავლდნენ. ამას წინათ სკიბენ თავდამსხმელი იოანის ამანატიდისი გუნდიდან მოკვეთა და თქვა, ძალიან ცუდად იქცევა და აღარ ვათამაშებო. არადა, ამანატიდისი ფრანკფურტის პუბლიკის ერთ-ერთი უსაყვარლესი ფეხბურთელია. შეფების მოთხოვნით, სკიბემ ბერძენი ფორვარდი გუნდში მაინც დააბრუნა და "ნიურნბერგთან" მოედანზე 72-ე წუთზეც შეუშვა, მაგრამ ამ ამბავმა სკიბეს მდგომარეობა არ შეამსუბუქა. სკიბეს ავტორიტეტი მაგრადაა შელახული.


ყანა ბრუხვეგზე
საკუთარ მოედანზე "ბაიერნთან" 1:3 წაგების შემდეგ "მაინცის" მთავარმა მწვრთნელმა თომას ტუხელმა თქვა, ჩვენი სტადიონის მოედნის საფარი ისეთ საშინელ მდგომარეობაშია, რომ ბუნდესლიგას არ შეეფერებაო. "ბრუხვეგშტადიონის" მინდორი სატელევიზიო ექსპერტმა იენს ლემანმაც დაიწუნა და მაინცელებს ახალი, კარგი მინდორი უსურვა.


პერის ჯოჯოხეთი
"ვერდერი" პირველ ბუნდესლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის ბრძოლას მიჩვეული არ არის და ბრემენულ კლუბში ამიტომაცაა ქაოტური მდგომარეობა. თუკი აქამდე ასე არ იყო, "ჰამბურგთან" ჩრდილოეთის დერბიში განცდილი კრახის (0:4) შემდეგ "მუსიკოსები" სასოწარკვეთილები არიან. ბრემენული ავბედობის საუკეთესო მაგალითი კი პერ მერტეზაკერია. გერმანიის ნაკრების მცველი კარიერის ყველაზე საშინელ სეზონს ატარებს. პერმა "ჰამბურგთანაც" ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა. პირველი ორი გოლი კი უშუალოდ მის სინდისზე იყო.


ფანტასტიკური ფავრი
სადებიუტო მატჩში "შალკეს" დამარცხებისა და აქედან გამომდინარე მიონხენგლადბახში გადარჩენის იმედის ნაპერწკალის გაღვივების შემდეგ, "გლადბახის" ახალი მწვრთნელი ლუსიენ ფავრი მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ნებისმიერ კითხვაზე პასუხს სიტყვა "ფანტასტიკურით" იწყებდა. ერთადერთი კითხვა, რაზეც მოკიაფე თვალებიანმა შვეიცარიელმა თქვა, ეს ნამდვილად არ იყო ფანტასტიკურიო, მატჩის პირველ წუთს ეხებოდა - ბოლოადგილოსანმა "ბორუსიამ" პირველ წუთზე ხომ გოლი გაუშვა. ისე კი, ლუსიენი ბედნიერი და კმაყოფილი იყო ყველაფერ იმით, რაც "ბორუსია-პარკზე" პირველი წუთის შემდეგ მოხდა.

მატჩის წინ "გლადბახის" შეფები ამბობდნენ, თუ მეორე ბუნდესლიგაში გავვარდებით,  ამას ლუსიენ ფავრთან ერთად გავაკეთებთო. თუ ასე გააგრძელებს, მიონხენგლადბახური კლუბი ნაღდად არ გავარდება. გუნდმა 2010 წლის 9 აპრილის შემდეგ პირველი საშინაო მატჩი მოიგო და თანაც, კონკურენტები დამარცხდნენ. ფავრისთვის ესეც ფანტასტიკურია.


დუტის ყნოსვა
"ფრაიბურგის" თავკაცმა რობინ დუტმა "ვოლფსბურგთან" მატჩში (2:1 "ფრაის" სასარგებლოდ) კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ძალიან კარგი სპეციალისტია...
"ანტონ პუცილას ხელით განგებ არ უთამაშია", - თქვა მატჩის შემდეგ დუტმა და დასძინა, ამას ისე ვამბობ, როგორც "ფრაიბურგის" დამრიგებელიო, რითაც ხაზი გაუსვა იმას, რომ "ვოლფსბურგის" მწვრთნელი რომ ყოფილიყო, სხვანაირ კომენტარს გააკეთებდა. ამ შემთხვევაში მთავარი ის არის, რომ პუცილას ხელით თამაშს "ვოლფსბურგის" კარში შტეფან რაიზინგერის მიერ გატანილი გოლი მოჰყვა. რაიზინგერი კი იქ რომ იდგა, სადაც იდგა, სწორედ დუტის დამსახურებაა. გოლამდე ორი წუთით ადრე რობინმა "ფრაიბურგის" ლიდერი იან როზენტალი მოედნიდან გაიყვანა და ტაქტიკა შეცვალა - 4-4-2-ზე გადაერთო. შეცვლამ 43-ე წუთზე გაამართლა. მატჩის შემდეგ დუტმა ისიც თქვა, რომ როზენტალის შერცხვენა არ უნდოდა, მაგრამ იძულებული გახდა, ასე მოქცეულიყო.

აგერ უკვე რამდენიმე თვეა, რაც რობინ დუტი ბუნდესლიგაში ერთ-ერთ საუკეთესო სპეციალისტად მიიჩნევა და როგორც ამბობენ, მისი გადაბირება "ლევერკუზენს" სურს.


ჰამბურგი: სინათლე გვირაბის ბოლოს?

როგორც იქნა, "ჰამბურგმა" სპორტული დირექტორი იპოვნა. 20-თვიანი (!) ძებნის შემდეგ გადაწყდა, რომ ზაფხულში ამ თანამდებობაზე დანიელი ფრანკ არნესენი დაინიშნება. ეს კი საკმაოდ დიდი სენსაციაა - არნესენი აქამდე ლონდონის "ჩელსის" სპორტული დირექტორის პოსტზე მუშაობდა, სადაც სეზონის ბოლოს კონტრაქტი უმთავრდება. არნესენმა "ჰამბურგთან" სამწლიანი ხელშეკრულება გააფორმა.


ბაიერნის დროული გამოფხიზლება

"ბაიერნი" ფორმაში ზუსტად იმ დროს შევიდა, როცა ეს ყველაზე მეტად სჭირდება. ლუის ვან გაალის გუნდმა "მაინცთან" (3:1) საკმაოდ კარგად ითამაშა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ მიუნხენურ კლუბში უკვე ყველაფერი დალაგდა. არიენ რობენი და ფრანკ რიბერი ჯანმრთელები არიან, მარიო გომესი მოედანს უგოლოდ არ ტოვებს, თომას მიულერი თავის საყვარელ პოზიციაზე (ფლეიმეიქერი) თამაშობს და ბასტიან შვაინშტაიგერიც სანატრელ პოზიციაზე (საყრდენი ნახევარმცველი) დაბრუნდა. ერთადერთი, რაც ბავარიული გრანდის ფანებს "ინტერთან" უმნიშვნელოვანესი მატჩის წინ აღელვებთ, "ბაიერნის" დაცვის ხაზია.


მოტივატორი კლოპი

რასაც არ უნდა ეუბნებოდეს იურგენ კლოპი თავის შეგირდებს შესვენებაზე, ფაქტია, რომ მის სიტყვებს ყოველთვის მოყვება ხოლმე შედეგი. დორტმუნდის "ბორუსია" მეორე ტაიმს ყოველთვის ძალიან კარგად იწყებს და ასე მოხდა "ზანკტ პაულისთან" შეხვედრაშიც. მეორე ნახევრის დაწყებიდან მხოლოდ 4 წუთი იყო გასული, როცა ბურთი ისევ კიცელთა კარში აღმოჩნდა და ტაბლოზე BVB-ს სასარგებლოდ 2:0 აენთო. "ზანკტ პაულის" ერთადერთი ნუგეში ამ ეტაპზე ისაა, რომ გუნდი სატურნირო ცხრილში კარგ საზოგადოებაშია.

"დორტმუნდს" კი, მეორე ტაიმის პირველ 15 წუთში ამ სეზონში 12 გოლი აქვს გატანილი. ამბობენ, კლოპი იმდენს ახერხებს, რომ შესვენებაზე შეგირდებს პირველი ტაიმის მომენტებს ვიდეოჩანაწერში უანალიზებსო. როგორც ჩანს, ეს ფეხბურთელებსაც ისე მოსწონთ, როგორც ნებისმიერ მაყურებელს, როცა ტელევიზორში, შესვენების დროს, პირველი ტაიმის საინტერესო მომენტებს უჩვენებენ.


XXIII ტურის სიმბოლური ნაკრები (კიკერი, 3-1-3-3)
ოლივერ ბაუმანი (ფრაიბურგი) - ფილიპ ვოლშაიდი (ნიურნბერგი), ანდრეას ვოლფი (ნიურნბერგი), მარსელ შმელცერი (ბორუსია დ) - ბასტიან შვაინშტაიგერი (ბაიერნი) - იან შლაუდრაფი (ჰანოვერი), თომას მიულერი (ბაიერნი), გონსალო კასტრო (ლევერკუზენი) - მარკო როისი (ბორუსია მ), შტეფან კისლინგი (ლევერკუზენი), დიდიე ია კონანი (ჰანოვერი)

"ჰანოვერის" თავდამსხმელი დიდიე ია კონანი "კიკერის" ტურის სიმბოლურ ნაკრებში მეშვიდედ მოხვდა, რაც, დაგვეთანხმებით, შესანიშნავი შედეგია. მეოთხედ ვხედავთ: "ფრაიბურგის" მეკარე ოლივერ ბაუმანს, "დორტმუნდის" მარცხენა მცველ მარსელ შმელცერს და "ბაიერნის" შემტევ თომას მიულერს. სიმბოლურში პირველად გამოჩნდნენ იან შლაუდრაფი და ფილიპ ვოლშაიდი.

"კაიზერსლაუტერნთან" 3:0-ზე მოგებული მატჩის შემდეგ, იან შლაუდრაფმა, რომელმაც დუბლი შეასრულა, თქვა, მეორე გოლის შემდეგ ფლორიან ფრომლოვიტცთან იმიტომ მივირბინე, რომ "კაიზერსლაუტერნს" ვხვდებოდით, ფლო კი "ეშმაკებში" თამაშობდა და იქ ჯეროვნად არ დააფასესო. სხვათა შორის, ფრომლოვიტცს აღარც "ჰანოვერში" აფასებენ - სათადარიგოთა სკამს ხეხავს. კითხვაზე, თუ რატომ არ მიირბინა ფლოსთან პირველი გოლის შემდეგ, შლაუდრაფმა უპასუხა, ისე გამიხარდა, რომ ყველაფერი დამავიწყდაო. "კიკერმა" შლაუდრაფი ტურის გმირად დაასახელა, რაც სავსებით სამართლიანი გადაწყვეტილებაა.


საუკეთესო ფეხბურთელები
23 ტურის შემდეგ, "კიკერის" შეფასებების მიხედვით

ფეხბურთელი კლუბი საშუალო შეფასება
1. ნური შაჰინი ბორუსია (დ) 2.57
2. მანუელ ნოიერი შალკე 2.59
3. შინჯი კაგავა ბორუსია (დ) 2.62
4. მატს ჰუმელსი ბორუსია (დ) 2.63
5. სვენ ბენდერი ბორუსია (დ) 2.66
6. ოლივერ ბაუმანი ფრაიბურგი 2.68
7. რომან ვაიდენფელერი ბორუსია (დ) 2.70
8. მარიო გიოტცე ბორუსია (დ) 2.71
9. მარიო გომესი ბაიერნი 2.75
10. კრისტიან ვეტკლო მაინცი 2.77



გოლს პლუს პასის რეიტინგი

ფეხბურთელი კლუბი გოლი პასი ქულა
1. მარიო გომესი ბაიერნი 18 3 21
2. არტურო ვიდალი ლევერკუზენი 9 9 18
3. დიდიე ია კონანი ჰანოვერი 11 7 18
4. პაპის დემბა სისე ფრაიბურგი 16 1 17
5. თომას მიულერი ბაიერნი 8 9 17
6. თეოფანის გეკასი აინტრახტი 14 2 16
7. იულიან შიბერი ნიურნბერგი 7 9 16
8. ლუკას ბარიოსი ბორუსია (დ) 10 5 15
9. ლუკას პოდოლსკი კიოლნი 9 5 14
10. მარკო როისი ბორუსია (მ) 6 8 14




კლუგე და მეტცე გადარჩნენ

"შალკეს" გულშემატკივრებმა შვებით ამოისუნთქეს: ცენტრალური მცველის, კრისტოფ მეტცელდერისა და საყრდენი ნახევარმცველის, პეერ კლუგეს ტრავმები სერიოზული არ აღმოჩნდა. მეტცე და კლუგე კვირას, მიონხენგლადბახის "ბორუსიასთან" წაგებული (1:2) მატჩის დროს დაშავდნენ. გელზენკირხენული კლუბის მთავარმა მწვრთნელმა ფელიქს მაგათმა კრისტოფი 32-ე წუთზე შეცვალა, კლუგე კი შესვენებაზე. "შალკეს" სამედიცინო შტაბის ოფიციალური განცხადებით, მეტცელდერი და კლუგე ხვალ სრული დატვირთვით ვარჯიშს განაახლებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ბუნდესლიგის მომდევნო ტურში ორივე ითამაშებს. "შალკე" შაბათს "ნიურნბერგს" ხვდება.


გომესი ინტერთან ითამაშებს
"ბაიერნის" ექიმებმა თავდამსხმელ მარიო გომესს ხვალ გასამართი უმნიშვნელოვანესი მატჩისთვის მწვანე შუქი აუნთეს. როგორც იცით, ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონის საუკეთესო ბომბარდირმა შაბათს, "მაინცთან" მატჩში, რომელიც მიუნხენურმა კლუბმა 3:1 მოიგო, ტრავმა მიიღო და "ინტერთან" მისი ასპარეზობა კითხვის ნიშნის ქვეშ იყო. კვირას და გუშინ გომესს ტკივილები აღარ ჰქონია, რის გამოც ექიმებმა მას "ინტერთან" თამაშის ნება დართეს.

ამასობაში, რეკორდმაისტერის ლიდერმა არიენ რობენმა "კიკერისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მას ჩემპიონთა ლიგაში უფრო უადვილდება თამაში, ვიდრე გერმანიის ჩემპიონატში. ჰოლანდიელ დრიბლიორს სჯერა, რომ "ბაიერნი" "ინტერზე" შურისძიებას შეძლებს. "ჩემი აზრით, "ბაიერნისთვის" წელს ჩემპიონთა ლიგის მოგება უფრო ადვილია, ვიდრე გერმანიის ჩემპიონობა. უნდა ვაღიაროთ, რომ დორტმუნდის "ბორუსიას" დაწევა და მით უმეტეს გასწრება ჩვენთვის უკვე შეუძლებელია. ისე, პირადად მე, ჩემპიონთა ლიგაში თამაში უფრო მიადვილდება და მჯერა, "ინტერს" გავაგდებთ", - უთხრა რობენმა ჩვენს გერმანელ კოლეგებს. ჰოლანდიელის აზრით, მიუნხენური კლუბი ევროპის კლუბების საუკეთესო ხუთეულში შედის.


ფეეს ალბათ გააგდებენ
მართალია, შაბათს "ჰამბურგმა" "ვერდერთან" 4:0 მოიგო, მაგრამ ჩვენი გერმანელი კოლეგების მტკიცებით, თითქმის გადაწყვეტილია, რომ ზაფხულში HSV-ს მთავარი მწვრთნელი არმინ ფეე უმუშევარი დარჩება. კლუბის სპორტულ დირექტორად ფრანკ არნესენის დანიშვნა სწორედ ამის მომასწავებელიაო, წერს გერმანული პრესა. ფეეს "ჰამბურგთან" კონტრაქტი 30 ივნისს უმთავრდება და გერმანიაში ყველა დარწმუნებულია იმაში, რომ ახალი სპორტული დირექტორი არნესენი მწვრთნელს ახალ ხელშეკრულებას არ გაუფორმებს.





.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული