მოაწერა: ლიოვი 2012 წლამდე

AutoSharing Option

იმაში, რაც მსოფლიოს ჩემპიონატის წინ დიდად საეჭვო იყო, მუნდიალის შემდეგ, ეჭვი ფაქტობრივად აღარავის ეპარებოდა: გერმანიაში ყველა დარწმუნებული იყო იმაში, რომ საფეხბურთო კავშირი იოახიმ ლიოვს ახალ კონტრაქტს გაუფორმებდა და მოლოდინი გამართლდა. გუშინ იოგიმ და ბუნდესგუნდის მენეჯერმა ოლივერ ბირჰოფმა ახალ, ორწლიან ხელშეკრულებებს მოაწერეს ხელი, რაც იმას ნიშნავს, რომ ლიოვი გერმანიის ნაკრებს ევროპის 2012 წლის ჩემპიონატისთვის (უკრაინასა და პოლონეთში) მოამზადებს.
„მიხარია, რომ ჩემი გუნდი გერმანიის ნაკრებში მუშაობას გააგრძელებს, - თქვა ლიოვმა გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე და იქვე დასძინა, - ვფიქრობ, მსოფლიოს ჩემპიონატზე ნაჩვენები შედეგების

შემდეგ (ბუნდესგუნდმა მესამე ადგილი დაიკავა), ეჭვი არავის ეპარება იმაში, რომ მე და ჩემს შტაბს დიდი პერსპექტივა გვაქვს. პირადად ჩემთვის, ევროპის 2012 წლის ჩემპიონატიც უდიდესი გამოწვევაა. ეს ამბავი ფეხბურთელებს გუშინ, ტექსტური შეტყობინებებით გავაგებინე, რადგან ისინი შვებულებაში არიან და შესაძლოა, ბევრი მათგანი გავაღვიძე კიდეც. რამდენიმე ფეხბურთელმა მიპასუხა. დასამალი არაფერია: შეტყობინებები პერ მერტეზაკერმა, მიროსლავ კლოზემ და ბასტიან შვაინშტაიგერმა გამომიგზავნეს. მომწერეს, გილოცავთ და დიდი მადლობა იმისთვის, რომ ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე რჩებიო.“

„ჩვენ ერთად უკვე ძალიან ბევრს მივაღწიეთ. ამ ოთხი წლის განმავლობაში, რაც ბუნდესგუნდს იოახიმ ლიოვი წვრთნის, გერმანიის ნაკრები მუდმივად პროგრესირებს და ამ გუნდს ამ სამწვრთნელო შტაბთან ერთად დიდი მომავალი აქვს. ახალი კონტრაქტების გაფორმებით, გერმანიის ნაკრებს წარმატება მომავალშიც გარანტირებული აქვს. ის გაუგებრობები, რაც წინა თვეებში მოხდა, უკვე დავიწყებულია და წარსულს ჩაბარდა. ჩვენთვის მუშაობის ახალი ეტაპი ყოველგვარი დაბრკოლებების გარეშე იწყება,“ - ეს კი მენეჯერ ბირჰოფის სიტყვებია.
ლიოვთან და ბირჰოფთან ერთად, ახალი ხელშეკრულებები იოგის ასისტენტმა ჰანსი ფლიკმა და მეკარეების მწვრთნელმა ანდრეას კიოპკემაც გააფორმეს - ასევე ორ-ორი წლით.

რამდენიმე თვის წინ, ლიოვის გუნდსა და გერმანიის საფეხბურთო კავშირს შორის მოლაპარაკებები ჩიხში იმის გამო შევიდა, რომ საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტ თეო ცვანციგერის თქმით, იოგიმ ზედმეტად დიდი ხელფასი და სრული ძალაუფლება მოითხოვა. მსოფლიოს ჩემპიონატზე ნაჩვენები კარგი შედეგების შემდეგ კი, ცვანციგერი უბრალოდ იძულებული იყო, ლიოვისთვის ახალი კონტრაქტი გაეფორმებინა. მისი განცხადებით, ცოტ-ცოტა ორივე მხარემ დათმო და ასე მიაღწიეს მხარეებმა კომპრომისს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
იმის თქმა გსურთ, რომ ჩვენს ბიჭებს მოტივატორები აკლიათ?!... რაღაც არა მგონია... და მაშინ რუსები, სულაც უცვლელი ჩემპიონები უნდა იყვნენ...
მსქროლავი ტროლი
16:37 19-02-2018
0

სიახლეები პოპულარული