„შალკეს“ კაპიტანმა ჰაიკო ვესტერმანმა, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატზე ტრავმის გამო ვერ იასპარეზა, გელზენკირხენული კლუბი დატოვა და კარიერას „ჰამბურგში“ გააგრძელებს. ჩრდილოგერმანულმა კლუბმა ტრანსფერი გუშინ ოფიციალურად დაადასტურა. ცენტრალურმა მცველმა, რომელსაც წარმატებით შეუძლია როგორც ფლანგის მცველის, ისე საყრდენი ნახევარმცველისა და გარემარბის ფუნქციების შესრულებაც, „ჰამბურგთან“ ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა და ახალ თანაგუნდელებს დღეს შეუერთდება.
ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, ჰამბურგელები „შალკეს“ 7.5 მილიონ ევროს გადაურიცხავენ და ცნობილი გახდა ისიც, რომ ტრანსფერის განხორციელება „ჰამბურგის“ ახალი ინვესტორის, კლაუს-მიხაელ კიუნეს მიერ გამოყოფილი ფულით გახდა შესაძლებელი. კიუნე ვესტერმანის ფასის ერთ მესამედს
ჰაიკო ვესტერმანი გერმანული ფეხბურთის ერთ-ერთი ვარსკვლავია და რომ არა ტრავმა, მსოფლიოს ჩემპიონატზე გერმანიის ნაკრების ძირითად შემადგენლობაში ითამაშებდა. ამას გარდა, ვესტერმანი უნივერსალია და არაერთ პოზიციაზე შეუძლია თამაში. ამდენად, ორმაგად გასაკვირია, რომ „შალკეს“ მთავარმა მწვრთნელმა ფელიქს მაგათმა ჰაიკო გაყიდა. როგორც ჩანს, „დესპოტ ფელიქსს“ ვესტერმანი რაღაცის გამო გულზე არ ეხატებოდა - სხვამხრივ, გაუგებარია, რატომ შეელია ერთ-ერთ ლიდერს, რომელიც გასული სეზონის მიწურულს სულაც გუნდის კაპიტანი იყო. შესაძლოა, მაგათი ჰაიკოს ადგილს პირველ რიგში დაცვის ცენტრში ხედავდა და რაკი კრისტოფ მეტცელდერი გადაიბირა, იქ ვესტერმანის ადგილი აღარ იყო. ამთავითვე ცნობილია, რომ მომავალ სეზონში „შალკეს“ დაცვის ცენტრში მეტცელდერისა და ბენედიქტ ჰიოვედესის ტანდემი ითამაშებს.
"ლელო"