"ბაიერნის" მომავალი: იურგენ კლოპი კარლო ანჩელოტის შემდეგ?

AutoSharing Option
მიუხედავად იმისა, რომ ამ სეზონში "ბაიერნი" ვეღარ არის დომინანტი ბუნდესლიგაში და საერთაშორისო ასპარეზზეც ვერ ტოვებს საკადრის შთამბეჭდილებას, წონა და მნიშვნელობა არ დაუკარგავს. შესაბამისად, "რეკორდმაისტერის" გარშემო მიმდინარე მოვლენები მაინც ყურადღების ცენტრში რჩება.

ქვემოთ სწორედ იმ მიუნხენურ ამბებს მოვუყარეთ თავი, რაც "ბაიერნის" ქართველ ქომაგებს უთუოდ დააინტერესებს...

...ამას არ გვაპატიებენ!
"ბაიერნის" ქომაგებმა მკაცრად გააფრთხილეს კლუბის ბოსები, არანაირ ფასად არ გაყიდონ თომას მიულერი "მანჩესტერ იუნაიტედში". გეხსომებათ, როგორი პროტესტი მოჰყვა ბასტიან შვაინშტაიგერის გადაბარგებას "ოლდ ტრაფორდზე". ასე რომ, 27 წლის მიულერის შესაძლო ტრანსფერის გამო გაფრთხილება არის ერთგვარი
პრევენცია მორიგი "კატასტროფული შეცდომის" (როგორც ამას ფანები უწოდებენ) თავიდან ასაცილებლად.

ცნობილია "მანჩესტერისა" და პირადად ჟოზე მოურინიოს ინტერესი მიულერის მიმართ და თუ სერიოზული წინადადება იქნა, იქნებ, "ბაიერნი" არც იყოს გარიგების წინააღმდეგი. მაგრამ კლუბის დირექტორატში შესაძლო ტრანსფერს უკვე გამოუჩნდა სერიოზული ოპონენტი ედმუნდ შტიობერის სახით:

"ვერ წარმომიდგენია, რომ "ბაიერნის" ისეთმა გამოკვეთილმა ლიდერმა, როგორიც თომას მიულერია, "მანჩესტერ იუნაიტედში" ითამაშოს, - ამბობს შტიობერი, - ვიცი, დღესაც როგორ განიცდიან ფანები ბასტიან შვაინშტაიგერის მანჩესტერულ ყოფას. ბევრი იმასაც ამბობს, თითქოს მიულერთან დაკავშირებითაც იგივე სიტუაციაა, როგორიც 2015 წელს შვაინის გარშემო იყო. მაგრამ ეს ასე არ არის.

ბასტიანი მაშინ 32 წლის გახლდათ და სიამოვნებით მიიღო ახალი გამოწვევა. მიულერის გაყიდვას კი, მით უმეტეს "მანჩესტერ იუნაიტედში", ფანები არასოდეს გვაპატიებენ და ესეც არ იყოს, ამაზე არც უნდა ვიფიქროთ პრინციპული მოსაზრებების გამო. თომასი გაცილებით დიდი ფიგურაა "ბაიერნისთვის", ვიდრე უბრალოდ - ფეხბურთელი. მიულერი ჩვენი კლუბის მთავარ ღირებულებებს წარმოადგენს და ქომაგებს ის ძალიან უყვართ".

ყველა ტურნირის მასშტაბით, მიულერს "ბაიერნის" მაისურით 350 მატჩი აქვს ჩატარებული. ის 2008/09 წლების სეზონში დააწინაურეს პირველ გუნდში და 9 სეზონის განმავლობაში "რეკორდმაისტერთან" ერთად 5-ჯერ მოიგო ბუნდესლიგა, 4-ჯერ გერმანიის თასი და ერთხელაც ჩემპიონთა ლიგა.

რა დროს დირექტორობაა? ჯერ ითამაშოს...
როგორც ამბობენ, მომავალ წელს ფილიპ ლამი, შესაძლოა, "ბაიერნის" სპორტული დირექტორი გახდეს. თუმცა კლუბის პრეზიდენტი ული ჰიონესი, რომელიც ამ პოსტზე გასულ კვირას ხელახლა აირჩიეს, ურჩევს გუნდის კაპიტანს, არ იჩქაროს საკლუბო ჩინოსნის როლის მორგება. ჰიონესის თქმით, "ბაიერნს" ლამი, ჯერჯერობით, საფეხბურთო მოედანზე სჭირდება.

33 წლის ფეხბურთელს ბავარიული კონტრაქტი 2018 წლის ივნისის ბოლოს იწურება, თუმცა ცოტა ხნის წინ თქვა, რომ სერიოზულად ფიქრობს, ბუცები ლურსმანზე უკვე ამ სეზონის დასრულების შემდეგ ჩამოჰკიდოს. ჰიონესი კი მომხრეა იმის, რომ კაპიტანი "ბაიერნს" მოქმედი კონტრაქტის ბოლომდე ემსახუროს.

"ჩემი აზრით, ყველასთვის უკეთესი იქნება, თუ ფილიპ ლამი 2018 წლის 30 ივნისამდე იქნება მოედანზე, რადგან "ბაიერნს" ის ახლა სწორედ ამ როლში სჭირდება. კონტრაქტის დასრულებამდე კი საკმარისი დროა საიმისოდ, რათა ყველაფერი კარგად ავწონ-დავწონოთ", - უთხრა ჰიონესმა "შპორტბილდს".

მაგრამ ეჭვობენ, რომ აქ სხვა ინტერესებიც იკვეთება. კერძოდ, ბოლო პერიოდში აქტიურად ლაპარაკობენ იმაზე, თითქოს "ბაიერნის" უფროსობას სპორტული დირექტორის პოსტზე მიონხენგლადბახის "ბორუსიაში" ამავე თანამდებობაზე მომუშავე მაქს ებერლის მიწვევა სურს. ებერლი უკვე 8 წელია წარმატებით საქმიანობს "ბორუსია პარკზე" და "რეკორდმაისტერშიც" ამად დაფიქრდნენ მის დაქირავებაზე.

ჰიონესმა უარყო ინფორმაცია, თითქოს კლუბის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეს კარლ-ჰაინც რუმენიგეს პირადად მან ურჩია ებერლის კანდიდატურა:

"ეს უშუალოდ დირექტორთა საბჭოს ფუნქციაა და მე ამაში ვერ ჩავერევი. რაც შეეხება რჩევას, ბედნიერი ვიქნები, თუ რუმენიგეს რაიმე საკითხზე ჩემი აზრი დააინტერესებს. ყოველთვის მზად ვარ რჩევებისთვის", - ესეც ჰიონესის სიტყვებია.

ჩაბიმ არ იცის, რობენი შობამდე იფიქრებს...
ჩაბი ალონსოს "ბაიერნთან" კონტრაქტის გაგრძელება სურს. 35 წლის ესპანელი საყრდენი "ალიანც არენაზე" 2014 წლიდან თამაშობს. "რეალისა" და "ლივერპულის" ყოფილ ნახევარმცველს რეგულარულად ვხედავთ ძირითად შემადგენლობაში, მაგრამ, რაკი მოქმედი ხელშეკრულება ამ სეზონის ბოლო ეწურება, მისი მომავალი გარკვევას ითხოვს.

"ძალიან მინდა "ბაიერნში" დარჩენა, რადგან აქ თავს კარგად ვგრძნობ - მეც და ჩემი ოჯახიც. სეზონი გრძელია და ალბათ გამოვნახავთ დროს ჩემს მომავალზე სასაუბროდ", - ამბობს ალონსო "სპორტ 1-თან" ინტერვიუში და იქვე დასძენს, რომ ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი რამ იცის - "ბაიერნს" კონტრაქტის ბოლომდე ერთგულად უნდა ემსახუროს. მიუნხენური გრანდის მესვეურები კი ჯერჯერობით ხმას არ იღებენ...

სამაგიეროდ, კარლ-ჰაინც რუმენიგეს სჯერა, რომ არიენ რობენი, რომლის კონტრაქტსაც ასევე სეზონის ბოლოს გასდის ყავლი, თანამშრომლობის გაგრძელებაზე დათანხმდება, ისევე, როგორც ეს გააკეთა ფრანკ რიბერიმ, რომელმაც რამდენიმე დღის წინ "ბაიერნთან" ახალი ხელშეკრულება გააფორმა.

"ჩვენ უკვე ველაპარაკეთ რობენს კონტრაქტის გაგრძელებასთან დაკავშირებით, - უთხრა რუმენიგემ ჟურნალისტებს კლუბის ფანებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, - არიენმა შობამდე ითხოვა დრო. არ მგონია, რომ ის უარს იტყვის თანამშრომლობის ერთი წლით გაგრძელებაზე. მართალია, რობენი უკვე 33 წლისაა, მაგრამ ისიც და რიბერიც კლუბისთვის ჯერჯერობით, სასარგებლონი არიან".

ჭორი თუ მართალი?
"სანდი მირორის" ინფორმაციით, "ბაიერნი" კარლო ანჩელოტის უმთავრეს ალტერნატივად იურგენ კლოპს განიხილავს. "მაინცისა" და "დორტმუნდის" ექსთავკაცი ბრწყინვალედ მუშაობს "ლივერპულში", მაშინ, როცა იტალიელის გარშემო უკვე ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა დაგროვდა.

"ბაიერნი" მეორე ადგილზეა ბუნდესლიგაში და 3 ქულით ჩამორჩება... "ლაიპციგს", ხოლო ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ლიდერის როლი "ატლეტიკოს" გადაულოცა.

მართალია, გაზაფხულამდე ჯერ დიდი დროა და ყველაფრის გამოსწორება შეიძლება, მაგრამ ძალიან მაღალი ალბათობით, მიუნხენური გიგანტის უფროსობა უკმაყოფილოა ანჩელოტის მუშაობით და იქნებ, ნანობს კიდეც კლოპის ხელიდან გაშვებას.

მაგრამ ერთია "ბაიერნის" სურვილი, ხოლო მეორე ის, თუ რამდენად უღირს "ლივერპულის" დამრიგებელს ბუნდესლიგაში დაბრუნება. პრემიერლიგაში გაცილებით მეტი ადრენალინია და ამ "საგიჟეთში" ის, თავისი ზეემოციურობიდან გამომდინარე, ისე გრძნობს თავს, როგორც თევზი წყალში.

ესეც არ იყოს, მის ხელში "ლივერპული" ტიტულის მოგების ერთ-ერთ რეალურ კანდიდატად იქცა, ხოლო თავად - "ენფილდის" კუმირად. ეს კი ისეთი პატივია, ბევრ მწვრთნელს რომ არც დასიზმრებია. ამდენად, კლოპის გერმანიაში დაბრუნება ნაკლებად სავარაუდოა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
კლოპს რა უნდა ამას ჩემი აზრით აზრი არ აქ )) მთავარია რომენიგეს და ჰიონესს უნდოდეს
effe
02:36 03-12-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული