დუისბურგელები "კოტბუსის" დამარცხების შემდეგ ისე ზეიმობდნენ, თითქოს გერმანიის თასის მფლობელები გახდნენ - ბერლინის საგზურის განაღდება "ზებრებისთვის" უდავოდ გრანდიოზული მოვლენაა. გარდა იმისა, რომ "დუისბურგს" გერმანიის თასის მოგების უნიკალური შანსი აქვს,
თამაში ზანტად დაიწყო და პირველი გოლი "კოტბუსის" დაცვის ხაზის შეცდომის წყალობით გავიდა: შაჰანის ჩაწოდების შემდეგ, "ენერგის" მცველ ჰიუნემაიერს ბურთის უკეთ მოგერიება მართებდა, მაგრამ პირდაპირ "დუისბურგის" ერთადერთ ფორვარდ მაიერჰოფერს მოარტყა (სახეში), რის შემდეგაც ბურთი კირშბაუმის კარში შევარდა - 1:0. "ზებრებმა" გოლი ძალიან ემოციურად იზეიმეს და წარმატება გუნდის ლიდერ იულიან კოხს მიუძღვნეს, რომელმაც პარასკევს მუხლის მძიმე ტრავმა მიიღო და თანაგუნდელებს სეზონის უმნიშვნელოვანეს მატჩში ვერ ეხმარებოდა.
მეორე გოლი კი დუისბურგელებმა 54-ე წუთზე გაიტანეს: ხეირიანი კონტრშეტევა ბალიაკმა მშვენივრად დააგვირგვინა. შეხვედრა დასასრულს უახლოვდებოდა, "ზებრები" 2:0-ს იგებდნენ და ვინც იფიქრა, რომ ყველაფერი დამთავრებული იყო, მწარედ შეცდა: ბოლო 12 წუთში ვითარება ისევ მაგრად დაიძაბა. კერძოდ, 78-ე წუთზე სუარესმა რაიმერინკი საჯარიმოში მოცელა, დუისბურგელი მცველი მოედნიდან გააძევეს, "კოტბუსმა" კი თერთმეტმეტრიანის დარტყმის უფლება მიიღო, რომელიც "ენერგის" გოლეადორმა პეტერსენმა გოლად გადააქცია. ამის შემდეგ, კოტბუსელებმა კაცნაკლული "დუისბურგი" წნეხის ქვეშ მოაქციეს. ჯერ ჰიუნემაიერს ჰქონდა ანგარიშის გათანაბრებისა და თამაშის დამატებით დროში გადაყვანის შანსი, მერე კი შაოს თავური დარტყმისას, ბურთი იელდელის კარის ძელს მოხვდა. მოგვიანებით, "დუისბურგის" კიპერმა იმავე შაოს დარტყმა ბრწყინვალე ნახტომში მოიგერია.
ჰიუნემაიერის საგოლე შანსზე კი უფრო დეტალურად უნდა შევჩერდეთ, რადგან კოტბუსელები მიიჩნევენ, რომ "დუისბურგის" მარცხენა მცველმა ვეინაუმ ბურთი კარიდან მას მერე გამოიტანა, როცა კარის ხაზი უკვე გადაკვეთილი იყო. "კოტბუსის" მწვრთნელმა ვოლიტცმა თქვა, თვითონ ვეინაუმაც აღიარა, რომ ბურთს კარის ხაზი გადაკვეთილი ჰქონდაო.
ვითარება კი მატჩის წინაც ძალიან დაძაბული იყო: დუისბურგელმა ულტრასებმა "კოტბუსის" ავტობუსს ქვებითა და პეტარდებით შეუტიეს, რის გამოც კოტბუსელები სტადიონზე დაგვიანებით მივიდნენ...
დუისბურგი-კოტბუსი 2:1
დუისბურგი (4-2-3-1): იელდელი - ბ. კერნი, ბრუნო სუარესი, ბაჟიჩი, ვეინაუ - ბანოვიჩი, სუკალო - შაჰანი, ტროიანი (79. რაიხე), ბალიაკი (91. ილმაზი) - მაიერჰოფერი (89. შეფლერი).
კოტბუსი (4-2-2-2): კირშბაუმი - ბიტროფი (73. როჯერი), ჰიუნემაიერი, ბრჟენსკა, ციბიგი - კურთი (46. რაიმერინკი), კრუშკა - შაო, ადლუნგი (66. კრონაფეტერი) - პეტერსენი, იულა.
გოლები: 1:0 მაიერჰოფერი (24), 2:0 ბალიაკი (54), 2:1 პეტერსენი (78-პენ)
გაფრთხილება: სუკალო, ტროიანი, ილმაზი - კრუშკა, კრონაფეტერი, შაო
გაძევება: ბრუნო სუარესი (77. დუისბურგი)
მაყურებელი: 31 500
როცა სუსტები ბერლინში მიდიოდნენ...
ალბათ გაინტერესებთ, რამდენად ხშირად მოუხერხებია არაპირველბუნდესლიგელ კლუბს გერმანიის თასის ფინალში გასვლა. ეს სულ 12-ჯერ მოხდა. და რამდენჯერ მოახერხეს მათ ფინალის მოგება?..
1997 წელს გერმანიის თასის ფინალში რეგიონალლიგის წარმომადგენელმა "კოტბუსმა" გააღწია და გადამწყვეტი მატჩი "შტუტგარტთან" წააგო. "ენერგის" მაშინდელი თავდამსხმელი ტორალფ კონეტცკე დღესაც სიამოვნებით იხსენებს ბერლინში გამართულ საოცნებო ფინალს, რომელიც წაგების მიუხედავად, მისი კარიერის საუკეთესო მოგონებაა. "დღესაც ყველა იმ თამაშს მახსენებს. მაშინ რიგით მესამე ლიგაში ვთამაშობდით და ნამდვილი ზღაპარი იყო ის, რომ გერმანიის თასის ფინალში გასვლა მოვახერხეთ," - ამბობს დღეს უკვე 38 წლის ექს-ფეხბურთელი. დღეს კონეტცკე ავტომექანიკოსია და პროფილაქტიკაში მუშაობს.
მოკრძალებული კლუბები გერმანიის თასის ფინალში - აღსანიშნავია, რომ 12 შემთხვევიდან, ხუთი 90-იან წლებში დაფიქსირდა. 1992 წელს იმხანად მეორე ბუნდესლიგის წარმომადგენელმა "ჰანოვერმა" ფინალის მოგება შეძლო, დაამარცხა რა მიონხენგლადბახის "ბორუსია" პენალტების სერიაში ანგარიშით 4:3. "წითლების" გამარჯვება მეკარე იორგ ზიფერსის დამსახურება იყო, რომელმაც პენალტების სერიაში ორი თერთმეტმეტრიანი მოიგერია. ზიფერსი დღეს 45 წლისაა და ისევ "ჰანოვერში" მუშაობს.
ყველა ფინალი არაპირველბუნდესლიგელი კლუბების მონაწილეობით
წელი ფინალი შედეგი
1965 ალემანია-ბორუსია (დ) 0:2
1968 ბოხუმი-კიოლნი 1:4
1970 ოფენბახი-კიოლნი 2:1
1983 ფორტუნა (კ)-კიოლნი 0:1
1987 შტუტ. კიკერსი-ჰამბურგი 1:3
1992 ჰანოვერი-ბორუსია (მ) 4:3 (პ.ს.)
1993 ჰერტა II-ლევერკუზენი 0:1
1994 ესსენი-ვერდერი 1:3
1995 ვოლფსბურგი-ბორუსია (მ) 0:3
1997 კოტბუსი-შტუტგარტი 0:2
2001 უნიონი-შალკე 0:2
2004 ალემანია-ვერდერი 2:3