მსაჯები ფერგის წინააღმდეგ

AutoSharing Option

მსაჯები „მანჩესტერ იუნაიტედის“ თავკაცის სერ ალექს ფერგიუსონის დასჯას ითხოვენ. არ არის გამორიცხული მას ოთხთამაშიანი დისკვალიფიკაციაც კი მიუთითონ. მიზეზი: შაბათს, სერ ალექსი უეინ რუნის თავგამოდებით იცავდა (არადა, რუნიმ „უიგანის“ ნახევარმცველ ჯეიმს მაკარტის სახეში იდაყვი მიარტყა), სამშაბათს კი „ჩელსის“ მცველი დავიდ ლუიზი რატომ არ გააძევეო, არბიტრ რონ ატკინსონს საშინლად ეჩხუბა. ფერგის ასეთი დამოკიდებულება ინგლისელმა მსაჯებმა უპატიოსნებად მიიჩნიეს. ყოფილმა რეფერიმ ჯეფ ვინტერმა თქვა:

„ალექს ფერგიუსონმა საქვეყნოდ გამოამჟღავნა, რომ ორმაგი სტანდარტები აქვს. ამის უყურადღებოდ დატოვება დაუშვებელია, მითუფრო, რომ მან ატკინსონს შეურაცხყოფა მიაყენა, ტელევიზიით, კერძოდ

„მანჩესტერ იუნაიტედის“ არხზე თქვა, რომ ის სამართლიანი არ არის და მატჩის წინ მისგან უარესს ელოდა.

დღეს საზოგადოება ფეხბურთის ასოციაციას მსხვილი კლუბებისა და ფიგურების წინაშე უკან დახევაში სდებს ბრალს. საამისოდ საბაბიც არსებობს — შაბათს რუნიმ მაკარტის სახეში იდაყვი მიარტყა და დასჯა ვერ გაუბედეს. ახლა, საჭიროა ფერგიუსონი დაისაჯოს სამაგალითოდ. თუ გახსოვთ, გასულ სეზონში, „იუნაიტედის“ მწვრთნელს მსაჯ ალან უაილიზე ცუდად ლაპარაკის გამო 20 ათასი ფუნტი გადაახდევინეს, ორი თამაშით დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს და ორიც პირობითად მისცეს. ეს პირობითი სასჯელი სეზონის ბოლომდე ძალაშია, ასე რომ თავისუფლად შეიძლება მაშინ მისჯილი ოთხთამაშიანი დისკვალიფიკაცია მას ბოლომდე მოახდევინონ. თან, ხაზს ვუსვამ, ეს მინიმუმია. ამასთან, ფერგიუსონს უნდა გავაგებინოთ, რომ თუ მომავალშიც დაესხმება არბიტრებს თავს, მისი შემდეგი, თან ძარიან სერიოზული დასჯა თვეებით აღარ გადაიდება“.

აღსანიშნავია, რომ მსაჯობის წლებში ვინტერსაც მოსვლია ფერგიუსონთან უსიამოვნება, თუმცა ბედის ირონია გახლდათ, რომ კარიარა კარიერა 2005 წელს სწორედ „მანჩესტერ იუნაიტედის“ შეხვედრით დაასრულა.“ ეს გახლდათ ფეხბურთის ასოციაციის თასის ფინალი, სადაც „იუნაიტედის“ მეტოქე იყო „მილუოლი“.

„კარგა ხნის წინ, როდესაც პრემიერლიგაში მსაჯობას ვიწყებდი, მოედნიდან როი კინი გავაგდე, რისთვისაც ალექს ფერგიუსონმა ყვირილი დამიწყო. ამის შემდეგ, „მანჩესტერ იუნაიტედის“ თამაშის მსაჯად, რატომღაც, მთელი ორი წლის განმავლობაში აღარ მნიშნავდნენ. ამ ხნის მანძილზე პრემიერლიგის სხვა გუნდებს ხუთჯერ-ექვსჯერ მაინც მოვემსახურე...

ალექს ფერგიუსონმა ძალიან კარგად იცის, რომ მისი ნახვის და მისი გუნდის თამაშის მსაჯობის არასდროს მშინებია. ვფიქრობ, ატკინსონთან ურთიერთობის დაძაბვით და მასზე ცუდად ლაპარაკით ფერგიუსონმა პრაქტიკულ მიზანს მიაღწია. ახლა ატკინსონს „იუნაიტედისა“ და „არსენალის“ თამაშის მსაჯად აღარ დანიშნავენ“.

თუმცა ჯეფ ვინტერის კომენტარი მაინც ერთი პიროვნების დამოკიდებულებას გამოხატავს, ინგლისელ მსაჯთა ერთობლივი განწყობილება კი მსაჯთა უფლებების დამცველი კავშირის „პროსპექტის“ შეფმა ალან ლეიტონმა გამოხატა:

„ახლა სერ ალექსის სვლაა. მე მისი დასჯა სულაც არ მაინტერესებს, მირჩევნია ბოდიში მოიხადოს და ასე აღარ მოიქცეს. მსაჯები კი ამბობენ, რომ თუ ამ საკითხთან დაკავშირებით რომელიმე მათგანს კითხვებს დაუსვამენ, მაშინ ისინი ყველას დაკითხვას მოითხოვენ. არბიტრები საოცრად ერთსულოვანნი არიან“.

ფეხბურთის ასოციაციამ ფერგიუსონის ამბავი პარასკევს, საქართველოს დროით საღამოს 7 საათამდე უნდა გადაწყვიტოს და საამისოდ ჩანაწერის ნახვა მოითხოვა.

თითქოს ბედის ირონიააო, შაბათიდან რამდენიმე დღეში საზოგადოებას თავი „იუნაიტედისა“ და „უიგანის“ ზემოთ ნახსენები შეხვედრის მსაჯმა მარკ კლეტენბერგმაც შეახსენა. ოთხშაბათს, „მანჩესტერ სიტისა“ და „ასტონ ვილას“ შეხვედრაში („სიტიმ“ მოიგო 3:0) ზუსტად ისეთი ეპიზოდი განმეორდა, როგორიც მან რუნისა და მაკარტის შემთხვევაში „ჩაყლაპა“. ამჯერად ისტლენდელმა მარიო ბალოტელიმ ბირმინგემელ კრის ჰერდს ჩაარტყა იდაყვი. კლეტენბერგმა ბალოტელის ყვითელი ბარათი ამოუღო. მატჩის შემდეგ „ვილას“ მწვრთნელმა ჟერარ ულიემ თქვა:

„მსაჯი სამართლიანა მოიქცა. ვფიქრობ ბალოტელის ჩემი ფეხბურთელისთვის განზრახ არ მიურტყამს“.

აღსანიშნავია, რომ „სიტის“ თავკაცმა რობერტო მანჩინიმ აფრო-იტალიელი ფორვარდი დაუყოვნებლივ გამოცვალა, რადგან მისი ამბავი იცის და შეეშინდა, რომ ამ სეზონში მიღებული 9 ყვითელი ბარათისთვის მას იმავე შეხვედრაში მეათეც არ მიემატებინა.

ცნობისათვის: ულიემ ამ შეხვედრაში წამყვანი ფეხბურთელები, სტიუარტ დაუნინგი და ეშლი იანგი დაასვენა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული