ჩხუბი ძველ ფირმაში

AutoSharing Option

შოტლანდიის თასის მეხუთე ეტაპზე „ოლდ ფირმ დერბი“ გაიმართა ანუ ერთმანეთს გლაზგოს ორი დიდი გუნდი შეხვდა და... მოდი, სანამ ანგარიშს ვიტყოდეთ ესა ვთქვათ: სელტიკელთაგან სამმა კაცმა მიიღო ყვითელი ბარათი, რეინჯერსელთაგან კი რვამ, რასაც ორ შემთხვევაში მეორე გაფრთხილებაც დაემატა და გაძევებად იქცა. საფინალო სასტვენის შემდეგ კიდევ ერთმა რეინჯერსელმა ელ ჰაჯი დიუფმა მიიღო წითელი ბარათი. აქ, მიზეზი უკვე ლანძღვა-გინება იყო. „სელტიკის“ მწვრთნელმა ნილ ლენონმა და „რეინჯერსის“ მწვრთნელის ასისტენტმა ალი მაკოისტმა იჩხუბეს. რაც შეეხება ანგარიშს მარკ უილსონის მიერ 48-ე წუთზე გატანილი გოლის წყალობით „სელტიკმა“

გაიმარჯვა.
მაკოისტი და ლენონი რომ იჩხუბებდნენ თავიდანვე ეტყობოდა და „რეინჯერსის“ მწვრთნელმა ვალტერ სმიტმა ამიტომაც დასვა თავისი ასისტენტი პირველ ტაიმში მეტოქის სათადარიგოთა სკამიდან ცოტა მოშორებით. ეს მაშინ მოხდა, როდესაც მსაჯმა სტივენ უიტეკერი ემილიანო ისაგირეს წინააღმდეგ უხეშობის გამო გააძევა, ლენონს კი აუტის ხაზთან დიუფთან მოუვიდა შელაპარაკება. შემდეგ, ლენონის ასისტენტი იონ მოლბი „გაექაჩა“ „სელტიკის“ ახალგაზრდა ფეხბურთელ კაილი ბერტლის, ხოლო შესვენებისას, გვირაბში შესულ გუნდებს დასჭირდათ დაშოშმინება.

მეორე ტაიმის ბოლოს, მსაჯის დამატებულ წუთებში, ჯერ მაჯედ ბუგერამ იუხეშა კრის კომონსის წინააღმდეგ და წითელი ბარათი მიიღო, ხოლო თამაში რომ დამთავრდა დიუფმაც გამოსტყუა მსაჯს წითელი. თან, დიუფის ამბავი მოგეხსენებათ, გინდა თუ არა ჩვენს გულშემატკივარს მაისურა უნდა გადავუგდოო, ტრიბუნისკენ მიიწევდა და მის გვირაბში შეყვანას პოლიცია დასჭირდა.

თუმცა ამაზე დიდი სეირი ტელემაყურებელმა პირდაპირი ეთერით ნახა: სათადარიგოთა სკამებთან მაკოისტმა და ლენონმა ერთმანეთი „მოძებნეს“ და ხელჩართულზე გადავიდნენ. თურმე ჯერ ხელის ჩამოსართმევად გაწეულან ერთმანეთისკენ, მერე კი ჩხუბი აუტეხავთ. პრეს-კონფერენციაზე „სელტიკის“ ერთ-ერთი მწვრთნელი, ალან ტომპსონი მივიდა და ჟურნალისტებს ასე უთხრა:

„როდესაც სტივენ უიტეკერი გააძევეს, ჩვენი ფიზიოთერაპევტი მოედანზე შევიდა, დიუფმა კი მას მხარი გაჰკრა. ნილმა ეს დაინახა და ყველაფერი აქედან დაიწყო. მე ბრალს არავის არაფერში ვდებ, უბრალოდ გიყვებით რაც მოხდა. შესვენებისას არაფერი დამინახავს“.
„რეინჯერსის“ თავკაცმა, სმიტმა, ყველაფერი გაძევებებს დააბრალა, მსაჯმა ორივე შემთხვევაში გადაამეტაო. რაც შეეხება მაკოისტის და ლენონის ჩხუბზე, ასე თქვა, მე გასახდელში ისე ჩქარა შევედი ჩხუბი არ დამინახავს, მაგრამ გარწმუნებთ, დღეს „სელტიკის“ ხელმძღვანელებთან ერთად აუცილებლად დავლევთ, ოღონდ... ჩაისო.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული