ამიერიდან უკვე „ლივერპულის“ ფეხბურთელმა ჯო კოულმა გამომშვიდობებისას თავის ყოფილ კლუბს „ჩელსის“ შეუთვალა, ახლა კი ჩვენი ქვეყნის მართლაც უძლიერეს კლუბში გადავედიო. მერსისაიდელთა ახალწვეული დარწმუნებულია, რომ „ჩელსი“ ფრთხილად უნდა იყოს, ამ სეზონში „წითლები“ ჩემპიონობისთვის იბრძოლებენ. თან, კოულს ლივერპულელთა ახალი თავკაცის როი ჰოჯსონი იმედი აქვს. კოულმა თქვა:
„როდესაც „ლივერპულის“ ინტერესის შესახებ შევიტყვე, გადაწყვეტილების მისაღებად ტვინი არ მიჭყლეტია. მიზეზი მარტივია, „ლივერპული“ ხომ ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი კლუბია. „ენფილდ როუდზე“ თამაში ჩემთვის დიდი გამოწვევაა. მთელი ცხოვრება ლონდონის გუნდებში ვარ და ახლა ახალ გამოწვევას ვიღებ. სხვათაშორის,
გუშინ მოგახსენებდით, რომ კოულის „ლივერპულში“ გადასდვლამ გუნდის კაპიტანს სტივენ ჯერარდს დარჩენისკებ უბიძგა — დიდი ხანი ლაპარაკობდნენ ჯერარდის „რეალში“ შესაძლო გადასვლაზე. კოულმა დასძინა:
„სტივის ამბავი ძალიან გამიხარდა, უკეთესს ვერაფერს შევიტყობდი. სტივი „ლივერპულის“ სული და გულია. მეს ათი წელიწადია ხამ მის წინააღმდეგ ვთამაშობ, ხანაც, ნაკრებში, მის მხარდამხარ და კარგად ვიცი რა დონის ფეხბურთელზეც გვაქვს ლაპარაკი“.
საინტერესოა, რომ კოულის „ჩელსიდან“ „ლივერპულში“ გადასვლამ ხალხს ხუთი წლის წინანდელი ამბავი გაახსენა, როდესაც ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ერთმანეთს სწორედ ეს ორი გუნდი გადაეყარა. მაშინ, „ენფილდ როუდის“ ლეგენდარული ტრიბუნიდან, „კოპიდან“ წამოსულმა არანორმალურმა ხმაურმა აიძულა მსაჯი ლუბოშ მიხელი ჩაეთვალა ლუის გარსიას გამარჯვების გოლი, რომელიც, შესაძლოა სულაც არ გასულა — გადაკვეთა კი ბურთმა „ჩელსის“ კარის ხაზი? თუ მაშინდელი ამბები გახსოვთ, ისიც გეხსომებათ, რომ ლონდონელთა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ იმ გოლს „გოლი აჩრდილი“ უწოდა. სწორედ მაშინ იგრძნო ჯო კოულმა თუ რა ადგილია „ენფილდ როუდი“ და მის დღევანდელ გადაწყვეტილებაზეც, როგორც ჩანს მაშინდელმა შტაბეჭდილებამ იმოქმედა ძალიან.
კოული იხსენებს: „არ მავიწყდება ის ნახევარფინალი, როდესაც მოედანზე გავედი და თმა ყალყზე დამიდგა. მაშინ წარმოვიდგინე, რა ბედნიერებაა, როდესაც ამ ატმოსფეროში ყოველ კვირას თამაშობ. სწორედ ამას ველი ყველაზე დიდი მოუთმენლობით. როგორც მეტოქე „ლივერპული“ ძალიან დიდი ძალა იყო“.
საინტერესოა, რომ ჯო კოულს „ჩელსის“ მწვრთნელების გადამკიდე ბოლო წლებში სათადარიგოთა სკამზე დიდხანს ჯდომა მოუხდა და საშუალება ჰქონდა ტრიბუნიდან ნასროლი მერსისაიდული ხუმრობებისთვის ეგდო ყური. კოული ამბობს:
„ბოლო წლების განმავლობაში აუტის ხაზის თუ ტრიბუნების გასწვრივ გასახურებლად ბევრს დავრბოდი და ხალხისგან საოცარი ხუმრობები და შეძახილები მესმოდა. ეს ხუმრობები ძალიან მომწონდა და იმედი მაქვს, რომ ამიერიდან ჩემზე მხოლოდ დადებითად თუ იხუმრებენ რამეს. გუშინ ჯეიმი კარაგერი მეუბნებოდა, რომ მე ლონდონურ დიალექტში, „კოკნიში“ ვარ მაგარი, მაგრამ მე ამათი „სკუსიც“ ძალიან მომწონს. მართალია, ყურის მისაჩვევად ერთი-ორი კვირა დამჭირდება, მაგრამ მოვახერხებ. აი, „ლივერპულში“ რომ ჩამოდიან ესპანელები რას იგებენ აქ, ნამდვილად ვერ მოგახსენებთ.
მოკლედ, მომიწევს „სკუსიში“ მეცადინეობა. ამათი „ბიტლებიც“ ძალიან მიყვარს“.