ფერგიუსონმა ბრჭყალები გამოაჩინა

AutoSharing Option
ალექს ფერგიუსონმა გადაწყვიტა იბრძოლოს. არადა, "მანჩესტერ იუნაიტედის" მწვრთნელს შეეძლო ფეხბურთის ასოციაციის მიერ წაყენებულ ბრალდებას არ შეწინააღმდეგებოდა და მორჩილად მოეხადა ის დისკვალიფიკაცია, რასაც მიუსჯიდნენ. გაუგებარია? გაინტერესებთ, ბრძოლაში ცუდი რა არის? ის, რომ თუ თავისი სიმართლე ვერ დაამტკიცა, გაცილებით სერიოზულად დაისჯება.

თანმიმდევრულად მოვყვეთ: ფერგიუსონმა "ჩელსისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" თამაშის შემდეგ ("ჩელსიმ" მოიგო 2:1) "იუნაიტედის" საკლუბო ტელევიზიით არბიტრი რონ ატკინსონი სასტიკად გააკრიტიკა. მან ისეთი რამ თქვა, რასაც ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია, ძალიანაც რომ სდომოდა, ყურადღების გარეშე ვერ დატოვებდა. კერძოდ, როდესაც მწვრთნელი ამბობს, რომ ისეთ
პრინციპულ შეხვედრებში, როგორიც "სტემფორდ ბრიჯზე" სამშაბათს გაიმართა, სამართლიანი მსაჯის დანიშვნაა საჭირო, განგაშის ზარს უნდა შემოჰკრა - გამოდის, რომ ასოციაციას შეხვედრაზე უსამართლო არბიტრი ჰყავდა მივლინებული.

კიდევ, იმავე ინტერვიუში ფერგიუსონმა თქვა, რომ თამაშამდე, როდესაც მსაჯის ვინაობა შეიტყო, მიხვდა რომ კარგი არაფერი მოხდებოდა. სიტყვასიტყვით ასე ბრძანა სერ ალექსმა - უარესს ველოდიო. მანვე გაიხსენა ერთი წლის წინანდელი, როდესაც "ჩელსისა" და "იუნაიტედის" შეხვედრაში ატკინსონმა "იუნაიტედის" კარში პენალტი დანიშნა - მაშინ გოლი ჯონ ტერიმ გაიტანა. მანჩესტერელთა მწვრთნელი, რასაკვირველია, ამტკიცებდა, რომ ატკინსონი მაშინაც მიკერძოებულად მსაჯობდა.

შეგახსენებთ, რომ შარშან, მსაჯ ალან უაილის კრიტიკისთვის (ფიზიკური მომზადება აკლია და მოედანზე ვერ დარბისო) ფერგიუსონმა ოთხთამაშიანი დისკვალიფიკაცია მიიღო, თუმცა ამ ოთხი თამაშიდან ორი პირობითად დაუტოვეს. ახლა, თუ სერ ალექსს ისევ გაამტყუნებენ, ის ორი თამაში "პირობითის" სტატუსს დაკარგავს და ნაღდ დისკვალიფიკაციად იქცევა. გარდა ამისა, გაირჩევა ატკინსონის ლანძღვის ამბავიც და სასჯელს სასჯელი დაემატება.

კვირას, "ლივერპულისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" შეხვედრას ფერგიუსონი ჩვეულებრივ დაესწრება, მაგრამ შემდეგ, როგორც ჩანს, მაღლა, ტრიბუნაზე მოუწევს გადანაცვლება.

საინტერესოა, რომ ალექს ფერგიუსონს გადაწყვეტილება დამოუკიდებლად არ მიუღია. გუშინ დილით ის თავის მრჩეველებს ელაპარაკა და მათთან ერთად გადაწყვიტა, რომ ასოციაციას თავს არ დაუხრიდა.







.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული