ფრთხილად, ლივერპულო!

AutoSharing Option

„მანჩესტერ იუნაიტედი“ ინგლისის ჩემპიონის ტიტულს მეცხრამეტედ თუ მოიგებს, ქვეყნის ყველაზე ტიტულიანი გუნდი გახდება. 2009 წლის გამარჯვებამ „იუნაიტედი“ „ლივერპულს“ გაუტოლა — მას მერე ეს ორი გუნდი „ტახტს“ 18 ტიტულით იყოფს. გასული ჩემპიონატი კი, მოგეხსენებათ, ორივე გუნდს გაუცდა — ყველას „ჩელსიმ“ აჯობა. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ლონდონელებმა მანჩესტერელებს ერთი ქულით გაუსწრეს, ლივერპულელება კი 23-ით. მომავალ სეზონთან და დიდ გეგმებთან დაკავშირებით „იუნაიტედის“ 26 წლის შოტლანდიელმა ნახევარმცველმა დარენ ფლეტჩერმა ილაპარაკა:

„ჩვენი გუნდი იმისთვის არსებობს, რომ ძველი რეკორდები ამსხვრიოს და ახალი სტანდარტები დაამკვიდროს. ინგლისის

ყველაზე ტიტულიანი კლუბის სახელის მოპოვება ჩვენთვის და ჩვენი ფანებისთვის დღეს ყველაფერს ნიშნავს, ყველაფერზე მნიშვნელოვანია. ფანებს ძალიან გაუხარდათ როდესაც „ლივერპულს“ გავუტოლდით, ხოლო თუ გავუსწრებთ, სიხარულით ცას ეწევიან. ჩვენ ფეხბურთელები კი გასული სეზონის გამო იმედგაცრუებულნი ვართ. ჩემპიონობა გვინდოდა და ვერ შევძელით, რაც ახალ ჩემპიონატში აუცილებლად უნდა გამოვასწოროთ“.

ფლეტჩერმა აღიარა, რომ გასული სეზონის ხელმოცარვამ ვეტერან მანჩესტერელებში ძალიან დიდი გულისწყრომა გამოიწვია. მათ „ლივერპულის“ რეკორდის მოხსნა განსაკუთრებით ეჩქარებოდათ, თუმცა იმედგაცრუება შესაძლოა სასიკეთოდ შემობრუნდეს და ამ საქმეში გამოცდილმა რაიან გიგზმა (36 წლის) და პოლ სქოულზმა (35 წლის) დიდი როლი უნდა ითამაშონ.

„ჩვენი გუნდის ვეტერანები იმდენ სიტუაციაში მოხვედრილან, რომ ძალიან კარგად იციან როდის როგორ უნდა მოიქცნენ. მათ ბევრჯერ მოუიგიათ ჩემპიონის ტიტული და ჰქონიათ შემთხვევები, როდესაც შემდეგ წელიწადს ხელი მოსცარვიათ, ასე რომ ყველაზე კარგად სწორედ მათ იციან, როგორ უნდა დაბრუნდეს გუნდი დაკარგულ სიმაღლეს. მათ შეუძლიათ გითხრან, რას ნიშნავს ჩემპიონთა ლიგის თამაშიდან დაბრუნება და ხელადვე, შაბათ შუადღისას „ევერტონთან“ სტუმრად თამაში. ისინი ისეთ რჩევებს იძლევიან, რომ მე, ჯონ ოში, ვეს ბრაუნი და უეინ რუნი ბევრს ვსწავლობთ. შემდეგ, ჩვენ დაგვევალება მომავალი თაობებისთვის ჭკუის დარიგება“.

ინგლისური ფეხბურთისა და კერძოდ „მანჩესტერ იუნაიტედის“ მოყვარულებს კარგად მოეხსენებათ, რომ დარენ ფლეტჩერი ცენტრალური ნახევარმცველია, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში სხვადასხვა ფუნქციის შეთავსებაც შეუძლია. გასულ სეზონში, მაგალითად, „იუნაიტედს“ ტრავმებმა შეუტია და ფლეტჩერს მასავით ნახევარმცველ მაიკლ ქერიკთანაც კი მოუხდა დაცვის შუაში შეწყვილება.
„მე და მაიკლმა დაცვის ცენტრში სამი შეხვედრა ჩავატარეთ. ძალიან მაინტერესებს, როგორ ითამაშებდა „ჩელსი“ და როგორ გახდებოდა ჩემპიონი მიხაელ ბალაკისა და ფრენკ ლემპარდის წყვილად დაცვაში ჩაწევა რომ დასჭირვებოდა. სამწუხაროდ, ჩვენ ასეთი დღეებიც გადაგვხდა და მინდა გითხრათ, რომ ამაში კარგი არაფერი იყო. ჩვენი სეზონი, რომ სწორედ ამან დაანგრია, წამითაც არ მეპარება ეჭვი. ჩვენ, „მანჩესტერ იუნაიტედს“ დიდებული გუნდი გვყავს, მაგრამ როდესაც ტრავმები მოგეძალება, როგორც გაირკვა ესეც კი ვერ გიშველის“.
წინ ახალი სეზონია, რომლის განმავლობაში, ყურადღების ცენტრში კვლავ გუნდის მთავარი ვარსკვლავი უეინ რუნი იქნება. გასულ სეზონში რუნიმ ყველა შეჯიბრებაში ერთად 34 გოლი გაიტანა. ფლეტჩერის აზრით, ის, რომ მან მსოფლიოს ჩემპიონატზე ისე ვერ ითამაშა, როგორც სჩვევია, სულაც არ ნიშნავს, რომ რუნი ძველებურად ვეღარ ბრწყინავს და მომავალ სეზონში გოლს გოლზე ვეღარ გაიტანს.

ფლეტჩერმა დასძინა: „ხალხი რუნის საუკეთესო თამაშებს უყურებს და მისგან ყოველ მომდევნო შეხვედრაში იგივეს ითხოვს. თავად უეინიც საოცრად მაღალ მოთხოვნებს უყენებს საკუთარ თავს. სხვათაშორის, მინდა გითხრათ, რომ მეტწილად ის თამაშობს კიდეც იმ დონეზე, რომელსაც თავს თავად უკვეთავს“.

და თუ რუნი ძველებურად ათამაშდება, „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფანები დარწმუნებულები არიან, რომ გაისად ამ დროს ინგლისის ყველაზე ტიტულიანი გუნდი „ლივერპული“ აღარ იქნება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული