რაფა ბენიტესი: ტორესმა ტყუილი მომიგონა.

AutoSharing Option
"ლივერპულის" ყოფილი მწვრთნელი რაფა ბენიტესი გაოცებულია. მისი ძველი შეგირდები ინტერვიუებში ამბობენ, რომ ის მეგობრული ადამიანი არ არის, ფეხბურთელებთან ურთიერთობაში ცივია და დისტანცია უჭირავს. კიდევ, ესპანელი სპეციალისტი, რომელიც მერსისაიდიდან წასვლის შემდეგ ერთიხანობა "ინტერს" ედგა სათავეში, ყვება, რომ "ენფილდ როუდზე" მისი კარიერა ფინანსურმა ვალდებულებებმა დაასრულა.

დავიწყოთ ფეხბურთელებთან ურთიერთობით. აი, რა თქვა რამდენიმე მათგანმა: ჯერმაინ პენანტმა დაიჩივლა, რომ ბენიტესი მის რობოტად გადაქცევას აპირებდა, ალბერტ რიერა ერთ-ერთ ინტერვიუში ამტკიცებდა, რომ "ლივერპულში" მწვრთნელსა და ფეხბურთელებს შორის დიალოგი ფაქტობრივად არ არსებობდა, სტივენ ჯერარდმა ერთხელ ნახევრად იხუმრა,
2006 წელს, ჩემპიონთა ლიგის გმირული ფინალის შემდეგ ("ლივერპული" "მილანთან" პირველი ტაიმის შემდეგ 0:3-ს აგებდა, მაგრამ მეორეში ანგარიში გაათანაბრა და პენალტებით მოიგო) ერთი "ყოჩაღ" ვერ გაიმეტაო, ფერნანდო ტორესმა კი ავტობიოგრაფიულ წიგნში დაწერა, რომ მისი გოგონას დაბადების მეორე დღეს ბენიტესმა... ახლო ძელთან შევარდნა მოუწონა.

"ისინი ამბობენ, რომ მე მეგობრული არ ვარ და ეს ძალიან უცნაურია — თქვა ბენიტესმა "მეილ ონ სანდისთან" საუბარში — მე ხომ ყოველ დღე ფიზიოთერაპიის ოთახში, დაშავებულ ფეხბურთელებთან 15 წუთს ვატარებდი. კარგად ვიცი რასაც ნიშნავს იყო დაშავებული და ექვსი თვე გუნდის გარეშე, მარტო ვარჯიშობდე. ამიტომაც ვამხნევებდი ამ ხალხს. ვეუბნებოდი, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა და ვცდილობდი ჩამენერგა რწმენა, რომ ისინი ძველებურად თამაშს შეძლებდნენ.

განსაკუთრებული ურთიერთობა მქონდა ტორესთან, ჯერარდთან და რეინასთან. ამ სამეულს გუნდში დიდი როლის თამაში შეეძლო და მეც ამიტომ ველაპარაკებოდი, ვცდილობდი საბრძოლო სულისკვეთება ჩამენერგა. ისინი მუდამ სტიმულით აღსავსენი უნდა მყოლოდნენ . ტორესი, ჯერარდი და რეინა, ტექნიკურად, ფიზიკურად და მენტალურად ძლიერები არიან. მათი მზადყოფნა და შემართება ძალიან მნიშვნელოვანია. სხვა ფეხბურთელებთან კი, რასაკვირველია, განსვავებული დამოკიდებულება მქონდა. შედარებით სუსტ ფეხბურთელებს დატვავება და წახალისება სჭირდებოდათ. მათ, ტოპ-მოთამაშეებისგან განსხვავებით ამოსუნთქვის საშუალება უნდა მისცე".
ტორესის გოგონას დაბადაბასთან დაკავშირებულ ანეკდოტზე ბენიტესმა ასე თქვა:

"ეს ტყუილია. რამდენიმე დღით ადრე ჩვენ ახლო ძელთან შევარდნას ვამუშავებდით. შემდეგ, "ჩელსისთან" შეხვედრაში, ფერნანდომ ჩვენი კომბინაციის შესაბამისად ახლო ძელს შეუტია და გოლი გავიტანეთ. თამაში რომ დამთავრდა... ვიმეორებ, თამაში რომ დამთავრდა და არა მეორე დღეს, მე მასთან მივედი და ახლო ძელთან შევარდნა მოვუწონე. სამწუხაროდ, წიგნში მან დაწერა, რომ ეს მეორე დღეს მოხდა. სხვათაშორის, მე მას ვკითხე, რატომ მოიქცა ასე, მაგრამ პასუხი ვერ მივიღე. მოკლედ, ეს ტყუილია, მაგრამ გულშემატკივართა მეხსიერებაში ისე ჩაჯდა, რომ ახლა ვეღარავის ვეღარაფერში დაარწმუნებ".

მოგეხსენებათ, რაფა ბენიტესის მწვრთნელობის დროს "ლივერპულის" პატრონები ტომ ჰიკსი და ჯორჯ ჯილეტი იყვნენ. ესპანელი მწვრთნელი ამბობს, რომ სწორი სატრანსფერო პოლიტიკის გატარებაში ისინი მას ხელს უშლიდნენ.
"ჩვენ ვგრძნობდით, რომ პრემიერლიგის ჩემპიონობა შეგვეძლო, მაგრამ გუნდს გაძლიერება სჭირდებოდა, ხოლო ორი-სამი კარგი
ფეხბურთელის ყიდვას ფული სჭირდება. თუ ფული არ გაქვს, რამდენიმე ფეხბურთელი უნდა გაყიდო. სამწუხაროდ, შემოსული ფულს აღარ მაძლევდნენ. მაგალითად, მე "ფიორენტინადან" სტევან იოვეტიჩის ყიდვა მინდოდა, მაგრამ ჰიკსმა და ჯილეტმა ხელები გაასავსავეს, ფული არ გვაქვსო.

დღეს, როდესაც არსად ვმუშაობ, ფეხბურთს მეტი სიამოვნებით ვუყურებ. ადრე სულ ანალიზი მჭირდებოდა და თამაშებს სულ სხვა კუთხით ვუყურებდი".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული