ბრწყინვალე თამაში და ორი წიხლი

AutoSharing Option
დირკ კუიტის ჰეთ-თრიქმა პრემიერლიგის ტიტულისთვის ბრძოლა გაამწვავა, თუმცა, როგორც ინგლისური ტაბლოიდები აღნიშნავენ, არანაკლებ მწვავე იყო ის ტკივილი, რომელიც ლივერპულელმა ჯეიმი კარაგერმა ამ სამი ქულის გამო მანჩესტერელ ნანის მიაყენა. შესვენებისას "იუნაიტედის" აღმასრულებელი შეფი დევიდ გილი მსაჯთა უფროსს მაიკ რაილის დაუპირისპირდა - კარაგერისთვის ყვითელი ბარათი კი არ უნდა ეჩვენებინათ, ის მოედნიდან უნდა გაეგდოთ. შეგახსენებთ, რომ შეხვედრის მსაჯი ფილ დოდი გახდათ.

დღეს, როდესაც ინტერნეტში უამრავი სოციალური ქსელი არსებობს და კომუნიკაციები განვითარებულია, "იუნაიტედის" თანამშრომლებისთვის ნანის გაზიანებული ფეხის ფოტოს საქვეყნოდ ჩვენება არანაირ პრობლემას არ წარმოადგენდა.
ეს ფოტო დაუყოვნებლივ გაჩნდა "ტვიტერზე". ნანი, როგორც გახსოვთ, საკაცით გაიყვანეს, კარაგერი კი "იუნაიტედის" გასახდელში შევიდა და პორტუგალიელს ბოდიში მოუხადა.

გეხსომებათ, კიდევ ერთი კონფლიქტური სიტუაცია, როდესაც "მანჩესტერ იუნაიტედის" ბრაზილიელი მცველი რაფაელი გაცხარდა. მისი სიბრაზე ლივერპულელი არგენტინელის მაქსი როდრიგესის უხეშობამ გამოიწვია. ამ ეპიზოდში თამაშის ერთ-ერთმა მთავარმა გმირმა, ურუგვაელმა ლუის სუარესმა რაფაელს თმებზე მოქაჩა - ასეთი გახლდათ "ენფილდზე" გამართული სამხრეთამერიკული გარჩევა, რომლის დროსაც, რასაკვირველია, სხვა ეროვნების ფეხბურთელებიც ძიძგილაობდნენ.

გრემ პოლის კომენტარი: "პირველი ტაიმის მიწურულს ჯეიმი კარაგერი წითელ ბარათს გადაურჩა, მაგრამ მე შემიძლია გითხრათ, რატომ არ გააძევა ფილ დოდმა ლივერპულელი მოედნიდან: ეპიზოდის ბუნებრივ სიჩქარეზე ნახვისას მას არ დარჩებოდა შთაბეჭდილება, რომ კარაგერი დაუნდობლად მოიქცა. ხშირად, ეპიზოდის სიმძიმეს მხოლოდ შენელებული კადრი გამოკვეთავს ხოლმე. მაგრამ ასე იყო თუ ისე, იმ დანაშაულისთვის, რომელიც კარაგერმა ჩაიდინა, მას წითელი ბარათი ეკუთვნოდა, ხოლო ერთი ხნის მერე "ლივერპული" მოედანზე ცხრა კაცით უნდა დარჩენილიყო: მაქსი როდრიგესმა რაფაელს მაღლა აწეული, გაშლილი ფეხი ჩაარტყა. პირველი ეპიზოდისგან განსხვავებით, ეს დოდს ძალიან კარგად უნდა დაენახა და ვალდებული იყო, წითელი ბარათი ამოეღო. ორივე ეპიზოდს გაწევ-გამოწევა მოჰყვა და ეს იყო ერთადერთი რამ, რამაც შესანიშნავ შეხვედრას ლაქა მისცხო.

დოდს მაქსი როდრიგესი მოედნიდან რომ გაეგდო, ალბათ, თავიდან აიცილებდა ეპიზოდის გაგრძელებას, როდესაც ლუის სუარესმა რაფაელს თმა მოწიწკნა. რასაკვირველია, ეს მომენტიც წითელ ბარათს იმსახურებდა. სხვა ეპიზოდებში დოდი არ შემცდარა".

გატვიტეს და გამოტვიტეს
ტაბლოზე კი ლივერპულელთა გამარჯვება, 3:1 დაფიქსირდა. თუ ზემოთ აღწერილ ორ ეპიზოდს თავს დავანებებთ, მერსისაიდელებმა სრულიად დამსახურებულად მიითვალეს სამი ქულა. ეს გახლდათ "მანჩესტერ იუნაიტედის" მესამე მარცხი ხუთ შეხვედრაში. მსგავსი რამ სერ ალექს ფერგიუსონის გუნდს 2004 წლის შემდეგ არ დამართია.

რასაკვირველია, ასეთი დაძაბული თამაშის შემდეგ თავად ფერგიუსონის კომენტარი იქნებოდა საინტერესო, მაგრამ მანჩესტერელთა მწვრთნელს "დუმილის" პერიოდი აქვს გამოცხადებული. მიზეზი მოგეხსენებათ: ფერგიუსონს მსაჯ რონ ატკინსონის კრიტიკის გამო ფეხბურთის ასოციაცია დასჯას უპირებს, ის კი ასაჩივრებს. ერთი სიტყვით, სანამ ყველაფერი გაირკვევა ფერგი ინტერვიუს არავის აძლევს, თვით "მანჩესტერ იუნაიტედის" საკლუბო ტელევიზიასაც კი. თუმცა, ზემოთ სოციალური ქსელები ვახსენეთ და იქ, სხვა მანჩესტერელებმა, იცოცხლეთ, გამოთქვეს თავიანთი მოსაზრებები. რიო ფერდინანდმა, რომელიც "ტვიტერის" დიდი მუშტარია, დაწერა: "ცუდად ვითამაშეთ, წავაგეთ და თავის გამართლებას აზრი არ აქვს".

ჰეთ-თრიქის ავტორის, დირკ კუიტის კომენტარი გუშინ, თამაშის მიმოხილვაშივე მოგახსენეთ. ჰოლანდიელმა სამივე გოლი კარის უშუალო სიახლოვიდან გაიტანა. ის სამივე შემთხვევაში საჭირო დროს საჭირო ადგილას იდგა და ბურთის ბადეში შეგდება არ გაჭირვებია. კუიტმა ორი გოლისთვს ლუის სუარესს გადაუხადა დიდი მადლობა.

"წითლების" თავკაცმა კენი დალგლიშმა კი ასე ბრძანა: "ასეთ შედეგს ფეხბურთელების დამოკიდებულების, ჟინის, მოწადინების, საკუთარი კლუბით სიამაყის გამო მივაღწიეთ. "იუნაიტედი" უმაღლესი დონის გუნდია და მასთან თამაში ყველასთვის დიდი ტესტია".



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული