შოლას ნიღაბი

AutoSharing Option

შოლა ამეობიმ განაცხადა, რომ ამიერიდან შესაძლოა "ნიუკასლ იუნაიტედის" ნიღბიან ფეხბურთელად იქცეს. საქმე ისაა, რომ შაბათს, "ნიუკასლისა" და "ევერტონის" შეხვედრაში ("ევერტონმა" გაიმარჯვა 2:1) 29 წლის ნიგერიელი მოედანს მძიმე ტრავმის შემდეგ სწორედ ნიღბით დაუბრუნდა. ეს გახლდათ დამცავი ნიღაბი. ის კლუბმა ამეობის გატეხილი ნიკაპის გადასარჩენად შეიძინა. ფეხბურთელმა თქვა:
"ვიცი, რომ ძალიან ვრისკავდი. ჩემმა ქირურგმა მითხრა, რომ თუკი ნიკაპის ძვალს კიდევ ერთხელ დავიზიანებ, ის ოპერაციას ვეღარ გამიკეთებს, რადგან ეს უკვე დიდ რისკთან იქნება დაკავშირებული. თავად ნიღაბი საგანგებო მასალისგან არის დამზადებული. ეს მასალა ტყვიაგაუმტარი შუშა
გახლავთ და ვფიქრობ, ესთეტიკური თვალსაზრისითაც არ არის ცუდი. ნიღაბი სახეზეც კარგად მაქვს მორგებული, მაგრამ სირბილში, როდესაც სახე ოფლიანდება, მაინც იქმნება გარკვეული დისკომფორტი.
რაც შეეხება უხერხულობის მომენტს, როდესაც თამაშში ხარ ჩართული გავიწყდება, რომ ნიღაბი გიკეთია და გგონია, რომ ძველებურად, დაუფარავი სახით თამაშობ".

ჩელსის სუნი ეცა

მას მერე, რაც "ჩელსი" "მანჩესტერ იუნაიტედს" 15 ქულით ჩამორჩებოდა ერთ კვირაზე ოდნავ მეტია გასული, მაგრამ დღეს, მიუხედავად იმისა, რომ ფერნანდო ტორესმა კვლავ ვერ გაიტანა ახალ გუნდში თავისი პირველი გოლი, მდგომარეობა შეიცვალა — ჰაერში შესაძლო სენსაციის სუნი დატრიალდა. "ბლაქპულთან" ორშაბათის შეხვედრაში ორი გოლის ავტორმა ფრენკ ლემპარდმა განაცხადა:
"ჩვენ დიდი ტესტი ჩავაბარეთ და მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი ჯერ კიდევ ფანტასტიკის სფეროს ჰგავს, თუ საკუთარ შესაძლებლობებს ვირწმუნებთ, ჩემპიონობას შესაძლოა ჯერ კიდევ გამოვკრათ ხელი. რასაკვირველია, ცხრილის სათავეში მყოფ გუნდებს დღესაც შთამბეჭდავი ქულათა მარაგი აქვთ, მაგრამ ოთხეულში შესვლა, როგორც მიზანი, ნამდვილად არ მომწონს. გაცილებით სჯობს ჩემპიონობაზე ვიფიქროთ".

ფიქრით კი, კაცმა რომ თქვას, რატომაც არ უნდა იფიქრონ. ჯერ ერთი "ლურჯებს" ერთი თამაში მარაგში აქვთ და თუ მასაც მოიგებენ და ზედ "ოლდ ტრეფორდზე" "მანჩესტერ იუნაიტედთან" გამარჯვებასაც დააყოლებენ, სიტუაცია კიდევ უფრო შეიცვლება. "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "ჩელსის" მეორე შეხვედრა 7 მაისს არის დანიშნული.

დასავლეთლონდონელთა მწვრთნელი კარლო ანჩელოტი უფრო რეალისტი ჩანს: "დღეს, როდესაც ჩვენ ლიდერს კიდევ 9 ქულით ჩამოვრჩებით, ჩემპიონის ტიტულზე ფიქრი მეტისმეტი მგონია. გაცილებით სწორი მიდგომა იქნება თუ შორეულ გეგმებს არ დავსახავთ და ყოველი კარსმომდგარი თამაშის მოგებას შევეცდებით. ზოგადად კი, ვფიქრობ, კრიზისული პერიოდი, რომელმაც ამ სეზონში ასე დაგვწია უკან, უკვე გადავლახეთ".
რაც შეეხება "ტორესის მდუმარებას" "ჩელსის" თავკაცი იხტიბარს მაინც არ იტეხს და აცხადებს, რომ ესპანელის თამაშით ძალიან კმაყოფილია.

ედუარდსი დაშავდა

"ვულვერჰემპტონის" ნახევარმცველი დევიდ ედუარდსი სულ მცირე ერთი წლის განმავლობაში ვერ ითამაშებს. გუნდის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელს ხერხემლის პრობლემა აქვს და დასვენება სჭირდება.

აღსანიშნავია, რომ ედუარდსს მთელი სეზონის განმავლობაში აწუხებდა ხან ერთი და ხან მეორე ტრავმა. მას სტკიოდა ბარძაყი, ორთავა კუნთი და სხვა. "ვულვერჰემპტონის" ექმიმა სტივ კემპმა თქვა: "დაახლოებით ორი კვირის წინ, "ბლექპულთან" თამაშის შემდეგ დევიდმა ზუგის ქვედა ნაწილში იგრძნო ტკივილი. რასაკვირველია, ჩვენ მას მყისვე გავუკეთეთ სკანირება და დავინახეთ, რომ დატვირთვების გაზრდა სასურველი არ იყო. მეტსაც გეტყვით, კიდევ კარგი პრობლემა დასაწყის ეტაპზე აღმოვაჩინეთ. გვინდა შემდეგი ერთი თვის განმავლობაში მას ვუმკურნალოთ და მოედანზე დავაბრუნოთ".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული