ვერდასჯილი დასასჯელი

AutoSharing Option
ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ ფიფას თხოვნით მიმართა: იმ ტიპის გაუგებრობებსა და უხერხულობებს, 26 თებერვალს უეინ რუნისთან დაკავშირებით რომ მოხდა, ბოლო უნდა მოეღოს. ინგლისელები მსოფლიო ფეხბურთის მმართველებისგან მკაფიო წესების შემოღებას ითხოვენ. ალბათ, მიხვდით, ლაპარაკია ეპიზოდებზე, რომლებიც მსაჯმა ამა თუ იმ მიზეზით სწორად ვერ შეაფასა, ტელეეკრანზე კი ყველაფერი თვალნათლივ გამოჩნდა.

26 თებერვალს, "უიგანისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" შეხვედრაში, რომელიც "იუნაიტედმა" 4:0 მოიგო, რუნიმ უიგანელ ჯეიმს მაკარტის სახეში იდაყვი მიარტყა. მსაჯმა ჯარიმა დანიშნა, თუმცა რუნი არათუ მოედანზე დასტოვა, მისთვის ყვითელი ბარათიც კი არ უჩვენებია. შესაბამისად,
ინციდენტი არბიტრის პატაკშიც ვერ მოხვდა. მეორე მხრივ რუნი რომ გასაძევებელი იყო ჩანაწერის მეშვეობით მთელმა ინგლისმა ნახა, რამაც დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია - ფეხბურთელმა ყველას დასანაიხად ჩაიდინა ისეთი რამ, რისთვისაც ულაპარაკოდ უნდა გაეძევებინათ, ის კი საერთოდ არ დაუსჯიათ.

საინტერესოა, რომ პირად საუბრებში ფეხბურთის ასოციაციის სადისციპლინო კომიტეტის წევრებმა აღნიშნეს, რომ მანჩესტერელი ვარსკვლავი დასასჯელი იყო, მაგრამ თითი ფიფასკენ გაიშვირეს, ჩავლილი და პატაკში ვერ-მოხვედრილი ეპიზოდის ხელახლა შეფასების უფლებას არ გვაძლევსო.

ასოციაციაში მსაჯ მარკ კლეტენბერგის ამბითაც შეწუხდნენ. ზემოთ ნახსენები შეცდომის გამო იგი ისე გააკრიტიკეს, რომ პრემიერლიგისგან დასვენება ითხოვა და მეტიც, პროფესიისთვის თავის დანებებაზეც კი დაიწყო ლაპარაკი. ამან ახალი პრობლემა წარმოშვა - ინგლისელმა არბიტრებმა თავი დაუცველად იგრძნეს და პროტესტი გამოხატეს. როგორც "დეილი მეილი" წერს, დღეს ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია თავს ფიფასგან მიტოვებულად გრძნობს: შვეიცარიიდან მას, ვიდეოჩანაწერზე დაყრდნობით, სამართლიანი ვერდიქტის გამოტანის უფლება არ მისცეს და არც რაიმე სხვა ფორმით გაუწოდეს დახმარების ხელი.

რამდენადაც ინგლისური ტაბლოიდებისთვის გახდა ცნობილი, ფიფას პრეზიდენტმა ზეპ ბლატერმა თავის აღმასრულებლებლებს უთხრა, რომ "რუნის ტიპის" პრობლემას მომზადებული ფედერაცია სხვათა დახმარების გარეშეც იოლად გაართმევდა თავს. ასეთივე რამ გაუმეორებიათ ფიფას დიდმოხელეებს ინგლისელებისთვის მეილითა და ტელეფონითაც.

დღეს ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია ფიფას ეკითხება, როდის მერე აიკრძალა ვიდეოჩანაწერებზე დაყრდნობით ეპიზოდების თავიდან შეფასება (გეხსომებათ, ასეთი შემთხვევები ყოფილა და რის შესახებაც დაწერილა და თქმულა კიდეც) და თუ ეს მოულოდნელად მოხდა, რატომ არ შეატყობინეს მათ ამის შესახებ არაფერი.

გარდა ამისა, ინგლისელები ამტკიცებენ, რომ აუცილებელია წესი იყოს მკაფიო, რათა აღარავინ ჩავარდეს ისეთ დღეში, როგორშიც ისინი აღმოჩნდნენ: იძულებულები გახდნენ დაეცვათ პოზიცია, რომლის დაცვაც შეუძლებელია - რუნი აშკარად დამნაშავე იყო, მაგრამ მისი დასჯის უფლება არ ჰქონდათ.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული