და, რა შუაშია აქ არსენალი?

AutoSharing Option

"გუდისონ პარკზე" 1:1-ს შემდეგ "ბირმინგემმა" გასავარდნთა ზონას თავი დააღწია. სტუმრებმა ანგარიში მე-17 წუთზე ჟან ბიუსეჟურის თავურით გახსნეს. ამ ეპიზოდში ლივერპულელთა მეკარე ტიმ ჰოვარდი, რომელიც ცოტა წინ იყო გამოსული, გადახტა, შეძლებისდაგვარად გაიჭიმა და ბურთს თითები შეახო კიდეც, მაგრამ მისი შეჩერება ვერ შეძლო. "ევერტონმა" წონასწორობა პირველი ტაიმის დამთავრებამდე 10 წუთით ადრე აღადგინა. ჯონ ჰეიტინგას გოლი ძალიან ლამაზი გამოვიდა, თუმცა ჰოლანდიელამდე ბურთი იმიტომ მივიდა, რომ ბირმინგემელმა მცველმა ჩაწოდების შემდეგ მისი უსაფრთხოდ მოგერიება ვერ მოახერხა. ჰეიტინგა საჯარიმოს გარეთ, შუაში იდგა და შემოხაზული ნახევარწრიდან მარჯვება
მაღალ კუთხეში ჩაახვია. შესვენების შემდეგ გოლის გამტანს უფრო "ევერტონი" ჰგავდა, მაგრამ ალექს მაკლიშის "ქარლინგის თასის" მფლობელი გუნდი მაგრად დადგა და ცხრილში მე-17 ადგილზე ავიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ გასავარდნთა სამეულში ახლა "ვესტ ჰემია".

იმედია თემიდან წამიერ გადახვევას გვაპატიებთ, მაგრამ "ქარლინგის" თასი ვახსენეთ და... ხომ გახსოვთ, ამ თასის ფინალში "ბირმინგემმა" ვინ დაამარცხა? "არსენალი"! არსენ ვენგერის გუნდისთვის მართლაც არ აქვს მნიშვნელობა ვის ეთამაშება, მთავარია შეხვედრა გადამწყვეტი იყოს და ყველასთან წააგებს, "ბირმინგემთანაც" და "ბარსელონასთანაც".

თუმცა, მოდი "მეთოფეებს" თავი დავანებოთ და "გუდისონ პარკზე" დავბრუნდეთ, სადაც მასპინძელთა შემადგენლობაში დაშავებული ფილ ნევილის ნაცვლად კაპიტნის სამკლავური მიკელ არტეტას ეკეთა. არტეტა, რომელიც, სხვათაშორის, "ბარსელონას" სკოლის აღზრდილია, შეხვედრის დასაწყისშივე, მე-9 წუთზე დაშავდა და სიმუს კოულმენით შეცვალეს. პრესკონფერენციაზე "ევერტონის" თავკაც დევიდ მოიესს უპირველეს ყოვლისა სწორედ ესპანელის ჯანმრთელობის შესახებ ჰკითხეს.

"ჯერ ვერაფერს ვიტყვი. დეტალური გამოკვლევის გარეშე ორთავა კუნთის ტრავმას ჰგავს, თუმცა უფრო ზუსტად მერე გაირკვევა" — უპასუხა მოიესმა, რომელმაც არტეტა კაპიტნად ბევრ სხვა მიზეზთან ერთად იმიტომაც დანიშნა, რომ "ნიუკასლთან" 2:1 მოგებულ შეხვედრაში გამოიჩინა თავი. მწვრთნელის აზრით, "ბირმინგემთან" ვერ მოგება მნიშვნელოვანწილად, სწორედ ამ ნახევარმცველის დაშავებით იყო განპირობებული.

"არტეტას მოედნიდან გასვლამ შემოქმედებითი მხარე მოგვაკლო. ის მოედანს რომ სტოვებდა მივხვდი, "ბირმინგემის" დამარცხება ძალიან გაგვიჭირდებოდა. საბოლოოდ გული დამწყდა. რასაკვირველია, კარგად არ გვითამაშია, მაგრამ რამდენიმე მომენტი მაინც შევქმენით და რომ მოგვეგო კარგი იქნებოდა".

მოიესისგან განსხვავებით, ბირმინგემელთა თავკაცი ალექს მაკლიში კმაყოფილი ბრძანდებოდა: "ჩვენ თამაში ძალიან კარგად დავიწყეთ და გავხსენით კიდეც ანგარიში, მაგრამ შემდეგ ჩემი ფეხბურთელები მოდუნდნენ. მეორე ტაიმში ცდა არ დავაკელით, თუმცა ორი პასი ვერ გადავაბით ერთმანეთს. რას იზამ, ხანდახან ულამაზო ფეხბურთითაც უნდა მიაღწიო წარმატებას".

ზემოთ ვახსენეთ, რომ მე-9 წუთზე ფეხბურთელის იძულებით შეცვლა მოუხდათ მასპინძლებს, მაგრამ ბედის ირონიით, სტუმრებსაც მაშინ მოუწიათ დაშავებული ფეხბურთელის მოედნიდან გაყვანა და ეს ორი ეპიზოდი ერთმანეთთან კავშირში არ ყოფილა.
"დევიდ ბენტლი მატჩის წინა მოთელვის შემდეგვე მოვიდა და გვითხრა, რომ საზარდული ტკიოდა, მაგრამ მაინც ეგონა რომ თამაშს შეძლებდა. სამწუხაროდ, მისი დევიდ მერფით შეცვლა მალევე დაგვჭირდა".

9. ევერტონი 29 8 13 8 38-38 37
17. ბირმინგემი 28 6 13 9 27-39 31

ილია ბაბუნაშვილი

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული