"ლივერპულში წაგების გამო თავის გამართლებას არ ვცდილობ. მასპინძლებმა გვაჯობეს და სრულიად დამსახურებულად გაიმარჯვეს. იმედგაცრუებული ვიყავი, რადგან იმ დონეზე, რომელსაც მე ვითხოვ და, ყალბი თავმდაბლობის გარეშე რომ გითხრათ, ჩვეულებრივ ვთამაშობთ კიდეც, "ენფილდ როუდზე" აშკარად ვერ ვითამაშეთ", - თქვა სერ ალექსმა.
დღეს, პრემიერლიგის ცხრილში "არსენალი" "იუნაიტედს"
ფერგიუსონი ვარაუდობს, რომ შარშანდელი სეზონისგან განსხვავებით, როდესაც არსენ ვენგერის გუნდი ფორმიდან ამოვარდა და სეზონის ბოლო მონაკვეთი ჩააგდო, წლეულს სხვა სურათის მოწმენი ვიქნებით:
"შარშან, თებერვალ-მარტის პერიოდში, "მეთოფეებმა" ტემპი დაკარგეს და ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლას გამოეთიშნენ. ასე დავრჩით მთავარ კონკურენტებად "ჩელსი" და ჩვენ. გეხსომებათ, "ორი ცხენის დოღი" საბოლოოდ ერთადერთ ქულიანი უპირატესობით "ჩელსიმ" მოიგო. ვფიქრობ, მიმომხილველთა უმეტესობა წლეულსაც რაღაც ამდაგვარს ელის. მათ ჰგონიათ, რომ "ჩელსის", "ტოტენჰემის" და "მანჩესტერ სიტის" კონკურენცია "არსენალს" კვლავ "ჩაკლავს", მაგრამ არსენ ვენგერი და მისი ფეხბურთელები მიმდინარე სეზონში აშკარად სხვა გუნებაზე არიან და ჩვენთვის ყველაზე მეტ ხიფათს შეიცავენ. ვფიქრობ, თუკი ვინმეს შეუძლია ჩვენი გეგმების ჩაშლა, ეს უპირველეს ყოვლისა "არსენალია". ვატყობ, რომ ის მეტოქეობა, რომელიც ჩვენს გუნდებს შორის რამდენიმე წლის წინ იყო, აღდგა და იმაშიც დარწმუნებული გახლავართ, რომ თავად "არსენალიც" თავის ყველაზე დიდ კონკურენტად ჩვენ აღგვიქვამს."
შეგახსენებთ, რომ ეს იყო ალექს ფერგიუსონის პირველი პრეს-კონფერენცია მას მერე, რაც მან "მანჩესტერ იუნაიტედის" საკლუბო ტელევიზიის ეთერით მსაჯი მარტინ ატკინსონი გააკრიტიკა და ამის გამო ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ დასჯა დაუპირა. ფერგიუსონი "ჩელსისა" და "იუნაიტედის" გამოტოვებულ შეხვედრაში (ლონდონელებმა მოიგეს 2:1) ატკინსონის მსაჯობით უკმაყოფილო გახლდათ.
ასოციაციას ჯერ კიდევ არ დაუთქვამს ფერგიუსონის საქმის განხილვის ვადა. მოგეხსენებათ, "იუნაიტედის" თავკაცს ჯერ კიდევ შარშანდელი სასჯელი აწევს - ორთამაშიანი პირობითი დისკვალიფიკაცია დამოკლეს მახვილივით ჰკიდია, რასაც, ატკინსონის კრიტიკის გამო შეიძლება კიდევ ორი თამაშიც დაემატოს.
.