თითიდან გამოწოვილი ფული

AutoSharing Option

რა შეუთვალა „მანჩესტერ იუნაიტედმა“ მადრიდის „რეალს“ იცით? თუ ნემანია ვიდიჩის ყიდვა გინდათ, მისთვის იმაზე მეტი ხელფასის დანიშვნა მოგიწევთ, ვიდრე ჩვენ ვუნიშნავთო და ყველას რომეგონა სერბს გაყიდდა, უცბათ კვირაში 90 ათასამდე გაუზარდა ჯამაგირი. 90 ათასი ფუნტი ევროებში 107 ათასამდეა, რაც საკმაოდ სოლიდური თანხა გახლავთ. მერედა ასეთ დროს განა ის არ არის მთავარი, რამდენს უმატებ ადამიანს? ვიდიჩის ხელფასი აქმდე კვირაში 70 ათასი გახლდათ - 83,05 ათასი ევრო.

დამალული არასდროს ყოფილა, რომ ვიდიჩს ძველი ხელფასი არ აკმაყოფილებდა. ის დაცვაში თავის პარტნირს, რიო ფერდინანდს

ეჯიბრებოდა, რომელსაც „მანჩესტერ იუნაიტედი“ კვირაში 110 ათას ფუნტს ანუ 130,5 ათას ევროს უხდის და გუნდიდან წასვლით იმუქრებოდა. მერედა, როდესაც ამერიკაში, შეკრებაზე მყოფი „იუნაიტედის“ თავკაცს სერ ალექს ფერგიუსონს „ფილადელფია“ იუნიონთან“ შეხვედრის შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე სთხოვეს ფერდინანდთან დაკავშირებული ამბისთავის ნათელი მოეფინა, მან უარესად დამაბნეველი რამ უპასუხა: „ნათელს ვერაფერს მოვფენ“. მაგრამ, ფერგიუსონს ჟურნალისტები არ მოეშვნენ და ჩაეძიენ. მათ კითხვა დააკონკრეტეს: იქნება თუ არა მომავალ სეზონში ნემანია ვიდიჩი „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელი? სერ ალექსმა მიუგო: „მჯერა, რომ იქნება“.

ინგლისურმა ტაბლოიდებმა „მანჩესტერ იუნაიტედში“ მომუშავე ხალხისგან შეიტყეს, რომ ოღონდ კი ვიდიჩი „რეალში“ არ გადასულიყო და ინგლისური კლუბის დირექტორატი სახელფასო თანხის განაწილების პრინციების დარღვევაზეც კი წავიდა - სერბი მცველისთვის ჯამაგირის კვირაში თითქმის 24 ათასი ევროთი გაზრდა ფულის „თითიდან გამოწოვას“ ნიშნავს, მაგრამ, სამაგიეროდ, მას მადრიდელების ახალი თავკაცი, პორტუგალიელი ჟოზე მოურინიო ვერ წაიყვანს.

სანამ „მანჩესტერ იუნაიტედს“ გლეიზერების ოჯახი შეიძენდა, კლუბში წესად ასე ჰქონდათ: იცდიდნენ, სანამ ფეხბურთელს ხელშეკრულების ვადის გასვლამდე ორი წელიწადი დარჩებოდა და თანამშრომლობის გახანგრძლივებაზე მერეღა ელაპარაკებოდნენ. ერთადერთი გამონაკლისი გახლდათ უეინ რუნი რომლის შემთხვევაშიც ეს ვადა 12 თვემდე შეამცირეს. და რა მოხდა ვიდიჩის შემთხვევაში? ის მოხდა, რომ სერბის აგენტმა პაოლო ფაბრიმ „იუნაიტედის“ დირექტორატი რეალურად შეაშინა. ხან ასე თქვა, ხანაც ისე და დახატა სურათი, რომ კლუბი ვიდიჩს კარგავდა, რაც, როგორც გაირკვა, „იუნაიტედს“ არ უნდოდა. თან, დახეთ, რა ხდება: ზემოხსენებული ფერდინანდი დაშავებულია, ხოლო ჯონი ევანსი და ახალშეძენილი კრის სმოლინგი იმდენად გამოცდილები არ არიან, წყვილად მთენი სეზონი რომ ანდოს კაცმა. ასეთ პირობებში კი, ფერგიუსონისთვის აშკარა იყო, რომ სერბის დაკარგვა არაფრით შეიძლებოდა.
აგენტმა ფაბრიმ ივნისის დასაწყისში თქვა, რომ თუ „მანჩესტერ იუნაიტედი“ მის კლიენტთან პირობების განახლებაზე არ დაილაპარაკებდა, მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ის „რეალში“ გადავიდოდა. გარდა ამისა ცნობილია, რომ ვიდიჩის ცოლი ანა ინგლისურ კლიმატს ვერ ეგუება და თბილი ქვეყნებისკენ მიიწევს - საინტერესოა, როგორ ძლებდა მოსკოვში, სადაც ვიდიჩმა 2004-2006 წლები „სპარტაკში“ გაატარა და საიდანაც გადავიდა „მანჩესტერ იუნაიტედში“.

ხოლო რაც შეეხება, ზემოხსენებულ ამხანაგურ შეხვედრას ფილადელფიის გუნდთან, ის „იუნაიტედმა“ 1:0 მოიგო. ამ შეხვედრის შემდეგ ფერგიუსონმა ისიც თქვა, რომ მისი ორი ახალგაზრდა ფეხბურთელი, თავდამსხმელი დენი უებეკი და ნახევარმცველი ტომ კლივერლი, მოახლოებულ სეზონს პრემიერლიგის სხვა ლუბებში გაატარებენ - მათ „იუნაიტედი“ აქირავებს. უებეკმა 44 ათასი ფილადელფიელის წინაშე, შეხვედრის დასრულებამდე 14 წუთით ადრე გაბრიელ ობერტანს მიაწოდა საგოლე პასი. ფერგიუსონმა თქვა:

„დენი უებეკისთვის დიდი სეზონი იქნება, რადგან ბოლო ოთხი წელიწადია, მას, ფაქტობრივად, თამაში არ უწევდა. იღბლიანები ვართ, რადგან 19-21 წლების ბევრი ფეხბურთელი გვყავს“.

გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული