"როცა თამაშის შემდეგ შინ მოვდივარ და დივანზე ვისვენებ, რა თქმა უნდა, ჩემი ფეხები სახარბიელოდ ვერ გამოიყურებიან. მათ ეტყობათ დაზიანების კვალი და ცუდი სუნი ასდით, მაგრამ ეს არ არის საკმარისი მიზეზი იმისათვის, რომ ისინი არ გიყვარდეს. მე ჩემს ცოლს ყოველთვის ვებნები, რომ ისინი უნდა უყვარდეს, რადგან მათ ჩვენ სიმდიდრე მოგვიტანეს."
"იბრას" თავისი ფეხები იმდენად უყვარს, რომ ინსტაგრამში მათ სპეციალური ფოტოც კი მიუძღვნა.
ახლა ყველაფერი დამთავრდა. ზლატანის მენისკი და
ზოგიერთი მიიჩნევს, რომ ის რვა თვის განმავლობაში ვერ ითამაშებს, ზოგიც ნახევარ წელს ასახელებს. "იუნაიტედში" ზუსტად ჯერაც ვერ ამბობენ, როდის დაბრუნდება მათი საუკეთესო თავდამსხმელი.
როგორ მოხდა ყველაფერი
"ზლატანი დაიღალა, ძალიან დაიღალა. ის ყოველთვის ძირითად შემადგენლობაშია და ბოლომდე ატარებს მატჩებს. მას დასვენება სჭირდება." - თქვა "ანდერლეხტთან" მატჩამდე სამი დღით ადრე ჟოზე მოურინიომ. სწორედ ბელგიურ კლუბთან მიიღო შვედმა გიგანტმა უმძიმესი ტრავმა. შეხვედრის ძირითადი დროის ბოლო წამზე ის ბურთისათვის ახტა და მიწაზე ცუდად დაეშვა. კოშმარიც აქედან დაიწყო.
იმ მატჩში "იბრას" აშკარად ეტყობოდა დაღლილობა. ცუდად მოძრაობდა, არაერთი მომენტი გაანიავა. "იუნაიტედმა" კი მის გარეშე გატეხა დამატებით დროში კერკეტი მოწინააღმდეგე, შედეგად მივიღეთ უმძიმესი ტრავმა. დაახლოებით ისეთი, როგორიც ჰქონდა "ჩელსის" ახალგაზრდა მცველს, კურტ ზუმას. ამ მიზეზით ფრანგმა ცხრა თვე გამოტოვა. მატჩი დასრულდა თუ არა, მოურინიომ თქვა: "ჯერ ზუსტად არაფერი ვიცი, მაგრამ ცუდი წინათგრძნობა მაქვს."
"ჩვენ ახლა საშინელ მდგომარეობაში ვართ. დავკარგეთ როხო და ზლატანი. გვყავს ბევრი ტრავმირებული. მოკლედ, ცუდი სიტუაციაა." - ეს პორტუგალიელმა მას შემდეგ თქვა, რაც იბრაჰიმოვიჩის ტრავმის სიმძიმის თაობაზე შეიტყო.
ლამაზი დასასრული, რომელიც აღარ იქნება
"მანჩესტერ იუნაიტედისათვის" ძალიან მნიშვნელოვანია ევროპალიგა. ამის თაობაზე დაახლოებით ათჯერ თქვა ჟოზე მოურინიომ. ილაპარაკა ზლატანმაც. "ევროპალიგა გადაიქცა ჩემპიონთა ლიგად მაშინვე, როგორც კი მე მინდორზე გავედი." - აღნიშნა შვედმა.
ეს ტურნირი პირადად ზლატანისათვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. ევროპალიგის ფინალი გაიმართება სტოკჰოლმში, "ფრენდს არენაზე". ეს სტადიონი იმითაა გამორჩეული, რომ იქ ზლატანის ძეგლი დგას. ამასთან, ჭიანურდება მოლაპაკება "მანჩესტერთან" ახალი კონტრაქტის თაობაზე. "იბრას" მოუთმენლად ელიან ამერიკაში...
როდესაც შვედის ტრავმის სიმძიმე გაირკვა, არაერთმა საინფორმაციო საშუალობამ გაავრცელა ცნობა, რომ ზლატანის კარიერა დასრულებულია. მან კიდევ ერთხელ გამოფინა საკუთარი ფეხების ფოტო. ფოტოს ზლატანმა უკომპრომისო ტექსტი მოაყოლა.
"გარკვეული დროის გატარება ფეხბურთის გარეშე მომიწევს. ამას აუცილებლად გადავლახავ და უფრო ძლირი დავბრუნდები. მე თვითონ გადავწყვეტ, როდის მოვა დაბრუნების დრო." უბრალოდ, მას არ შეეძლო, სხვანაირად მოქცეულიყო.
ლამაზი დასასრული, რომელიც იქნება
ბოლო წლებში ზლატანი საკუთარი მესთვის მუშაობდა არა მხოლოდ მინდორზე, არამედ მინდვრის მიღმაც. მან შვედ ჟურნალისტს უთხრა, რომ ღმერთს ელაპარაკება. მან სურათი გადაიღო შვედეთის მეფესთან და წააწერა: "მეფემ აღიარა მეფე". ეს რომ სხვას ექნა, ვთქვათ, ნიკოლა ანელკას, ან მარიო ბალოტელის, ისინი უსათუოდ საზოგადოების დიდ ზიზღს გამოიწვევდნენ, მაგრამ ეს ზლატანს, თითქოს, უხდება კიდეც. ამის მთავარი მიზეზი ალბათ ისაა, რომ იბრა მინდორზეც ძალიან წარმატებულია.ის ლამის მარტო ათრევდა "პარი სენ-ჟერმენს". ახლა გახდა "იუნაიტედის" ლიდერი. ის "წითელი ეშმაკების" საუკეთესო ბომბარდირი და საუკეთესო ასისტენტია. ის გუნდს შეცდომის დაშვების უფლებას აძლევს. ჟოზე მოურინიო არ არის ერთადერთი, ვინც გუნდს შეცდომებს უსწორებს. მას ამაში ზლატანი ეხმარება.
ზლატანმა შექმნა გამარჯვებულის სახე. ის ამბობს, რომ წლები მას უკეთესს ხდის და ამაში ბენჟამინ ბატონს ჰგავს. სოციალურ ქსელში გაჩნდა ხუმრობა:
"ზლატანი კი არ იტანჯება ტრავმით, ტრავმა იტანჯება ზლატანით".
"იბრამ" ექიმი უკვე იპოვა - ცნობილი პიტსბურგელი დასტაქარი, ფრედი ფიუ. მან თქვა და ის აუცილებლად დაბრუნდება. ასე რომ, ჩვენ ლამაზი დასასრული გარანტირებული გვაქვს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"