არსენ ვენგერი: უეფასგან ბოდიშს ვითხოვ!

AutoSharing Option
არსენ ვენგერი გაცხარდა და გაუგონარ საქციელზე გადავიდა - უეფას შეუტია. იმავე პრესკონფერენციაზე ფრანგმა ბარსელონაში წაგებით გამოწვეულ კრიტიკას გასცა პასუხი. მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალურ შეხვედრაში "არსენალმა" "კამპ ნოუზე" კარში ერთხელაც ვერ დაარტყა და ისე გამოეთიშა გათამაშებას. გოლი რომელიც "მეთოფეებმა" ამ მატჩში გაიტანეს ("ბარსამ" 3:1 გაიმარჯვა) მათი დამსახურება არ ყოფილა, მასპინძლებმა თავად შეაგდეს საკუთარ კარში.

ვენგერმა უეფას დიქტატორთა ორგანიზაცია უწოდა და ბრალად ამპარტავნობაც კი დასდო. მეტიც, მან ევროპული ფეხბურთის მმართველებს ბოდიშის მოხდა მოსთხოვა - იმ შეცდომებისთვის, რომელიც მათმა გამოგზავნილმა არბიტრმა მასიმო
ბუსაკამ ბარსელონაში დაუშვა პატიებას აქეთ უნდა გვთხოვდნენო. "მეთოფეთა" თავკაცმა ისიც განაცხადა, რომ უეფას მიერ წაყენებულ ბრალდებებს არ დაეთანხმება და სადისციპლინო კომიტეტის წინაშე თავს იმართლებს. მოგეხსენებათ, ბრალდება წაუყენეს "არსენალის" ფრანგ ნახევარმცველ სამირ ნასრისაც, რომელმაც ბუსაკას მკვახე სიტყვების კორიანტელი დაუყენა.

"უეფას ბრალდებას არ ვეთანხმები და მის ერც პუნქტსაც არ ვიზიარებ - თქვა ვენგერმა - ვერც კი ვხვდები რატომ მოუვიდათ ჩვენი დასჯა თავში აზრად. ეს ორგანიზაცია ცოტა მოკრძალებული რომ იყოს აჯობებდა. იმისათვის, რაც "კამპ ნოუზე მოხდა", მისი შეფები ბოდიშს რომ იხდიდნენ გაცილებით სამართლიანები იქნებოდნენ ვიდრე ახლა, როდესაც უდანაშაულო ხალხს დისკვალიფიკაციას უმზადებენ.

ვიმეორებ, სამშაბათის მერე უეფა ცოტა თავდახრილი უნდა ყოფილიყო. ასე უფრო გამოიწვევდა თანადგომას. "არსენალისა" და "ბარსელონას" პირველი თამაში ფეხბურთის საუცხოო პროპაგანდა გახლდათ, მეორეში კი ეს პროპაგანდა ჩაშალეს. ერთადერთი, რაც სამშაბათის შეხვედრიდან ხალხს დაამახსოვრდება ვან პერსის გაძევებაა, რომელმაც თამაში მოკლა.

დღეს "არსენალი" დასჯილია. ჩვენ ჩემპიონთა ლიგიდან გაგვაგდეს ანუ ამ სეზონში ერთ-ერთ უმთავრეს მიზანს ვეღარ მივაღწევთ. და რაც ყველაზე ცინიკურია, ყოველივე ამის მერე უეფა ბოდიშის მოხდას გვთხოვს. ეს ნამდვილი დიქტატორის საქციელი, პირწმინდა ქედმაღლობაა. ჩვენ ცუდი არაფერი გაგვიკეთებია. შეჯიბრების ორგანიზატორი უეფაა და მსაჯებსაც ის ნიშნავს. როდესაც ფეხბურთის მოყვარულებს მაღალი დონის თამაშის ნახვის შესაძლებლობა ეძლევათ, მისი გაფუჭება ძალიან ცუდი საქციელია".

როგორც ხედავთ, ვენგერის გაცხარება ძირითადად ბუსაკას მიერ ვენ პერსის გაძევებამ განაპირობა. შეგახსენებთ, რომ 42 წლის შვეიცარიელმა მსაჯმა "არსენალის" ჰოლანდიელი თავდამსხმელი მეორე ტაიმში იმიტომ გააძევა, რომ მან ოფსაიდის აღნიშვნის მერე მაინც დაარტყა "ბარსას" კარის მიმართულებით.

რატომ მოუვიდა უეფას ვენგერისა და ნასრის დასჯა თავში აზრად? მიზეზი მარტივია: "არსენალის" მწვრთნელი და ნახევარმცველი მსაჯის პატაკში მოხვდნენ. მაგრამ, თუკი ჩვეულებრივ კლუბები სხვადასხვა სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებას ომს არ უცხადებენ, ამ შემთხვევაში "მეთოფეებმა" გადაწყვიტეს თავის დასაცავად ყველა ღონე იხმარონ და თავის სასარგებლოდ თუ გასამართლებლად რაც კი რამ წვრილმან-მსხვილმანი მტკიცებულება ნახეს, ყველა შეკრიბეს. სავარაუდოდ, სრულად იქნება წარმოდგენილი ის სიტყვებიც, რაც მატჩის დამთავრების შემდეგ გასახდელებთან ითქვა.

"იქ იყო ხალხი, რომელთაც წესით ხმა არ უნდა ამოეღოთ, მაგრამ მათ თავს კომენტარების უფლება მისცეს და მე ამის შესახებაც ვაპირებ ლაპარაკს". - თქვა ვენგერმა, რომელმაც კითხვაზე აგინა თუ არა მსაჯს, ასე უპასუხა: "ამაზე პასუხს უეფასთვის შემოვინახავ".

შემდეგ ვენგერს ჰკითხეს ეპასუხებოდა თუ არა ბუსაკა. "არსენალის" თავკაცმა მიუგო, რომ ამ ამბის საჯაროდ მოყოლას არ აპირებს.

"შეამოწმეთ ნებისმიერი სატელევიზიო ინტერვიუ. თუ რომელიმე მათგანში ჩემს არაკორექტულ ნათქვამს იპოვნით, მზად ვარ დავისაჯო", - თქვა ვენგერმა.

როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ვენგერს მხოლოდ მსაჯობაზე არ ულაპარაკია. მან ბარსელონელი ვარსკვლავის ჩავის კომენტარსაც გასცა პასუხი - ჩავიმ თქვა, რომ "არსენალი" "კამპ ნოუზე" უამბიციოდ იყო ჩასული.

"ჩვენ არჩევანი არ გვქონია. ასე იმიტომ ვითამაშეთ, რომ სხვა შანსი არ დაგვიტოვეს. საკუთარ ნახევარზე გამაგრება ჩვენი მიზანი არ ყოფილა, თუმცა ხალხმა რაც უნდა ის თქვას. თითო ფლანგზე ორ-ორი მცველი რომ გამომეყვანა სხვა იქნებოდა, მაგრამ გადახედეთ ჩვენს შემადგენლობას: ნასრი, როსიცკი, უილშირი, ფაბრეგასი, ვან პერსი, დიაბი... სად ხედავთ ჩამშლელ ფეხბურთელებს?

ეს ერთი შეხვედრა ორ ერთმანეთისგან დამოუკიდებელ თამაშად უნდა დავყოთ. პირველ შეხვედრაში, სანამ თერთმეტი თერთმეტზე ვიყავით კარისკენ "ბარსელონაზე" მეტჯერ დავარტყით, მეორეში კი საერთოდ აღარ დაგვირტყამს. არ უარვყოფ, ბურთის ფლობაში "ბარსელონას" დიდი უპირატესობა ჰქონდა, მაგრამ აბა, გაიხსენეთ, რამდენჯერ დაარტყა პირველ ტაიმში ამ გუნდმა ჩვენს კარში... ორჯერ! პლუს გოლი, რომელიც ჩვენ მას ვაჩუქეთ და ერთიც ჯარიმა, რომელიც ვოიცეხ შჩესნიმ მოიგერია და ხელიც იტკინა".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული