"არსენალი" არსენალობს

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელებმა ფაბიომ და უეინ რუნიმ "არსენალი" ორ კვვირაში მესამე შეჯიბრებიდან გააგდეს. არსენ ვენგერის გუნდი ამჯერად ფეხბურთის ასოციაციის თასს გამოეთიშა. შეხვედრაში, რომელსაც მოუთმენლად ელოდნენ, რადგან ის დიდ ინგლისურ დაპირისპირებად მიაჩნდათ, მასპინძლებმა თითო ტაიმში თითო გოლი გაიტანეს და ნახევარფინალში გავიდნენ.

შეგახსენებთ: "მეთოფეები" ჯერ "ბირმინგემმა" დაამარაცხა "ქარლინგის თასის" ფინალში, მერე "ბარსელონამ" ჩემპიონთა ლიგიდან გააგდო, ახლა კი "იუნაიტედმა" ფეხბურთის ასოციაციის თასიდანაც გაათავისუფლა. ამრიგად, ჩრდილოლონდონელები პრემიერლიგის ამარაღა დარჩნენ.

და რას ნიშნავდა ეს შეხვედრა მანჩესტერელთათვის? გვარიანი ფსიქოლოგიური სტიმული გახლდათ, რადგან სამშაბათს სერ ალექს ფერგიუსონის
გუნდს ჩემპიონთა ლიგაში "მარსელთან" საპასუხო შეხვედრა უწევს. ერთი სიტყვით, "მანჩესტერ იუნაიტედს" ჯერ კიდევ შეუძლია ამ სეზონში სამი ჯილდოს მოგება: პრემიერლიგის ტიტულის, ჩემპიონთა ლიგისა და ფეხბურთის ასოციაციის თასის.

საინტერესოა, რომ "არსენალთან" შეხვედრაში ფერგიუსონმა სასტარტო შემადგენლობაში შვიდი ნომინალური მცველი ათამაშა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი საკუთარ საჯარიმოს იყვნენ მიჯაჭვულნი. საყურადღებო გახლდათ ისიც, რომ მანჩესტერელთა შემადგენლობაში პირველი გოლის ავტორი ფაბიო შესვენების შემდეგ ანტონიო ვალენსიამ შეცვალა - ვალენსია ექვსი თვის განმავლობაში მოტეხილ კოჭს მკურნალობდა.

"არსენალის" შემადგენლობა ნაკლებად ექსპერიმენტული გახლდათ. თავდასხმაში რობინ ვან პერსი თამაშობდა, ხოლო დაშავებული სესკ ფაბრეგასის ადგილი ანდრეი არშავინს ეკავა.

მატჩის შემდეგ "მეთოფეთა" მწვრთნელმა ყველაფერი ისევ გასულ სამშაბათსა და "ბარსელონასთან" წაგებას გადააბრალა:

"ქვეცნობიერად ვერა და ვერ გამოვედით გასული სამშაბათიდან, რამაც დღევანდელ შეხვედრას დიდი დაღი დაასვა. ალბათ, თავადაც შეამჩნიეთ, რომ ჩვენს თამაშს რაღაც დააკლდა. დღეს აღარ იგრძნობოდა ფეხბურთისადმი ჩვენთვის დამახასიათებელი დამოკიდებულება და საკუთარი თავის რწმენაც სადღაც იყო გამქრალი. იმასაც ვერ ვიტყვი, რომ არ მოვიწადინეთ, მაგრამ ფაქტია, რომ ბოლო დროს საქმე ცუდად წაგვივიდა. სამ დიდ შეჯიბრებას ძალიან უცნაურად გამოვეთიშეთ.

გოლი, რომელიც "ბირმინგემმა" შეხვედრის ბოლო წუთზე გაგვიტანა მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას ჰგავდა; ბარსელონაში, მოგეხსენებათ, მართლა ძალიან უცნაურად წავაგეთ, დღეს კი დაგვამარცხა გუნდმა, რომელიც ჩვენზე უკეთ კი არ თამაშობდა, უბრალოდ, გადამწყვეტ მომენტებში უფრო კატეგორიული იყო. მაგრამ მე მაინც არ ვფიქრობ, რომ მიმდინარე სეზონში ხელიდან უკვე ყველა შანსი გავუშვით. პირიქით, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ წარმატების მიღწევა შეგვიძლია. ცხოვრება კარგ გამოცდას გვიწყობს და ჩვენ ის უნდა ჩავაბაროთ. ჩვენ ვალდებული ვართ დავამტკიცოთ, რომ საკუთარი თავის ხელში აყვანა და გამარჯვებია შეგვიძლია. კითხვებს, რომლებიც ხალხს გაუჩნდა ორ-სამ კვირაში პასუხებს გავცემთ."

თუმცა კითხვებზე პასუხის გაცემა "მეთოფეებს" 24 წლის კოტ "დივუარელი იონ დჯურუს გარეშე მოუწევთ. დჯურუს თანაგუნდელი ბაქარი სანია დაეჯახა და მხარი ამოუგდო. ცენტრალური მცველისთვის სეზონი დამთავრებულია - მართლაც ცუდი პერიოდი უდგას "არსენალს".

"მანჩესტერ იუნაიტედის" ჰოლანდიელმა მეკარემ ედვინ ვან დერ სარმა კი აღნიშნა, რომ "არსენალთან" გამარჯვებას მთელი სეზონის კარგად დაგვირგვინებისთვის ექნება მნიშვნელობა:

"ვფიქრობ, "არსენალთან" საკმაოდ კარგად ვითამაშეთ. გოლები გავიტანეთ, მე გამიმართლა, რამდენჯერმე ვიხსენი კარი და არც დაცვას შეურცხვენია თავი. გარდა ამისა, დღევანდელ მოგებას ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ჰქონდა მნიშვნელობა. პრემიერლიგაში ხომ ბოლო ორი თამაში "ჩელსისა" და "ლივერპულთან" წავაგეთ. ახლა ცხრილში დიდი უპირატესობით ვეღარ ვლიდერობთ, რის გამოც გამარჯვებათა გზაზე დაბრუნება იყო საჭირო. დიდებულია ისიც, რომ ფეხბურთის ასოციაციის თასისთვის ბრძოლას განვაგრძობთ."

"ბირმინგემისა" და "ბოლტონის" შეხვედრა კი დრამატიზმით აღსავსე გამოდგა. სტუმრები ბოლო 11 წელიწადში პირველად გავიდნენ ნახევარფინალში. მათ ეს შეცვლაზე შესული ლი ჩუნგ-იანგის მიერ ბოლოწამს დარტყმული თავურის წყალობით შეძლეს. აღსანიშნავია, რომ 22 წლის კორეელმა მანამდე თავისი კარიც იხსნა - ცარიელი კარიდან გამოიტანა ბურთი. აღსანიშნავია, რომ "ბირმინგემს" ტრავმის გამო ძირითადი შემადგენლობის შვიდი ფეხბურთელი აკლდა, რასაც პირველ ნახევარში ბარი ფერგიუსონის და მარტინ ჟირანეკის გამოკლება დაემატა. ასეთ პირობებში "ბოლტონმა" იყოჩაღა და ორჯერ დაწინაურდა, თუმცა "ქარლინგის თასის" მფლობელებმა ორივეჯერ გაქვითეს. საბოლოოდ კი, როგორც მოგახსენეთ, წერტლი ლიმ დასვა.

"სტოკმა" კი ბოლო 39 წელიწადში პირველად მოიპოვა ნახევარფინალში თამაშის უფლება. რა შეიძლება ამ შეხვედრაზე ითქვას? ალბათ, უპირველეს ყოვლისა ის, რომ "ვესტ ჰემმა" ანგარიში ცოტა საეჭვოდ გაათანაბრა - ფრედერიკ პიქვიონმა ბურთი ხელით გაისწორა და ისე შეყვა მეკარესთან პირისპირ. სხვა მხრივ კი... თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ სტოკელმა მეტ ეზერინგტონმა მეორე ტაიმის დასაწყისში პენალტი ვერ გაიტანა.

დაბოლოს, "მანჩესტერ სიტიმ" ზურაბ ხიზანიშვილის "რედინგს" 1:0 მოუგო. საკმაოდ დაძაბულ შეხვედრაში ერთადერთი გოლი მიკა რიჩარდსმა გაიტანა, რომელიც დავიდ სილვას კუთხურს აუხტა, "რედინგის" მეკარე ალექს მაკარტის აჯობა და თავური დაარტყა. ხიზანიშვილმა მთელი შეხვედრა ითამაშა.

ასე და ამგვარად, ფეხბურთის ასოციაციის თასის ნახევარფინალში მანჩესტერული დერბი გაიმართება. "სიტი" და "იუნაიტედი" ნახევარფინალში აქამდე მხოლოდ ერთხელ შეხვედრიან ერთმანეთს - 1926 წელს ისტლენდელებმა 3:0 მოიგეს, მაგრამ, შემდეგ ფინალში "ბოლტონთან" დამარცხდნენ.


მანჩესტერ იუნაიტედი-არსენალი 2:0
გოლები: 1:0 ფაბიო (28), 2:0 რუნი (49)
ბირმინგემი-ბოლტონი 2:3
გოლები: 0:1 ელმანდერი (21), 1:1 ჯერომი (38), 1:2 კ. დევისი (66), 2:2 ფილიპსი (80), 2:3 ლი (90)

სტოკი-ვესტ ჰემი 2:1
გოლები: 1:0 ჰუთი (12), 1:1 პიქვიონი (30), 2:1 ჰიგინბოტემი (63)
ვერ გაიტანა პენალტი: ეზერინგტონი (47 - სტოკი)
მანჩესტერ სიტი-რედინგი 1:0
გოლები: 1:0 რიჩარდსი (74).






.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული