რა თქვეს კულუარებში...

AutoSharing Option
მოგეხსენებათ, სერ ალექს ფერგიუსონმა გადაწყვიტა ინგლისის ფეხბურთის ასოციაციას თავი არ წაუხაროს და საკუთარი პოზიცია დაიცვას - "ჩელსისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" შეხვედრის შემდეგ (ლონდონელებმა მოიგეს 2:1) ფერგიუსონმა მსაჯი მარტინ ატკინსონი გააკრიტიკა, რის გამოც ასოციაციამ ბრალდება წაუყენა და დასჯას უპირებს.

ასეთ დროს თუ ბრალდებას დათანხმდები, მსუბუქად დაგსჯიან, მაგრამ თუ თავის დაცვას დაიწყებ, შეიძლება შენი არგუმენტები არად ჩააგდონ და ორმაგი დისკვალიფიკაცია მოგისაჯონ. ფერგიმ, როგორც ვიცით, თავის დაცვა გადაწყვიტა ანუ რისკავს, მაგრამ ტაბლოიდებმა "იუნაიტედის" თანამშრომლებისგან შეიტყვეს, რომ ასოციაცია მას ერთ თამაშზე მეტს არ მიუსჯის.

შაბათს, ასოციაციის თასზე, "არსენალის" 2:0 ძლევით გახარებულმა ფერგიუსონმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას სიტყვას ფასი არ დაადო. მან განაცხადა, რომ ცუდი არაფერი გაუკეთებია და ცნობილ მწვრთნელებს გრემ ტეილორსა და კენი დალგლიშსაც გასცა პასუხი:

"გრემ ტეილორზე ნაწყენი ვარ. მან დაწერა, რომ მე მათრახიც მეკუთვნის და თაფლაკვერიც. არადა, კარგად მახსოვს, როდესაც ის ინგლისის ნაკრებს ხელმძღვანელობდა, რა ამბავი ატეხა, თანამსაჯმა გამძარცვაო. ასეა, ხალხს ცუდი მეხსიერება აქვს.

აი, კენი დალგლიშმაც ჭკუის სწავლება დამიწყო, გაზეთებს უთხრა, რომ მე მსაჯების პატივისცემა მმართებს, არადა სულ ცოტა ხნის წინ მის ფეხბურელებს "ტვიტერში" ერთი ამბავი ჰქონდათ ატეხილი. გახსოვთ ჰოვარდ ვებთან დაკავშირებული ისტორია".

გულშემატკივარს უეჭველად ეხსომება როგორ გამოაქვეყნა "ლივერპულის" ყოფილმა მოთამაშემ რაიან ბაბელმა სოციალურ ქსელში ვების ფოტო, რომელსაც მონტაჟი გაუკეთა - მსაჯს "მანჩესტერ იუნაიტედის" მაისურა ჩააცვა. ეს ამბავი 9 იანვარს მოხდა, როდესაც ფეხბურთის ასოციაციის თასის მესამე ეტაპზე "იუნაიტედმა" "ლივერპულს" 1:0 მოუგო. იმ შეხვედრაში მანჩესტერელებმა გოლი სადავო პენალტის წყალობით გაიტანეს - მე-2 წუთზე დიმიტარ ბერბატოვმა დანიელ აგერის ოდნავი კონტაქტი შთამბეჭდავად გააფორმა, რაიან გიგზმა კი გაიტანა. პირველსავე ტაიმში ვებმა სტივენ ჯერარდს მაიკლ ქერიკის წინააღმდეგ უხეშობისთვის წითელი ბარათი ამოუღო.

რაც შეეხება ტეილორს, ის თანამსაჯმა 1994 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე "გაძარცვა".

როდის გაარჩევს ფეხბურთის ასოციაცია ფერგიუსონის საქმეს? ეს, სავარაუდოდ, ამ კვირაში მოხდება. "მანჩესტერ იუნაიტედის" მწვრთნელის საქციელს ასოციაციის სამი თანამშრომლისგან შედგენილი კომისია აწონ-დაწონის.

შეგახსენებთ სადღეისო მდგომარეობას ყოველგვარი კულუარული ჭორების გარეშე: ატკინსონის პატიოსნების საჯაროდ ეჭვქვეშ დაყენებისთვის ფერგიუსონს ორი თამაშით უპირებენ დასჯას, რასაც შეიძლება დაემატოს კიდევ ორი თამაში, რადგან სერ ალექსს 2009 წელს, სხვა მსაჯის, ალან უაილის კრიტიკისთვის ორთამაშიანი პირობითი დისკვალიფიკაცია ჰქონდა მისჯილი.

"მე სიმართლის თქმისთვის მსჯიან" - განაცხადა "იუნაიტედის" თავკაცმა ესრთ-ერთ ჟურნალისტთან საუბრისას.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული