რას მიხვდა კაპელო?

AutoSharing Option

დიდი ამბები დატრიალდა ინგლისის ნაკრების კაპიტნობასთან დაკავშირებით: გასულ უქმეებზე დაირხა ჭორი, რომ ფაბიო კაპელო სამკლავურის ჯონ ტერისთვის დაბრუნებას აპირებს, რასაც — მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 11 თამაშიდან მხოლოდ ოთხში მიიღო მონაწილეობა — ამჟამინდელი კაპიტნის რიო ფერდინანდის შეშფოთება მოჰყვა. ფერდინანდმა ნაკრების გენერალურ მენეჯერ და კაპელოს მარჯვენა ხელ ფრანკო ბალდინისთან დარეკა და სიტყვიერი გარანტია მიიღო, რომ კაპიტნად ის რჩება. მიმოხილველები წერენ, რომ ამ დაპირების შემდეგ კაპელო ვარდება საჩოთირო მდგომარეობაში: 26 მარტს კარდიფში თამაშია, უელსი და ინგლისი ერთმანეთს ევროპის ჩემპიონატზე გამსვლელ ადგილს ეცილებიან.
თუ ამ შეხვედრაში იტალიელი კაპიტნად მაინც ტერის დანიშნავს, ფერდინანდმა შეიძლება იფიქროს, რომ ბალდინის დაპირებას ფასი არ აქვს და ეროვნულ გუნდში ურთიერთობები აირიოს, რაც, ბუნებრივია, არასასურველია.
ფერდინანდის მაგობარმა "დეილი მეილს" უთხრა: "ბალდინიმ რიოს უთხრა, რომ ტერი მისი და სტივენ ჯერარდის ტრავმების გამო გაახსენდათ. მას დაპირდნენ, რომ როგორც კი გამოჯანმრთელდება სამკლავურს მას მისცემენ".

მიუხედავად ამისა, დადის ხმები, რომ გუნდის ბუნებრივ ლიდერად კაპელოს მაინც "ჩელსის" კაპიტანი მიაჩნია. შეგახსენებთ, რომ ტერის სამკლავური უეინ ბრიჯის ცოლთან რომანის გაბმის გამო ჩამოართვეს.

მაგრამ, განა ინგლისში ყველა კაპელოს მსგავსად ფიქრობს? ზემოხსენებული "დეილი მეილის" მიმომხილველი მეტ ლოუტონი მიიჩნევს, რომ ტერი მართლა განსაკუთრებული და შეუცვლელი კაპიტანი რომ იყოს ეს იმ შეჯიბრებებს დაეტყობოდა, რომლებშიც ის გუნდს გაუძღვა — 2008-ის ევროპის ჩემპიონატზე ინგლისის ნაკრები საერთოდ ვერ მოხვდა, 2010-ის მსოფლიოს ჩემპიონატის წინ კი ტერიმ ისეთი რამ ჩაიდინა, რომ გუნდის გაძღოლა აღარც კი ანდეს. "ამრიგად, ისტორია გვიმტკიცებს, რომ ის ბობი მურისგან (მურის კაპიტნობის დროს ინგლისის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონი გახდა) ძალიან შორს არის" — წერს ჟურნალისტი, თუმცა მსჯელობას სხვა მხრიდან იწყებს:
"ნება მომეცით შეგახსენოთ რატომ ჩამოართვა შარშან, "უემბლიზე", 12 წუთიანი შეხვედრის შემდეგ კაპელომ ტერის სამკლავური. თქვენ გგონიათ იმიტომ, რომ მან მეგობარს უღალატა და მის ცოლთან რომანი გააბა? ასეთ რაღაცებს ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში კაპელო მრავლად შეხვედრია და შესაბამისად, ამ ისტორიაში მისთვის განსაკუთრებული არაფერი იყო. მწვრთნელმა თქვა კიდეც, ასეთები ხდებაო. აქ, პრობლემა სხვა იყო — ვანესა პერონსელის (ბრიჯის მოღალატე ცოლი) ისტორია გაზეთებში მოხვდა და ის მსოფლიოს ჩემპიონატის წელს იმიჯს აფუჭებდა. თუ გახსოვთ, იმავე პერიოდში გაზეთებმა გამოჩხრიკეს, რომ ტერის "უემბლიზე" კერძო ლოჟა ჰქონდა და მას ფასდაკლებით აქირავებდა. ერთი სიტყვით, ამ ფეხბურთელის კაპიტნობა სახელს აფუჭებდა".

ლოუტონი ფიქრობს, რომ ტერისთვის სამკლავურის ჩამორთმევა და მისი ფერდინანდისთვის გადაცემა კაპელოს "ინგლისურ კარიერაში" ერთ-ერთი ყველაზე ნათენი წერტილი იყო. აქ მან თავი პრინციპულ ადამიანად წარმოაჩინა. რასაკვირველია, ბევრმა შეიძლება თქვას, რომ ვაჟკაცური საქციელია ისიც, რასაც იტალიელი ახლა აკეთებს — საზოგადოებრივი აზრის საწინააღმდეგოდ ტერის სამკლავურს უბრუნებს, მაგრამ, ვაგლახ: როგორც გაირკვა ეს მხოლოდ და მხოლოდ დროებითი ნაბიჯია, რაც სულაც აღარ არის ვაჟკაცური საქციელი. ეს მხოლოდდამხოლოდ იმას ნიშნავს, რომ კაპელო როგორც იქნა მიხვდა — ინგლისელებისთვის ნაკრების კაპიტნობა მნიშვნელოვანი რამ არის, თუმცა კვლავ ვერ გაუგია, რომ ამ ქვეყანაში კაპიტანი ღირსეული, კორექტული, სამაგალითო ადამიანი უნდა იყოს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ჯერარდია ყველაზე მაგარი კაცი მთელ ინგლისის ნაკრებში და კაპიტნობაც მას ეკუთვნის
0

სიახლეები პოპულარული