ორჯერ დამარცხებული რუნი

AutoSharing Option

უეინ რუნი ფიქრობს, რომ ფეხბურთის ასოციაციის თასზე "არსენალთან" გამარჯვება "მანჩესტერ იუნაიტედისთვის" ძალიან მნიშვნელოვანი იყო. შეგახსენებთ, რომ გუნდი კვლავ სამ ფრონტზე იბრძვის: პრემიერლიგის ცხრილს სამქულიანი უპირატესობით ლიდერობს, ჩემპიონთა ლიგაში დღეს "მარსელს" მასპინძლობს, ხოლო ასოციაციის თასზე ნახევარფინალშია. "მეთოფეთა" 2:0 დამარცხება "ჩელსისა" და "ლივერპულთან" წაგების შემდეგ "იუნაიტედისთვის" მნიშვნელოვანი იყო.

"ზედიზედ ორი დამარცხების შემდეგ თამაში ყოველთვის ძნელია, მაგრამ ჩვენ საკუთარ თავს ვძლიეთ და "არსენალს" მოვუგეთ, რაც მნიშვნელოვანი შედეგი გახლდათ".

თუმცა, არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ინგლისელთათვის ფეხბურთის ასოციაციის თასი მხოლოდ მეორადი მნიშვნელობის ჯილდო არ
არის. რუნი ამ შეჯიბრების ფინალში ორჯერ 2005 და 2007 წლებში იყო. პირველად, კარდიფის "მილენიუმზე" მანჩესტერელეთა მეტოქე სწორედ "არსენალი" გახლდათ. შეხვედრა 0:0 დასრულდა, პენალტებში კი ჩრდილოლონდონელებმა გაიმარჯვეს, მეორედ კი დიდიე დროგბას მიერ 116-ე წუთზე გატანილი გოლით "ჩელსიმ" გაიმარჯვა.

"მე ორი ფინალი მაქვს წაგებული, რასაც ვერ ვეგუები. ძალიან მინდა ფეხბურთის ასოციაციის თასის მოგება — ამბობს რუნი — ეს გახლავთ უდიდესი ისტორიის მქონე შეჯიბრება, რომელსაც ბავშვობიდან გაფაციცებით ვადევნებდი თვალყურს. ორი ფინალის წაგება მეტისმეტია და ამიტომ დღეს, როდესაც წარმატებას ძალიან მივუახლოვდით, ყველა ღონეს ვიხმარ რათა შანსი ხელიდან არ გავუშვა".
"არსენალთან" მეოთხედფინალურ შეხვედრაში რუნიმ არსენალს გოლი გაუტანა, რაც ამ თავდამსხმელის მეშვიდე გოლი გახლდათ "მეთოფეთა" გუნდის კარში.

"ჩვენ ძალიან კარგად ვითამაშეთ. მთავარი იყო, რომ დაცვა გავამაგრეთ. მართალია შემადგენლობაში ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი გვყავდა, მაგრამ ვიცოდით, რომ თუ დაცვაში უშეცდომოდ ვითამაშებდით, "არსენალს" კონტრშეტევაზე აუცილებლად გამოვიჭერდით. მართლაც ასე მოხდა. კონტრშეტევაზე ბევრი მომენტი შევქმენით და შესაძლოა მეტი გოლიც უნდა გაგვეტანა. რასაკვირველია, ფიზიკურადაც უპირატესობას ვფლობდით. საქმე ის არის, რომ "არსენალს" ცოტა ხნით ადრე ბარსელონაში დამღლელი თამაში ჰქონდათ გადატანილი და ამით უნდა გვესარგებლა".

"მანჩესტერ იუნაიტედისგან" განსხვავებით "არსენალს" ერთადერთი მიზანიღა შემორჩა — პრემიერლიგაში გამარჯვება. თუმცა აქ, როგორც მოგახსენეთ, დღეისათვის პირველ ადგილზე "იუნაიტედია". მანჩესტერელები ზემოთ ნახსენები სამი ქულით სწორედ "მეთოფეებს" უსწრებენ.

"არავინ იცის, როგორ მოიქცევა "არსენალი" ერთიმეორეს მიყოლებული წარუმატებლობების შემდეგ — თქვა რუნიმ — რასაკვირველია, სამი შეჯიბრებიდან მიყოლებით გამოვარდნა ძნელი გადასატანია, მაგრამ არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ახლა ლონდონელებს შეუძლიათ მთელი ენერგიით შეუტიონ პრემიერლიგას. ჩვენ ყურადღების სამ სხვადასხვა ფრონტზე გადანაწილება დაგვჭირდება, "არსენლს" კი ერთი მიზანი დარჩა და მთელ ძალ-ღონეს მისკენ მიმართავს".

"ლელოს" მკითხველმა იცის, რომ "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "არსენალის" შეხვედრაში მოედანს ანტონიო ვალენსია დაუბრუნდა. რუნიმ თქვა:

"ვერც კი აღგიწერთ, რა კარგია ვალენსია რომ გამოჯანმრთელდა. ეს შეხვედრა მისთვის ბოლო ექვს თვეში პირველი იყო, მაგრამ ანტონიომ ისე ითამაშა გეგონება მთელი ამ ხნის განმავლობაში მოედანზე იყო".

და ბოლოს, მანჩესტერელთა მეკარის ედვინ ვან დერ სარის შესახებ... 40 წლის ჰოლანდიელმა გოლკიპერმა ისეთი დარტყმები მოიგერია, რომ გულშემატკივარს უნებლიედ გაუჩნდა მისი ფეხბურთში დატოვების სურვილი — მოგეხსენებათ, ვან დერ სარი სეზონის ბოლოს კარიერის დასრულებას აპირებს.

"ედვინმა რამდენიმე ეპიზოდში საოცრად ითამაშა. ჩვენ, ფეხბურთელები ვცდილობთ ყველა ღონე ვიხმაროთ რათა მას კარიერის დასრულება დავასრულებინოთ. "არსენალთან" თამაშის შემდეგ საშხაპეშიც ამაზე ველაპარაკები, მაგრამ მან გადაწყვეტილება მიიღო და ჩვენ ვალდებული ვართ პატივი ვცეთ. არადა, ის ასაკის მიუხედავად დიდებულად თამაშობს და ჩემი ღრმა რწმენით მსოფლიოში საუკეთესოა".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული