ინგლისის ნაკრების კაპიტანი ტერი იქნება

AutoSharing Option
ფაბიო კაპელომ დაადასტურა, რომ სურს კაპიტნის სამკლავური ჯონ ტერის დაუბრუნოს. მისი აზრით, "ჩელსის" ვარსკვლავმა "ერთწლიანი სასჯელი მოიხადა" და დროა თავის ბუნებრივ როლს დაუბრუნდეს. მომავალი გაუგებრობისგან თავის დასაცავად იტალიელი პირადად ჩავიდა მანჩესტერში, სადაც რიო ფერდინანდს შეხვდა.

შეგახსენებთ, როდესაც პრესაში კაპელოს გადაწყვეტილების შესახებ დაიწერა, ფერდინანდი შეშფოთდა და მწვრთნელის მარჯვენა ხელს ფრანკო ბალდინის დაურეკა. ბალდინიმ "მანჩესტერ იუნაიტედის" ვეტერანი დაამშვიდა. დაარწმუნა, რომ მის კაპიტნობას არავინ ერჩოდა. მან ფერდინანდს უთხრა, რომ ტერი ნაკრებს მხოლოდ უელსთან გაუწევდა კაპიტნობას, სანამ ის და სტივენ ჯერარდი ტრავმებს მოიშუშებდნენ, მაგრამ
გავიდა 24 საათი და გაირკვა, რომ ბალდინიმ ფეხბურთელი მოატყუა. კაპელო ყველა ღონეს ხმარობს, რათა თავიდან აიცილოს წინადადება: რიო ფერდინანდი ინგლისის ნაკრების კაპიტნობიდან განთავისუფლებულია - თუმცა უნდა, რომ ამიერიდან სამკლავური ტერის ეკეთოს. ტაბლოიდები აღნიშნავენ, რომ კაპელო კიდევ ერთ რამეში შეცდა: კაპიტნად ტერის აღდგენის ამბავი ჯერ ჟურნალისტებს უთხრა.

ინგლისის ნაკრების თავკაცმა თქვა: "ვფიქრობ, იმ შეცდომისთვის, რომელიც ტერიმ დაუშვა ერთწლიანი სასჯელი სრულიად საკმარისია. ახლა, როდესაც ეს წელიწადი გავიდა ვალდებული ვარ პრობლემა გადავწყვიტო. პრობლემა კი ის გახლავთ, რომ ნაკრებს კაპიტანი ერთი თამაშით არ სჭირდება, ჩვენ მუდმივმოქმედი კაპიტანი გვინდა. ჩემს გადაწყვეტილებას ოფიციალურად ჯერ არ გამოვაცხადებ. გამოცხადებამდე მინდა თავად ტერისა და სხვა ფეხბურთელებს შევხვდე, თუმცა საბოლოო სიტყვა, რასაკვირველია, ჩემზე იქნება.

ბოლო პერიოდში გუნდს რიო კაპიტნობდა, მაგრამ ჩემთვის ნომერ პირველი მაინც ტერი იყო. გუნდის გაძღოლა რიოს და სტივენ ჯერარდსაც დიდებულად ეხერხებათ, თუმცა სანამ ცნობილ შეცდომას დაუშვებდა, ჩემს გუნდს ტერი კაპიტნობდა".

"ცნობილი შეცდომა" რასაკვირველია უეინ ბრიჯის ცოლის საყვარლობა გახლდათ. კაპელომ იგრძნო, რომ სკანდალში გახვეული ტერი ინგლისური პრესა-ტელევიზიის ანტიგმირი გახდა. მის გარშემო ატეხილ ხმაურს გუნდისთვის უკვე ზიანი მოჰქონდა და ფეხბურთელს სამკლავური ჩამოართვა. საზოგადოებისთვის გაუგებარი იყო, როგორ უნდა გაძღოლოდა ეროვნულ გუნდს კაცი, რომელსაც მეგობარი ვერ უნდა ენდოს და ცოლი არ უნდა გააცნოს. თუმცა, დღეს კაპელო მიიჩნევს, რომ იმ ამბიდან საკმაოდ დიდი დრო გავიდა და ტერისთვის კაპიტნობის დაბრუნება უკვე შეიძლება.

როგორც ჩანს, მწვრთნელი ინგლისის ნაკრების ბოლო შეხვედრაში მიღებულმა გამოცდილებამაც ააჩქარა. მოგეხსენებათ, ამასწინათ, კოპენჰაგენში ინგლისის ნაკრები დანიისას ეთამაშა. ეს გახლდათ ამხანაგური მატჩი, რომელშიც ფერდინანდმა და ჯერარდმა მონაწილეობა ვერ მიიღეს, რის გამოც ეროვნულ გუნდს ცხოვრებაში პირველად ფრენკ ლემპარდმა უკაპიტნა. თამაშის მსვლელობისას ლემპარდი შეიცვალა და სამკლავური ეშლი კოულს გადაეცა და ბოლოს საქმე გარეთ ბერიმდეც კი მივიდა.

კაპელო: "როდესაც დავინახე როგორ გადადიოდა სამკლავური ერთი ხელიდან მეორეში, ძალიან უკმაყოფილო დავრჩი. ვერ გაიგებდი ჰყავდა თუ არა ამ გუნდს კაპიტანი. ეს დაუშვებელია. ეს ჯონ ტერისთვისაც შეურაცხმყოფელი იყო.

არ დაგიმალავთ, ინგლისის ნაკრების მწვრთნელობას რომ დავთანხმდი ვერც კი წარმოვიდგენდი კაპიტნობაზე ამდენი ლაპარაკი თუ დამჭირდებოდა. დღეს ვხედავ, რომ ამ ქვეყანაში კაპიტნობას ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ".

ინგლისში ნაკრების კაპიტნობას მართლა ისეთ დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ, რომ "დეილი მეილი" რიო ფერდინანდის მეგობრებზე დაყრდნობით წერს, რომ მანჩესტერელმა შესაძლოა სულ დაანებოს სანაკრებო ფეხბურთს თავი. რაც შეეხება კითხვას, ენდობა თუ არა კაპელო ტერის როგორც ადამიანს, აქვს თუ არა გარანტია, რომ ის ცხოვრებაში ახალ შეცდომას აღარ დაუშვებს, მასზე იტალიელმა ასე უპასუხა:

"ჯონ ტერი ზრდასრული ადამიანია და დარწმუნებული ვარ ხვდება, რა როლიც დააკისრა ცხოვრებამ. ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი ფეხბურთელი, "ჩელსისა" და ინგლისის ნაკრების კაპიტანია".


მომავალი კაპიტანი
ინგლისის ნაკრების იტალიელი მწვრთნელი ფაბიო კაპელო კაპიტნის თემაზე ლაპარაკმა ისე აიტაცა, რომ ყველგან სამკლავური ეჩვენება. ასე მაგალითად, "არსენალის" ახლგაზრდა ნახევარმცველ ჯეკ უილშირზე ლაპარაკისას მან თქვა, რომ ის ადრე თუ გვიან აუცილებლად უკაპიტნებს ეროვნულ გუნდს.

"ეჭვი არ მეპარება, რომ ის ინგლისის ნაკრების მომავალი კაპიტანია. ის ძალიან მაგონებს ბრაიან რობსონს. მის ასაკში ასეთი ნიჭიერი ნახევარმცველი მე არ მინახავს. "ბარსელონას" წინააღმდეგ უილშირმა ნამდვილი ლიდერის თვისებები გამოამჟღავნა. მსოფლიოს საუკეთესო გუნდთან ასე დაპირისპება დაუჯერებელი იყო. თან, მე მხოლოდ "არსენალისა" და "ბარსელონას" ლონდონურ შეხვედრაზე კი არ ვლაპარაკობ. იგივე იყო "კამპ ნოუზეც". ამ ყმაწვილმა ბოლო შვიდ თვეში საოცარი პროგრესი განიცადა. აგვისტოში, როდესაც უნგრეთის ნაკრების წინააღმდეგ რამდენიმე წუთით ვათამაშე, ჯერ კიდევ არ ვიყავი მის შესაძლებლობებში დარწმინებული, ახლახანს დანიასთან კი საოცრად კმაყოფილი დავრჩი".

კაპელომ ისიც აღნიშნა, რომ თუკი აქამდე უილშირს ჩამშლელად მოიაზრებდა, ახლა სულაც არ არის წინააღმდეგი მან ბურთი რომ "დაიჭიროს" კიდეც.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული