ამას მისი სამშაბათის საქციელის მიხედვით ასკვნიან: მას მერე, რაც ცნობილი გახდა, რომ კაპელოს სამკლავურის რიო ფერდინანდისთვის ჩამორთმევა და ჯონ ტერისთვის დაბრუნება სურს, ყველა ელოდა, რომ ის მანჩესტერში ჩავიდოდა და ფერდინანდს პირადად მოუბოდიშებდა. ასე იყო კიდეც გამოცხადებული. ამბობდნენ, რომ მანჩესტერში ჩასვლა თავად კაპელომ დაგეგმა - მით უფრო რომ ჩინებული საბაბი
შეგახსენებთ, რომ ამ ისტორიაში ბალდინიმაც ერთობ უცნაური როლი ითამაშა. როგორც კი კაპელომ ტერისთვის კაპიტნობის დაბრუნების სურვილი გაამჟღავნა, ფერდინანდმა სწორედ ბალდინის დაურეკა. მწვრთნელის ასისტენტმა მცველს უპასუხა, რომ ტერის კაპიტნობა ერთმატჩიანი იქნებოდა და 26 მარტის ანუ უელსში თამაშის შემდეგ სამკლავური მას დაუბრუნდებოდა. ეს რომ ტყუილი იყო, მეორე დღესვე გაირკვა - კაპელომ განაცხადა, რომ მას ერთმატჩიანი კაპიტანი არ სჭირდება და გუნდის ბუნებრივ ლიდერად ტერი მიაჩნია.
როგორც ტაბლოიდები წერენ, "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "მარსელის" თამაშის შემდეგ ფერდინანდმა "ოლდ ტრეფორდი" გაწბილებულმა დატოვა. მას დარჩა მწარე შეგრძნება, რომ მოატყუეს და შეურაცხყოფა მიაყენეს. ერთ-ერთ წყაროზე დაყრდნობით "სანმა" დაწერა:
"რიო ვეღარ მიხვდა, რა ხდება მათ თავს. კაპელომ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ამიერიდან ნაკრების კაპიტანი ტერი იქნება, მაგრამ არ ეყო ვაჟკაცობა, ფერდინანდთან მისულიყო და ეს პირში ეთქვა. გამოდის, რომ თუ გაზეთში წაკითხულს და ტელევიზიით მოსმენილს არ ჩავთვლით, რიომ ოფიციალურად არც კი იცის, ისევ კაპიტანია, თუ სამკლავური სხვასთან გადადის. ასე მოქცევა ადამიანთან, რომელიც წლების განმავლობაში ნაკრებს ერთგულად ემსახურებოდა, არაფრით შეიძლებოდა. ეს სრული უპატივცემულობის გამოხატვა იყო".
ბუნებრივია მკითხველს გაუჩნდება კითხვა, რატომ ვერ შეხვდნენ მწვრთნელი და ფეხბურთელი ერთმანეთს "ოლდ ტრეფორდზე" - ფერდინანდი ხომ ტრავმის გამო არ თამაშობდა და ასეთ დროს კლუბის თანამშრომლები, სტუმრები და სხვა "საშვიანები" ერთ-ორ მეზობელ სექტორში ნაწილდებიან ხოლმე. ტაბლოიდები პასუხს ამაზეც იძლევიან და წერენ, რომ კაპელო თამაშს თვალს "დირექტორების ლოჟიდან" ადევნებდა, ფერდინანდი კი სტადიონის გადაღმა ტრიბუნაზე იჯდა.
ინგლისურმა პრესამ ისიც შეიტყო, რომ რიო ფერდინანდს ინგლისის ნაკრების ბევრმა ფეხბურთელმა მესიჯი მისწერა. ერთ-ერთში, მაგალითად, ეწერა: "მინდა დავადასტურო შენდამი დიდი პატივისცემა. შენნაირ ადამიანებს ასე არ უნდა ექცეოდნენ".