"აშკარაა, რომ "ასტონ ვილა" პრემიერლიგის ოთხეულში ვერაფრით მოხვდება, ეშლიმ კი კარგად იცის - 2012 წლის ევროპის ჩემპიონატზე სათამაშოდ ნაკრებში ადგილის დამკვიდრება არის საჭირო. ეს მხოლოდ რომელიმე ძლიერ გუნდში გადასვლით არის შესაძლებელი. მას ძალიან უყვარს "ვილა" და ბირმინგემელი ფანები, მაგრამ ზაფხულზე მათგან წავა".
მოგეხსენებათ, "ასტონ ვილა" ახალი წლის შემდეგ შესანიშნავად ათამაშდა, რაშიც უდიდესი წვლილი ეშლი იანგს მიუძღვის. ის 25 წლისაა და ბირმინგემის კლუბთან კონტრაქტი კიდევ ერთი წლით თანამშრომლობას ავალდებულებს. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ "ვილამ" გარემარბი ამ ზაფხულსვე არ გაყიდა, გაისად ამ დროს მას ხელშეკრულების ვადა ამოეწურება და თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს ბირმინგემს. ეს გუნდის მწვრთნელმა ჟერარ ულიემ, რასაკვირველია, ძალიან კარგად იცის, მაგრამ იმასაც ხვდება, რომ დღეს პრემიერლიგაში მისი კოზირი სწორედ იანგია. ფრანგმა მწვრთნელმა იანვარში პირდაპირი ტექსტით თქვა კიდეც, მის ახლა გაყიდვას მიჯობს კონტრაქტის ვადა ბოლომდე ამოვაწურინო და ისე გავუშვაო. ეს კომერციული თვალსაზრისით, რასაკვირველია, დაუშვებელია.
"ასტონ ვილას" იანგის წასვლაზე ლაპარაკი დღეს ნამდვილად არ აძლევდა ხელს. საქმე ის არის, რომ კლუბმა საკუთარი მცველები რიჩარდ დანი და ჯეიმს კოლინზი დასაჯა. მიზეზი: ამ წყვილმა შეკრებაზე ვარჯიშს სმა შეუთავსა. საქმის განხილვას ფეხბურთელების აგენტებიც ესწრებოდნენ. იქვე იყვნენ პრეოფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციის ანუ მოთამაშეთა პროფკავშირის წარმომადგენლებიც.
როგორ დასაჯეს დანი და კოლინზი? დანის 120 ათასი ფუნტი დაუქვითეს, ხოლო კოლინზს 90 ათასი. ეს ამ ბიჭების ორი კვირის გასამრჯელოა.