ქეროლი სანდერლენდს უნდოდა

AutoSharing Option

"სანდერლენდის" თავკაცმა სტივ ბრუსმა განაცხადა, რომ ერთი ხნის წინ "ნიუკასლისგან" კინაღამ ენდი ქეროლი იყიდა. თუმცა, ბრუსის მონაყოლში მთავარი ის კი არ არის, რომ "სანდერლენდი" ქეროლს ყიდულობდა, არამედ ის თუ რა თანხა უჯდებოდა დღეს უკვე "ლივერპულის" ფორვარდი: ბრუსი "კაჭკაჭებს", თურმე, 4,5 მილიონ ფუნტს უხდიდა.

სტივ ბრუსს ქეროლი პირველად ორი წლის წინ მოეწონა: იმ დღეს "ნიუკასლი" მის მაშინდელ გუნდს, "უიგანს" ხვდებოდა. ახალგაზრდა თავდამსხმელი მოედანზე მოგვიანებით შევიდა და ყველაფერი ყირაზე დააყენა. მეტოქის ფორვარდით აღფრთოვანებულმა მწვრთნელმა "კაჭკაჭთა" იმდროინდელ თავკაც ჯო კინეაარს ჩამოუგდო მის შესახებ
სიტყვა და კინეაარმა 4,5 მილიონი ფუნტი მოსთხოვა. ცნობისთვის, 2011-ის იანვარში, "ნიუკასლმა" ქეროლი "ლივერპულს" 35 მილიონ ფუნტად მიჰყიდა.

ეს ამბავი კი ინგლისში იმიტომ გაახსენდათ, რომ კვირას "ლივერპული" სწორედ "სანდერლენდს" ხვდება. ამ შეხვედრაში ქეროლს, სავარაუდოდ, "წითლების" სასტარტო შემადგენლობაში ვიხილავთ — ეს მისი სრულყოფილი დებიუტი იქნება ახალ გუნდში.
"ის რომ თავიდანვე ათამაშებენ მასაც გამოცდის წინაშე აყენებს და ჩვენც — თქვა ბრუსმა — იმედი მაქვს, ქეროლის უგოლო პერიოდი ერთი თამაშით მეტხანს გაგრძელდება. მას რომ ვუყურებ ჩემი ფეხბურთელობის წლები მახსენდება, როდესაც ჯო ჯორდანის ტიპის ფორვარდებს ვეთამაშებოდი. ჯორდანი კლასიკური ბრიტანული ყაიდის მეცხრე ნომერი გახლდათ. კიდევ, ქეროლი დანკან ფერგიუსონს მაგონებს საუკეთესო წლებში. ენდის ერთი გამორჩეული თვისება აქვს, მაღლა ახტომა შეუძლია და კოორდინირებულია.
"უიგანის" მწვრთნელი რომ ვიყავი ის ჩვენს წინააღმდეგ მოედანზე თამაშის დამთავრებამდე 10 წუთით ადრე შევიდა და გოლი გაგვიტანა. მეორე დღესვე დავრეკე ნიუკასლში, ეგ ბიჭი მომყიდეთ, მეთქი. 4,5 მილიონი დამიფასეს. ქეროლის ყიდვა ძალიან მინდონა, მაგრამ "უიგანმა" 2,5 მილიონზე მეტის გამოყოფა ვერ შეძლო".

ტრავმები ტოტენჰემში

"ტოტენჰემის" დიდებული სეზონი ორმა ტრავმამ რისკის ქვეშ დააყენა: მცველი უილიამ გალასი შეიძლება ერთი თვით გამოაკლდეს გუნდს, ნახევარმცველი უილსონ პალასიოსი კი ორთავა კუნთის ოპერაციამ სამი ან ოთხი კვირით დასვა ტრიბუნაზე.
33 წლის ფრანგმა ვარსკვლავმა გალასმა ფეხი სამშაბათის ვარჯიშზე იტკინა და დაუყოვნებლივ გადაიღო ნატკენ ადგილზე სურათი. "დეზების" თავკაცმა ჰარი რედნაპმა თქვა: "უილიამის ამბავი არ მომეწონა. მან ფეხი იტკინა, ჩვენ სურათი გადავიღეთ და ახლა უნდა დაველოდოთ. ერთი ხნის შემდეგ გამოჩნდება რამდენად სერიოზულია მისი ტრავმა. გალასი "სფურზისთვის" ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და თუ მას დიდი ხნით მოუწევს მოედანს მიღმა დარჩენა, ეს ჩვენთვის სერიოზული დარტყმა იქნება".

სხვათა შორის, იმავე ვარჯიშზე კოჭში ფეხი მოხვდა გარეთ ბეილსაც, რომელმაც თავის დასაზღვევად ვარჯიში დაუყოვნებლივ შეწყვიტა. "ტოტენჰემის" ექიმებმა მისი მდგომარება მყისვე შეისწავლეს და დაასკვნეს, რომ უელსელი ვარსკვლავი "ვესტ ჰემთან" შეხვედრისთვის მზად იქნება. "ტოტენჰემი" და "ვესტ ჰემი" ერთმანეთს შაბათს, თბილისის დროით 16 საათსა და 45 წუთზე თამაშობენ.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული