ფულჰემი და მაიკლ ჯეკსონი

AutoSharing Option

3 აპრილს „ფულჰემის“ სტადიონ „კრეივენ კოტეჯზე“ მაიკლ ჯეკსონის ნატურალური ზომის, ფერად ქანდაკებას გახსნიან. ეს ინიციატივა ლონდონური კლუბის მეპატრონეს მოჰამედ ალ ფაედს ეკუთვნის. ალ ფაედი 2009 წელს გარდაცვლილ პოპ-ვარსკვლავთან მეგობრობდა.
ქანდაკება მდინარე ტემზას გადაჰყურებს. ის სანაპიროსა და სტადიონის ჰემერსმიტის ტრიბუნის შორის თითის წვერებზე დგას — ფულჰემში ამას ჯეკსონის ლეგენდარული პოზა უწოდეს. ქანდაკებას შავი ტყავის შარვალი და ბრწყინვალე ქურთუკი ეცმება.

თავიდან ალ ფაედს ჯეკსონის ძეგლის დადგმა „ჰეროდსის“ წინ უნდოდა — „ჰეროდსი“ დიდი სავაჭრო ცენტრია ლონდონში — მაგრამ მას მერე, რაც ის გაყიდა,
საუკეთესო ადგილად „კრეივენ კოტეჯი“ მიიჩნია. „ფულჰემის“ მეპატრონემ თქვა:

„დღეს სიტყვა ლეგენდას ძალიან ხშირად იყენებენ. ცდილობენ ამ სიტყვით ესა თუ ის ვარსკვლავი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახადონ. აი, მაიკლ ჯეკსონი კი ნამდვილი ლეგენდაა ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. გარდა ამისა ის ჩემი მეგობარი იყო. მასთან ბევრი კარგი მოგონება მაკავშირებს და გული მწყდება, რომ ის ასე უდროოდ გარდაიცვალა“.

საინტერესოა, რომ პრეზიდენტის აზრი „ფულჰემის“ ერთ-ერთი გამორჩეული ფანის, გულშემატკივართა ვებ-გვერდის ავტორ დევიდ ლოიდის აზრს არ ემთხვევა. ლოიდი წერს:

„ჩემთვის რომ ეკითხათ მინდა თუ არა „კრეივენ კოტეჯზე“ მაიკლ ჯეკსონის ძეგლი რომ იდგეს, არას ვუპასუხებდი. სხვა საქმეა, რომ ჩვენ, „ფულჰემის“ ფანები პრეზიდენტს ძალიან დიდ პატივს ვცემთ და თუ მას ამ ძეგლის დადგმა ძალიან სურს, დაე იყოს ასე“.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული