რუნი "მანჩესტერში" დარჩება

AutoSharing Option
მიუხედავად იმისა, რომ შემოდგომაზე უეინ რუნიმ „მანჩესტერ იუნაიტედთან“ ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი, წამითაც არ დამცხრალა ჭორები, რომ მას გუნდიდან წასვლა უნდა. ჭორებზე ფეხბურთელის პასუხი ასეთი იყო - ის შესანიშნავად ათამაშდა.

შეგახსენებთ, რომ რუნისა და იუნაიტედის კრიზისი ოქტომბერში დაიწყო. მაშინ ყველაფერი იმას მიუთითებდა, რომ თავდამსხმელი სადაც იყო დატოვებდა სერ ალექს ფერგიუსონის გუნდს. ფორვარდი ამბობდა, რომ „იუნაიტედი“ მის ამბიციებს ვეღარ აკმაყოფილებდა. ლაპარაკობდნენ „რეალზე“ და „მანჩესტერ სიტიზეც“ კი. თუმცა ამის შემდეგ ვარსკვლავმა და კლუბის ხელმძღვანელებმა საერთო ენა გამონახეს - რუნის ხელფასი კვირაში 250
ათას ფუნტამდე გაეზარდა და ხუთწლიანი კონტრაქტიც გაფორმდა.

და მაინც, ამის მიუხედავად, არ ცხრებოდა ხმები, რომ ფორვარდი ზაფხულში „ოლდ ტრეფორდს“ დატოვებდა. ამბობდნენ, რომ ხსენებული ხუთწლიანი კონტრაქტი იმიტომ გაფორმდა, რომ „იუნაიტედმა“ უფრო სარფიანად ივაჭროს.

„ასეთი სისულელე ცხოვრებაში არ მსმენია, - თქვა „მარსელთან“ თამაშის შემდეგ რუნიმ. - სერ ალექსთან საუცხოო ურთიერთობა მაქვს და „მანჩესტერ იუნაიტედში“ თამაშიც დიდ სიამოვნებას მანიჭებს. ზაფხულში წასვლას რომ ვაპირებდე ახალ კონტრაქტს არ გავაფორმებდი. მინდა ახალ ხელშეკრულებაში აღნიშნული ხუთი წელიწადი „ოლდ ტრეფორდზე“ გავატარო. „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ მხოლოდ იმ შემთხვევაში წავალ თუ მოვბეზრდებით და გამაგდებენ. ყოველ შემთხვევაში ოცდაათ წელს ამ გუნდის შემადგენლობაში რომ გადავცდები, ფაქტია“. შეგახსენებთ, რომ რუნი 25 წლისაა.





.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული