შირერი გაბრაზდა

AutoSharing Option
მოგეხსენებათ, ბოლო დღეებში ინგლისის ნაკრების კაპიტნობის გამო დიდი ამბავი ატყდა. ფაბიო კაპელომ გამოაცხადა, რომ სამკლავურის რიო ფერდინანდისთვის ჩამორთმევა და ჯონ ტერისთვის დაბრუნება უნდა. ამან ფერდინანდი გაანაწყენა. შეშფოთებულმა მწვრთნელის მარჯვენა ხელს ფრანკო ბალდინის დაურეკა, რომელმაც მოატყუა, ტერის სამკლავურს მხოლოდ ერთი თამაშით ვუბრუნებთო. ეს რომ ტყუილი იყო მეორე დღესვე გაირკვა, როდესაც კაპელომ თავისი პირით თქვა, ტერი გუნდის ნამდვილი ლიდერია და დროებით კი არა, მუდმივად მჭირდებაო. ყველაზე საინტერესო კი ის იყო, რომ ფერდინანდმა სამკლავურის ჩამორთმევის ამბავი გაზეთებიდან შეიტყო. კაპელო და ბალდინი მანჩესტერშიც იყვნენ
ჩასულები, მაგრამ ვეტერანს არ შეხვედრიან.

ამ ისტორიამ ინგლისის ნაკრების ვეტერანი ფორვარდი ალან შირერი გააბრაზა. მან თქვა:

"მწვრთნელის ასეთი საქციელი რიოზე ძალიან იმოქმედებს. მას ეს დამოკიდებულება არ მოეწონება, შეურაცხყოფილი დარჩება. გასაგებია, რომ ის დაშავებულია და გუნდს ჯერჯერობით მაინც ვერ გაუძღვებოდა, მაგრამ კაცს ასე არ უნდა მოექცე.

დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფრის მიუხედავად ფერდინანდი მწვრთნელის გადაწყვეტილებას პატივს სცემს, ოღონდ ეს ცალკე თემაა. ფაქტია, რომ კაპელოს საქმე ასე არ უნდა მიჰყავდეს. თუ კაპიტნის შეცვლა უნდოდა მას უპირველეს ყოვლისა ამის შესახებ რიოსთან უნდა ელაპარაკა".

ეს ინტერვიუ შირერმა ტელეკომპანია "ალ ჯაზირას" მისცა სადაც ისიც კი თქვა, რომ ტერისთვის კაპიტნობა საერთოდ არ უნდა ჩამოერთმიათ:

"ვფიქრობ, პირველი შეცდომა ტერისთვის სამკლავურის ჩამორთმევა იყო. მესმის, რომ ჯობს ინგლისის ნაკრების კაპიტანი მოედანზე და მის გარეთაც სამაგალითო პიროვნება იყოს, მაგრამ სკანდალს, რომლის გამოც ტერი დასაჯეს მისი თამაშის ხარისხზე არ უმოქმედია".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული