30-ე ტურში „იუნაიტედი“ „ბოლტონს მასპინძლობს. მიმომხილველები წერენ, რომ ეს შეიძლება ფეხბურთის ასოციაციის თასის ფინალის რეპეტიციაც კი იყოს. შეგახსენებთ: ასოციაციის თასზე, ერთ ნახევარფინალში მანჩესტერული დერბია, ხოლო მეორეში „ბოლტონი“ და „სტოკი“ ხვდებიან ერთმანეთს. თუმცა თასს თავი დავანებოთ, რადგან დღეს
„მან ფიზიკურად მოუმატა და ახლა უკვე შეუძლია 90 წუთის განმავლობაში თამაში - თქვა ფერგიუსონმა - ჩვენ ჩიჩარიტოს სისწრაფე და პოზიციის მუდმივი ძიება ძალიან დიდ საქმეს გვიკეთებს. მეტოქეებისთვის ის ნამდვილი პრობლემაა. თუ დააკვირდით, „მარსელის“ კარში პირველი გოლი რომ გაიტანა პოზიცია საოცრად შეარჩია“.
„ბოლტონთან“ გამარჯვებამ „იუნაიტედს“ შეიძლება სერიოზული უპირატესობა მიანიჭოს. საქმე ის გახლავთ, რომ მისი მდევარი „არსენალი“ ბოლოხანს ნირწამხდარია და დღეს სახიფათო ზონაში მოტრიალე „ვესტ ბრონვიჩს“ სტუმრობს. ჩახედეთ ცხრილს, წაგების შემთხვევაში „ვესტ ბრომვიჩმა“ შესაძლოა გასავარდნ სამეულშიც კი ამოჰყოს თავი, ასე რომ „არსენალს“ გვარიანი წინააღმდეგობა ელის.
„მეთოფეებს“ რომ ცუდი პერიოდი უდგათ, მეკარის პრობლემიდანაც კარგად ჩანს. მოგეხსენებათ, ლონდონელებს 41 წლის იენს ლემანის ფეხბურთში დაბრუნება დასჭირდათ. მიზეზი: ლუკაშ ფაბიანსკი და ვოიცეხ შჩესნი დაშავდნენ და სეზონის ბოლომდე ვერ ითამაშებენ, ვიტო მანონე „ჰალ სიტიში“ ჰყავთ გაქირავებული, 19 წლის ჯეიმს შეი კი მეტისმეტად გამოუცდელია. ერთი სიტყვით, გუნდი ახალგამოჯანმრთელებული მანუელ ალმუნიას ამარა რჩებოდა.
მწვრთნელმა არსენ ვენგერმა თქვა: „იენს ლემანი ჩვენთვის მოკლე ვადით დიდებული შენაძენია და სეზონის დასრულებამდე დიდ საქმეს გაგვიკეთებს. ის ალმუნიას საიმედო დამზღვევის ფუნქციას შეასრულებს. იენსმა ჩვენი კლუბი ხუთი თითივით იცის და ბიჭებზეც დადებით გავლენას იქონიებს“.
„არსენალის“ თავს დატეხილი ცუდი ამბებიდან კიდევ აღსანიშნავია, რომ ამ სეზონში ტომას ვერმაელენი ვეღარ დაუბრუნდება მოედანს, არადა მეთოფეებს ბელგიელის მწყობრში ჩადგომის იმედი ჰქონდათ. ვერმაელენი დიდი ხანია აქილევსის მყესს მკურნალობს, თუმცა, როგორც ბოლო დღეებში გაირკვა ამ მკურნალობას დასასრული ჯერ არ უჩანს. უეფამ კი ჩრდილოლონდონელთა ცუდ პერიოდს „მარილი მოაყარა“ - ვენგერსა და სამირ ნასრის ჩემპიონთა ლიგაში თითომატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცა. კიდევ, „არსენალის“ მწვრთნელი 10 ათასი ევროთიც დააჯარიმეს.
„საერთოდ არ მაინტერესებს რას ამბობს უეფა - იხტიბარი არ გაიტეხა ვენგერმა - საკუთარ უდანაშაულობაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ და ვიცი, რომ ტყუილად დამსაჯეს. მე ვთხოვე, ჩემი საქმე პერსონალურად განიხილეთ, მეთქი, მაგრამ უარი მითხრეს. ჩემი პოზიციის გამოხატვის საშუალებაც კი არ მომცეს“.
სხვა თამაშებიდან საყურადღებო „ჩელსისა“ და „მანჩესტერ სიტის“ საკვირაო დაპირისპირებაა. ეს თამაში „სტემფორდ ბრიჯზე“ გაიმართება და 30-ე ტურს დაასრულებს. თუ მასპინძლები გაიმარჯვებენ, სტუმრებს ცხრილში ადგილს გაუცვლიან და მესამე ადგილზე გადავლენ, რაც მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ცნობისთვის: ინგლისის ჩემპიონი სამეულში უკვე სამი თვეა არ ყოფილა.
პრემიერლიგის ცხრილზე თვალსაჩინო გავლენა შეიძლება კიდევ ერთმა შეხვედრამ იქონიოს. ეს გახლავთ ტურის პირველი შეხვედრა ლონდონის გუნდებს „ტოტენჰემსა“ და „ვესტ ჰემს“ შორის. ერთი ზევით, ლიდერებისკენ მიილტვის, მეორე კი ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის. „ტოტენჰემმა“ აუცილებლად უნდა მოიგოს ოთხეულში მოხვედრის იმედი რომ შეინარჩუნოს, თუმცა კარგი შედეგი „ვესტ ჰემისთვისაც“ აუცილებელია.
ამრიგად, დღეს და ხვალ შესაძლოა კიდევ ერთხელ გამოიკვეთოს „მანჩესტერ იუნაიტედის“ უცნაური სეზონის სახე: საკლუბო რეკორდი დაამყარა, ზედიზედ 29 თამაში არ წააგო და... შემდეგ „ვულვერჰემპტონთან“ დამარცხდა; ბოლო ორი თამაში წააგო, კაცმა რომ თქვას კარგადაც ვერ თამაშობს, მაგრამ დეკემბრის შუიდან მოყოლებული ლიდერის პოზიცია უკავია და ცხრილის სათავიდან ძვრა ვერავინ უყო. სავარაუდოდ, ფერგისონის გუნდი არც ამ ტურში გაუშვებს შანსს ხელიდან, მწვრთნელი თუგინდ ტრიბუნაზე გადაუსვან და თუგინდ ტელევიზორთან.
დღეს
ტოტენჰემი-ვესტ ჰემი 16:45
ტრავმა: პალასიოსი, ვუდგეიტი, ჩორლუკა, კინგი, ჰადლსტოუნი - სტანისლასი, კოლისონი, კურუჟი
ასტონ ვილა-ვულვერჰემპტონი 19:00
დისკვალიფიკაცია: კლარკი - სპრეი
ტრავმა: კუელიარი, უაიმანი, ლ. იანგი, კოლინზი, რ. დანი - მენსიენი, მოუიოკოლო, ნაითლი
ბლექბერნი-ბლექპული 19:00
დისკვალიფიკაცია: ჟივე - დ. კემპბელი
ტრავმა: დ. დანი, ჯონსი - კემპბელი, ტეილორ-ფლეტჩერი, რაჩუბკა, გილკსი, ბეშემი, ბ. კლარკი
მანჩესტერ იუნაიტედი-ბოლტონი 19:00
დისკვალიფიკაცია: ბრეიდი, სქოულზი (მანჩ)
ტრავმა: ვიდიჩი, ოუენი, ანდერსონი, პარკ ჯი-სუნგი, ჰარგრივზი, რ. ფერდინანდი - შ. დევისი, რიკეტსი, ნაითი, სემუელი
სტოკი-ნიუკასლი 19:00
დისკვალიფიკაცია: რ. ტეილორი (ნიუკ)
ტრავმა: ფაიე, სიდიბე - ხონასი, აირლენდი, ბარტონი, სანჩესი, ტეილორი, გოსლინგი, სმიტი ბენ არფა
ვესტ ბრომვიჩი-არსენალი 19:00
ტრავმა: დორანსი, იბანიესი - ჯურუ, შჩესნი, ფაბრეგასი, სონგი, უოლკოტი, ფაბიანსკი, ვერმაელენი, ფლიმპონგი
უიგანი-ბირმინგემი 21:30
ტრავმა: ბოისი - ბენტლი, ბოიერი, ფეჰეი, კარი, ველისი, მაკფადენი, გარდნერი, ჰლები, ს. დანი
ევერტონი-ფულჰემი 21:30
ტრავმა: არტეტა, ტ. კეჰილი, ფელაინი - კამარა, სიდუელი, სენდეროსი
ხვალ
სანდერლენდი-ლივერპული 17:30
ტრავმა: ონუოჰა, გორდონი, ზენდენი, მეილერი - ჯერარდი, კელი, აურელიო, აგერი, შილვი
ჩელსი-მანჩესტერ სიტი 20:00
დისკვალიფიკაცია: კ. ტურე (სიტ)
ტრავმა: ალექსი, ბენაიუნი - მილნერი, გივენი, ა. ჯონსონი
თ მ ფ წ ბ ქ
1. მანჩესტერი 29 17 9 3 63-30 60
2. არსენალი 28 17 6 5 57-27 57
3. სიტი 29 15 8 6 45-25 53
4. ჩელსი 28 15 6 7 51-24 51
5. ტოტენჰემი 28 13 9 6 41-34 48
6. ლივერპული 29 12 6 11 39-36 42
7. ბოლტონი 29 10 10 9 42-40 40
8. სანდერლენდი 29 9 11 9 33-35 38
9. ევერტონი 29 8 13 8 38-38 37
10. ნიუკასლი 29 9 9 11 44-41 36
11. ფულჰემი 29 7 14 8 32-31 35
12. სტოკი 29 10 4 15 32-38 34
13. ასტონ ვილა 29 8 9 12 37-50 33
14. ბლექბერნი 29 9 5 15 37-49 32
15. ბლექპული 29 9 5 15 43-58 32
16. ვესტ ბრომვიჩი 29 8 8 13 39-54 32
17. ბირმინგემი 28 6 13 9 27-39 31
18. ვესტ ჰემი 29 7 10 12 36-49 31
19. ვულვზი 29 8 5 16 34-49 29
20. უიგანი 29 5 12 12 27-50 27