მართალი ჯო!

AutoSharing Option
„ტოტენჰემ ჰოთსპურის“ ასისტენტი-მწვრთნელი ჯო ჯორდანი უეფამ ერთი მატჩით დასაჯა. მიზეზი: მას ჯენარო გატუზომ ყელში ხელი წაუჭირა. დაგვეთანხმებით, მეტისმეტად უცნაურად ჟღერს, მაგრამ ინგლისური გაზეთები ჰარი რედნაპის მარჯვენა ხელის დასჯას სწორედ ასე აღიქვამენ. ისინი წერენ, რომ ეს ადამიანი უეფამ დასაჯა რადგან... მას ვიღაც თავს დაესხა. „ლელოს“ მკითხველს კარგად ახსოვს „სან სიროზე“ დატრიალებული ამბები. „დეილი მეილი“ წერს, რომ „სფურზისთვის“ ეს იყო პირველი მეოთხედფინალი ჩემპიონთა ლიგაში და ინციდენტები, რომლებიც მისი მსვლელობისას დატრიალდა, ჯორდანს არ გამოუწვევია. 1980-იანი წლების შოტლანდიელი ფორვარდი სრულიად უდანაშაულო იყო, მაგრამ... ერთი
სიტყვით, ჯორდანი შემდეგ შეხვედრას გამოტოვებს, დისკვალიფიკაცია კი უეფას განმარტებით მხოლოდ მოედნის კიდიდან ტრიბუნაზე გადაჯდომას კი არ ნიშნავს. ევროპულად დისკვალიფიკაცია იმასაც ნიშნავს, რომ ჯორდანი ვერც გასახდელში ჩავა და შეხვედრის მსვლელობისას თანამშრომელთაგანაც ვერავის დაურეკავს.

ჰარი რედნაპმა აღშფოთება ვერ დამალა: „ეს ნამდვილი სკანდალია. მეტიც, ეს სიგიჟეა. რისი გულისთვის დასაჯეს ჯორდანი? ის დაზაფრულია. მას სასჯელი არ დაუმსახურებია. დაჯერებაც კი მიჭირს.

რასაკვირველია, მე მისი გვერდში დგომა დამაკლდება. ყოველთვის კარგია, როდესაც მხარში ვიღაც გიდგას.“

ჯენარო გატუზო ჯორდანზე შეტევისთვის, მოგეხსენებათ, ოთხთამაშიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს. ფეხბურთელი ამტკიცებდა, რომ „სფურზის“ მწვრთნელის თანაშემწემ მას „იტალიელი ნაბიჭვარი“ უწოდა, თუმცა ჯორდანი, რომელიც თავად გახლდათ „მილანის“ ფეხბურთელი და ბევრი იტალიელი მეგობარი ჰყავს, ამბობს, რომ ეს ტყუილია.

რედნაპმა დასძინა: „ჯო სრულიად უდანაშაულოა. მას ეროვნული შეურაცხყოფა არავისთვის მიუყენებია და ყველა ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს.“

და მაინც, რამ გამოიყვანა გატუზო წყობიდან? რამდენადაც „დეილი მეილმა“ გამოჩხრიკა მან გატუზოს უხეში ტერმინის გამოყენებით „წადი აქედან“ უთხრა. „ტოტენჰემს“ აპელაციის შესატანად სამი დღე აქვს.

უეფას სადისციპლინო კომიტეტმა „არსენალის“ მწვრთნელი არსენ ვენგერი და ფეხბურთელი სამირ ნასრიც დასაჯა. ამ შემთხვევაში მიზეზი „ბარსელონასა“ და „არსენალის“ შეხვედრის მსაჯ მასიმო ბუსაკას გალანძღვა იყო. მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალურ შეხვედრაში ბუსაკამ მოედნიდან „მეთოფეთა“ თავდამსხმელი რობინ ვან პერსი გააგდო. ვენგერს და ნასრის ჩემპიონთა ლიგის შემდეგი შეხვედრის გამოტოვება მოუწევთ. ვენგერს ფულადი ჯარიმა, 10 000 ევროს გადახდაც დააკისრეს.

ვენგერმა თქვა: „ვიცოდი, რომ დამსჯიდნენ, რადგან ისინი ასეთ კრებებს მხოლოდ ვინმეს დასასჯელად ატარებენ.“





.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული