ნამდვილი კაპიტნის დაბრუნება

AutoSharing Option
ჯონ ტერიმ ფაბიო კაპელოს მადლობა გადაუხადა - იტალიელმა მწვრთნელმა 30 წლის მცველს ინგლისის ნაკრების კაპიტნის სამკლავური დაუბრუნა. მან თქვა: „გულის სიღრმეში ყოველთვის ვიმედოვნებდი, რომ ერთ მშვენიერ დღეს ისევ გავუძღვებოდი ჩემი ქვეყნის ნაკრებს“.

შაბათს ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის შესარჩევი შეხვედრაა - ინგლისის ნაკრები კარდიფში უელსისას სტუმრობს, რიო ფერდინანდი და სტივენ ჯერარდი კი დაშავებულები არიან. სწორედ ამიტომ დასჭირდა კაპელოს კაპიტნის პრობლემის გადაწყვეტა და დროებით გამოსავალს საკითხის ერთხლ და სამუდამოდ მოგვარება ამჯობინა. შეგახსენებთ, რომ ერთი წელი გავიდა მას მერე, რაც ტერის თანაგუნდელის ცოლთან
გახმაურებული რომანის გამო სამკლავური ჩამოართვეს.

„ინგლისის ნაკრების გამარჯვებისთვის რაც საჭირო იქნება და რასაც მწვრთნელი მთხოვს ყველაფერს გავაკეთებ - თქვა ტერიმ გაზეთ „სანისთვის“ მიცემულ ინტერვიუში, რომელშიც ამ საკითხზე პირველად ილაპარაკა - უელსის დამარცხება ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ კარდიფში სერიოზული მატჩი გველის და ყველამ ყველაფერი უნდა გავიღოთ.

კაპიტნობის ჩამორთმევა იოლად გადავიტანე, რადგან ვხედავდი, რომ კაპელო მაინც მენდობოდა, მაგრამ გულის სიღრმეში სულ ვიმედოვნებდი, რომ ადრე თუ გვიან, ისევ გავიკეთებდი სამკლავურს. იმ დღეს, „უემბლიზე“, როდესაც მწვრთნელმა მითხრა, რომ მე ნაკრებს აღარ ვუკაპიტნებდი, მის გადაწყვეტილებას, მიუხედავად იმისა, რომ არ ვეთანხმებოდი, გაგებით შევხვდი. კაპელოს და მის ასისტენტ ფრანკო ბალდინის ხელი ჩამოვართვი და ვუთხარი, რომ ნაკრებისთვის ძალ-ღონეს არ დავიშურებდი. კაპელომ მიპასუხა, რომ ასეთ დამოკიდებულებას აფასებს და ჩემგან სხვას არც ელოდა. ჩემი მაშინდელი რეაქციის გამო მას სხვა დროსაც შევუქივარ. მეც დიდ პატივს ვცემ ფაბიო კაპელოს როგორც მწვრთნელს, ხელმძღვანელს და ადამიანს“.

საინტერესოა, რომ ტერისთვის სამკლავურის დაბრუნებას მხარი ლეგენდარულმა მეკარე პიტერ შილტონმაც დაუჭირა. შილტონი, მოგეხსენებათ, ის ფეხბურთელია, რომელსაც ინგლისის ნაკრებში ყველაზე მეტი, 125 თამაში აქვს ჩატარებული. მათგან თხუთმეტში ის კაპიტანი იყო.

„ტერის პირად ცხოვრებას და მეგობრის ცოლთან რომანის გაბმას არ ვამართლებ, მაგრამ ნაკრებთან მას არაფერი შეშლია. გუნდს თითოეული ფეხბურთელისგან მაქსიმუმი სჭირდება და თუ ასეა სამკალვური მის ბუნებრივ ლიდერს უნდა ეკეთოს. რიო ფერდინანდს დიდ ბოდიშს ვუხდი, მაგრამ, როგორც კაპიტანი მასზე წინ მეც ტერის დავაყენებდი“.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული